კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის საკრებულომ ათასზე მეტ კომლს მიწა ჩამოართვა

1 ივნისი, 2007

murad_malakmadzeb.gifხელვაჩაურის საკრებულომ 1999-2004 წლებში მიწის რეფორმით გასხვისებული მიწები უკანონოდ ცნო. მიწების ჩამორთმევის თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი ჯერ „ახალ მემარჯვენეებს“, შემდეგ კი „ეროვნულ ფორუმს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ შეაქვთ. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, როინ მალაყმაძის განცხადებით, გაუქმდა ყველა ის აქტი, რომელიც კანონდარღვევით იქნა მიღებული. მალაყმაძის განცხადებას აპროტესტებს სოფელ შარაბიძეებში მცხოვრები მურად მალაყმაძე. „მიწა საკუთრებაში რეფორმით გადმომცეს. ავაშენე სახლი, მოვაწყვე მეურნეობა. ახლა მეუბნებიან, უკანონოაო. მე რა შუაში ვარ?!“

„საკრებულოს გადაწყვეტილება კანონიერია, მაგრამ უსამართლო,“ - ასეთ შეფასებას აძლევს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას „რესპუბლიკელი“ ავთანდილ ბერიძე. მისი თქმით, ხელვაჩაურის ზღვისპირა ზოლში მდებარე თემებში 1999-2004 წლებში მიწის რეფორმით გასხვისებული მიწების ნორმატიული აქტების გაუქმებით ბევრი პატიოსანი, რიგითი ადამიანის უფლება დაირღვა.
 
ხელვაჩაურის სასამართლომ „ახალი მემარჯვენეების“ სარჩელის განხილვა დაიწყო.

ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რეზო  ლომაძე: „სასამრთლომ ნება დაგვრთო საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩავერთოთ. ახლა ვაგროვებთ დაზარალებული მოსახლეობის ხელმოწერებს. ჩვენ ამ საქმეს სტრასბურგამდე მივყვებით.“

დავით გამყრელიძე კი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რესტიტუციის (ჩამორთმეული ქონების დაბრუნება) განხორციელებას გეგმავს. საჯარო გამოსვლებში იმავე პოზიციას აფიქსირებენ „რესპუბლიკელებიც“.

ანალოგიური სარჩელი შეიტანა „ეროვნულმა ფორუმმაც“. რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამაზ ქობულაძის განცხადებით, მათ სარჩელი   მოსახლეობის სახელით შეადგინეს: „ჩვენ „ახალ მემარჯვენეებთან“ პრეტენზია არ გვაქვს. თუ სასამართლო საქმეს გააერთიანებს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. ხელმოწერა ძალიან ბევრი იყო, მაგრამ სასამართლოსათვის გამოსაცხადებლად რთული რომ არ დარჩენილიყო, სარჩელს ხელს მხოლოდ ხუთი კაცი აწერს ხელს.“ 

„ეროვნულები“ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოშიც აპირებენ. კახა შარტავას განცხადებით, ხელვაჩაურის საკრებულოს განკარგულებებში კონსტიტუციის ორი მუხლი არის დარღვეული. ამავე დროს საკანონმდებლო ინიციატივით აჭარის უმაღლეს საბჭოშიც აპირებენ შესვლას: „აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით უნდა შევიდეს და ქობულეთსა და ხელვაჩაურში მიწის რეფორმის დასრულება მოთხოვოს. ამას ორი ათასი კაცის ხელმოწერა სჭირდება. ინიციატივას უმაღლეს საბჭოს უახლოეს ხანში წარვუდგენთ,“ - განაცხადა შარტავამ.

სასამართლოში მიწებწართმეული ხელვაჩაურელების დაცვას კიდევ ერთი ორგანიზაცია, „ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაც“ გეგმავს (იგი არაოფიციალურად რესპუბლიკური პარტიის სატელიტად ითვლება).

ორგანიზაციის წევრის, ნიკოლოზ გეგეშიძის განცხადებით, ასოციაცია აქტიურად ემზადება დაზარალებულების უფლებების დასაცავად: „ჩვენთან ჯერ-ჯერობით 70-მდე მოქალაქის განცხადება არის შემოსული. შესასძლოა ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.“

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, როინ მალაყმაძე ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს: „ჩვენ მხოლოდ აქტების კანონიერების საკითხი განვიხილეთ. სამართლებრივი აქტების ნაწილი გამოცხადდა არარად, ნაწილობრივ არარად და ბათილად. არის ისეთი ოქმებიც, რომლებიც არ გაგვიუქმებია. ეს ძირითადად ძირძველ კომლებს შეეხებოდა, რომლებმაც მიწა მიიღეს და იმ კომლებს, რომლებმაც არასწორად გასხვისებული მიწები შეისყიდეს. ამ შემთხვევაში ისინი კეთილსინდისიერი მყიდველები არიან.“

მალაყმაძის განცხადებას აპროტესტებს მისი ნათესავი, მურად მალაყმაძე: „სოფელ შარაბიძეებში მიწა იჯარით მქონდა აღებული. შემდეგ ეს მიწა საკუთრებაშიც გადმომცეს. იქ სახლი ავაშენე, მეურნეობა ავაწყვე. ეს ყველაფერი დიდი ფული დამიჯდა. ახლა მეუბნებიან, მიწა უკანონოდ გაქვს შეძენილიო. მე რა შუაში ვარ?! თუ კი ვინმემ უკანონოდ მომცა, იმას აგებინონ პასუხი.“

გონიოელი სერგო გორაძის განცხადებით, იგი ძირძველი მოსახლეა, მაგრამ მიწას მაინც ჩამოართვეს. „ნაკვეთი ყველანაირი კანონის დაცვით მაქვს გადმოცემული, მაგრამ მაინც წამართვეს. ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ზღასთან ახლოს ვცხოვრობ.“ 

ხელვაჩაურში მიმდინარე პროცესებს ანალიზს უკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის“ ხელმძღვანელი თამაზ ცინცაძე: „1998 წლის 31 დეკემბერს საქართველოში მიწის რეფორმა დამთავრდა. ამ დროს აჭარაში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში ასლან აბაშიძემ მიწის რეფორმა შეაჩერა. 1999-2004 წლებში აჭარის მთავრობამ მიწის რეფორმა უკანონოდ გააგრძელა და გარკვეულ კომლებს მიწა საკუთრებაში გადასცა, რაც ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილება ამ წლებში გაცემული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე იურიდიულად სწორია, თუმცა, გლეხები ამ შემთხვევებში მიწის პატიოსანი მყიდველები არიან.

„2004 წლის 26 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორპუნქტიანი დადგენილება, რომლის მიხედვითაც მიწის რეფორმა აჭარაში 2006 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ მიწის რეფორმა აჭარაში არც ამ დროში განხორციელდა. მეორედ რეფორმა იმის გამო ჩაიშალა, რომ აჭარის მთავრობამ პარლამენტის დადგენილების რევიზია დაიწყო. კანონით მიწა საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1992 წლამდე წარმოშობილ კომლებს. აჭარის მთავრობამ მოითხოვა, რომ რეფორმა 2004 წლამდე წარმოშობილ კომლებსაც შეხებოდათ.
 
„მიწის რეფორმის ჩაშლის მიზეზი ნათელია. ცენტრალურ ხელისუფლებას     სანაპირო ზოლში არსებული მიწების რეფორმით გასხვისება არ სურს. როგორც ფერიის მთაზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ცენტრი ცდილობს ამ მიწების საკუთარი ინტერესებით გამოყენებას. სხვანაირად, ცენტრი, რეფორმის ჩაშლისათვის ადგილობრივ მთავრობას პასუხს მოსთხოვდა,“-  აცხადებს ცინცაძე.

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები