კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აქ ქალები უუფლებოები და ბრმები არიან“...

30 მაისი, 2007

sofelib.gif

სამი ქალის, ერთ შეხედვით, ჩვეულებრივი ამბები ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში მოვისმინეთ. აქ შრომას მიჩვეული ქალები, ცხოვრების სიმძიმეზე არ საუბრობენ, უბრალოდ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყვებიან თავიანთ ყოველდღიურ ყოფას.

სოფელ ჯიგრაშენის შესასვლელში ნახევრად ჩამონგრეულის სახლი დგას. სახლის უკანა ეზოში ქალი მუშაობს, ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილი წივა გასახმობად მზეზე გამოაქვს. ერთი ნედლი წივის წონა დაახლოებით სამი კილოა, ქალს ასეთი ათასი ცალი წივა მაინც აქვს გადმოსაწყობი. წივის სიმძიმეს აუტანელი სიცხეც ემატება. ქალი თავაუწევლად მუშაობს. ძაღლის გაბმულ ყეფაზე მაღლა ამოიხედა.  დაკოჟრილი ხელები წინსაფარში დამალა და მოგვიახლოვდა.

დარეჯან ეზეკიანი მარტოხელა დედაა, ის 40 წლისაა.

,,სახლში მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ, ქმარი უკვე რამდენიმე წელიწადია მოსკოვშია წასული. ფულს ვერ გვიგზავნის, არ მაქვსო მეუბნება. ძროხა მყავს, რძე მაქვს და თავიც გაგვაქვს,” -ამბობს ის.

დუხობორთა სოფლებში წივას მამაკაცები აკეთებენ. აქ კი ამ მძიმე საქმეს დარეჯან ეზეკიანი შეჭიდებია.

- ძნელი არ არის წივის გაკეთება? - ადვილი რატო იქნება! ჯერ ერთი რომ ნაკელში გაქვს ხელი, მერე ყუთში უნდა დატენო, მერე ამოიღო და კიდევ ათასი საწვალებელი რაღაც ჭირდება. კაცი წასულია, თავს უვლის. ჩვენ კი ოჯახის მოვლა გვევალება,” - დაღლილი და გაღიზიანებული კილოთი გაგვცა პასუხი დარეჯან ეზეკიანმა.  

44 წლის კარინე ოგანესიანიც სოფელ ჯიგრაშენის მკვიდრია. ისიც მარტოხელა დედაა და სახლში მოხუცი მშობლები, ვაჟი, რძალი და შვილიშვილი ჰყავს.

ოგანესიანების ოჯახში კარინეს გარდა არავინ მუშაობს, მისი 120 ლარიანი ხელფასი კი თვის განმავლობაში პურისა და პატარა შვილიშვილისათვის ბურღულეულისა და შაქრის ყიდვას სჭირდება.

,,პატარას ბევრი რამე სჭირდება, ტკბილი ,,მანიქაში” ხო მაინც უნდა აჭამო,” - ამბობს კარინე ოგანესიანი.

კარინე სოფლის ფერმაში მწველავად მუშაობს. ,,დღეში ოც ძროხას ვწველი. ძნელი არ არის, ყველაფერი მიჩვევაზეა. ადრე მიჭირდა, მაგრამ სხვა საშველი არ იყო და  გავძელი. სახლში  მარტო მე ვმუშაობ, ამიტომაც ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვარ,” - ამბობს კარინე ოგანესიანი.
    
სოფელი ჯიგრაშენი ნინოწმინდის რაიონიდან 5-6 კილომეტრით არის დაშორებული. ამ სოფლის მაცხოვრებლებს ცენტრალურ გზამდე სამი კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

მაქტაღინ პოღოსიანი ექვსი თვის ფეხმძიმეა, ტყუპებს ელოდება, ამიტომაც მისთვის ცენტრამდე ჩასასვლელი სოფლის სამკილომეტრიანი გზა ას კილომეტრიანი ხდება. მის  ოჯახს მანქანა არ აქვს, სოფელში კი ავტობუსი არ დადის.

,,ნინოწმინდაში ექიმთან აუცილებლად უნდა ჩავიდე, კარგა ხანია უკვე აღარ ვყოფილვარ და ბავშვების მდგომარეობა მაინტერესებს. აქედან ჩასვლა კიდევ არაფერია, მაგრამ აღმართში ამოსვლა ძალიან მიჭირს,” - ამბობს მაქტაღინ პოღოსიანი.   

ნინოწმინდაში ქალთა უფლებებზე მომუშავე არცეთი ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მკვიდრი ოფელია პეტროსიანი სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მან თავდაპირველად ღიმილით გვითხრა რომ მისი ,,ემანსიპირებულობა რუსეთში მიღებულმა განათლებამ განაპირობა”.

,,ქალთა უმრავლესობამ თავინთი უფლებები არ იციან, აქ მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით, თითქმის ყოველ დღე ხდება. პატარა გოგონებს სცხვენიათ და უკან არ ბრუნდებიან. ჩვენი ქალები გაუნათლებლები არიან, მათ არსად არ უსწავლიათ სკოლის გარდა. მეათე და მეთერთმეტე კლასებიდან კი თხოვდებიან და მერე სახლში სხედან. გადაჭარბებით ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ აქ ქალები უუფლებოები და ბრმები არიან.  ოჯახში ისინი მხოლოდ პურის საჭიროებას ხედავენ. ძალადობის შემთხვევაში, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ამის შესახებ პოლიციაში განაცხადონ, სწორედ ამიტომ, აქაურ ქალებს ბევრის ატანა უხდებათ,” - ამბობს ოფელია პეტროსიანი.

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ახალი ამბები