კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისლამური არმია ტერაქტებით გვემუქრება

31 მაისი, 2007

militb.gif

ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში ქართველების მონაწილეობას ერაყის ისლამური არმია აპროტესტებს. რამდენიმე დღის წინ, მათ საქართველოში მუქარის წერილი გამოგზავნეს, რომლის მიხედვით, თუ ქართული მხარე ამერიკელებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, საქართველოში ტერაქტებს მოაწყობენ.    

ციტატა წერილიდან: „პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ამერიკელებთან თანამშრომლობისთვის პასუხად სისხლს მიიღებს. მოგიწოდებთ, არ გაგზავნოთ ერაყში ახალი კონტიგენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევუტევთ თქვენს დანაყოფებს ერაყში. საქართველოში გამოვფენთ ჯიჰადის დროშებს ჩვენი კოალიციის მუსლიმი ძმების დახმარებით. სააკაშვილი და მისი მთავრობა სისხლში დაიხრჩობა ამერიკელებთან თანამშრომლობის გამო“.     

წერილის ადრესატი სხვადასხვაა.  ამანათი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიიღო. წერილი გამოგზავნილია ერაყის ისლამური არმიის სახელით და ხელს აწერს იშმაელ ჯიბური.

ერაყის ისლამური არმის 2003 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობაა ადამიანთა გატაცებები, ტერორისტული აქტები და შანტაჟი. სწორედ მათ გაიტაცეს რამდენიმე თვის წინ იტალიელი და ფრანგი ჟურნალიტები. 

როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ისე უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს პროვიკაციაა, თუმცა, არც იმას უარყოფენ, რომ სერიოზული რისკები არსებობს.

წერილის ერთ-ერთი ადრესატი ოპოზიციონერი ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ წერილის ავტორი დღევანდელი ხელისუფლებაა: „ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საკმაოდ ცუდი რაღაცეები მოხდება. ამ ყველაფერს გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, რამე რომ მოხდეს, საქარველოს მთავრობას თითის გასაშვერი ექნება და იტყვის, რომ ეს ამ წერილის ავტორების ნამოქმედარია“.     
 
წერილს ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ირონიულად აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია. მამუკა კაციტაძის თქმით, ამ წერილით ჩვენ შეგვახსენეს ის, რაც ისედაც უნდა გვცოდნოდა: „ის, რომ ამ ნაბიჯებით გარკვეულ რისკებს ჩავდივართ და გარკვეულწილად კატეგორიულად საწინააღმდეგოდ განვაწყობთ  მეორე მხარეს, ამაში ბუნებრივია, ორი აზრი არ არსებობს. როცა იქ ჩადიხარ კონკრეტული მისიის შესასარულებლად, ბუნებრივია ამ მისიას მოწინააღმდეგე ჰყავს და ის ბუნებრივია მსგავს წერილებს გამოაგზავნის. შესაძელბელია, ქმედებებზეც გადავიდეს. ეს არის მოსალოდნელი და არ უნდა გაგვაკვირვოს. მთავარი ის არის, რომ როცა კონტიგენტს ზრდი, ამ ჭრილში და ამგვარი მუქარების ფონზე უნდა დაინახო კონტიგენტის გაზრდა. საქმე გვაქვს საკმაოდ აგრესიულ მხარესთან, ძალასთან, რომელიც გამორჩეულია თავისი ქმედებებითა და ტერორისტული აქტებით. ამ ჭრილში ამ მომენტის არდანახვა, ელემენტარულად, სიბრმავე იქნება. ამ წერილში განსაკუთრებულ სიახლეს ვერ ვხედავ. ჩვენ შეგვახსენეს ის, რაც ისედაც უნდა გვცოდნოდა.“

წერილში რომ რეალური საფრთხეები არსებობს, ამას დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით,  საკუთარ მიწაზე უცხო დანაყოფის არსებობა არავისთვისაა სასიამოვნო: „რაც შეეხება წერილს, ზოგადად, ეს საფრთხე რომ არსებობს, ამას არავინ უარყოფს. ვის ესიამოვნებოდა, საქართველოში ერაყის სამშვიდობო კონტიგენტის ყოფნა, მითუმეტეს, როცა შენ მას ებრძვი. მე მაგალითად, არავისი ჩექმა არ მესიამოვნებოდა ჩემს მიწაზე. როცა აშშ ამართლებდა ამ სამხედრო ოპერაციებს, მაშინ სულ სხვა მიზნები იყო. ერთი სიტყვით, წერილში რეალური საფრთხეები არსებობს, ასევე არსებობს ერაყის ისლამური არმია, რომელიც გააფრთებით ებრძვის სამშვიდობო კონტიგენტს. მეორეა, რომ ამის გამოგზავნა ნებისმიერს შეუძლია. ადრესატების შერჩევამ ცოტა დამაეჭვა. ცოტათა კომიკური სიტუაციაა.“    
 
მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები მშვიდად არიან, თუმცა, პანიკაშია მოსახლეობა. მათ საქართველოში ტერაქტების დაწყების ეშინიათ. რიგითი თბილისელები ფიქრობენ რომ ტერორისტები ყველაფერზე წამსვლელები არიან და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ლევან დალაქიშვილი, პედაგოგი: „წერილის გამოგზავნის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე. რამდენად დასაჯერებელია, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ საფრთხე არსებობს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე ტერორისტებს ეხება და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციას. სამხედრო საკითხებში საკმაოდ კარგი განათლება მაქვს მიღებული და ამ საკითხზე იუმორით საუბარი არ შეიძლება. ბუნებრივია, რომ ისლამურ არმიას საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ძალის არსებობა არ სიამოვნებს. ამიტომ, ის ყველაფერზე წამსვლელია.“       

წერილს არასერიოზულად აფასებს სამხედრო ექსპერტი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე, თუმცა, დანარჩენი რესპოდენტების მსგავსად, არ უარყოფს, რომ რისკი ნამდვილად არსებობს: „ამ წერილის წარმომავლობა მეეჭვება. ეს უფრო სპეცსამსახურების ნამოქმედარს ჰგავს. ერთი იმით ჰგავს, რომ მისი გამოგზავნა ზუსტად დაემთხვა ერაყში ქართველთა კონტიგენტის გაზრდას. ჩვენი კონტრიბუცია ისედაც დიდია ერაყში და ამიტომ ამგვარი გაფრთხილება ამ ეტაპზე ნამდვილად საეჭვოა, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ისე, სპეცსამსახურების მოქმედების პრაქტიკაში ამგვარი კი არა, ამაზე უარესებიც ხდება და არ გამოვრიცხავ, ეს მათი ნამოქმედარი იყოს. თუ მეორე მხრივ შევაფასებთ, საფრთხე საქართველოსთვის ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან პირველივე დღიდან არსებობს,  როცა საქართველომ 2003 წელს თავისი პირველი 79 კაციანი ქვედანაყოფი გაგზავნა ერაყში. მას შემდეგ კი მათი რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა. ეს საფრთხეები მას შემდეგ ძლიერდება, რაც საქართველოს წინა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ გლობალური ტერორიზმი ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის პატარა ქვეყნისთვის, და ეს არის საქართველოს არჩევანი, იყოს პროგრესული ქვეყნების გვერდით. ქალაქი აკუბა, სადაც საქართველოს ამჟამინდელი კონტიგენტი იმყოფება, ეს არის სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირების ადგილი და ძალიან საფრთხილო და სახიფათო ზონა. რამდენიმე დღის წინ იქ 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან გამომდინარე, რეალურია, რომ საფრთხე არსებობს.“ 
        

ეკა გულუა

ახალი ამბები