კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კერძო მესაკუთრეებს საკუთრებას უნგრევენ

8 ივნისი, 2007

undergroundb.gifსაქართველოში კერძო საკუთრების ხელყოფა ერთგვარ ჩვეულებად იქცა. ამჯერად საფრთხის წინაშე თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მფლობელები აღმოჩდნენ. კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აღნიშნულ ფართზე სავაჭრო ცენტრი აქვთ  განთავსებული, საკუთრებას უნგრევენ. თუ ორშაბათამდე ისინი ფართს არ დაცლიან, მაღაზიებს დაულეწავენ.     

რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, მისი მოკლე ისტორია ასეთია: რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ მაღაზიებში უცხო პირები გამოჩდნენ, რომელთაც თავი თბილისის ზედამხედველობის სამსახურის თანამშომლებად წარადგინეს და ფართის სასწრაფოდ დაცლა მოითხოვეს. მომხდარის შესახებ უფრო დეტალურად მოიჯარეები თავად საუბრობენ.      

მარინა ფირალიშვილი, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მოიჯარე: „7-8 წელია, რაც ამ ტერიტორიაზე იჯარის საფუძველზე ვმუშაობთ. ხელშეკრულება ყველას კერძო მესაკუთრესთან აქვს გაფორმებული, რომელმაც ეს ფართი კერძო საკუთრებაში დიდი ხანია მიიღო. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუნმეტი არსებობს. მოიჯარე ჩვენ იქ მუშაობაზე უარს არ გვეუბნება, რადგან ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ მუშაობის გაგრძელების უფლება გვაქვს. მაგრამ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები რამდენჯერმე მოვიდნენ, არც გვარსახელი დაგვისახელეს და  არც ოფიციალური შეტყობინება წარმოუდგენიათ. გვეუბნებიან, რომ ორშაბათამდე მაღაზიები უნდა დავცალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დაგინგრევთო. თითოეულ მეიჯარეს ბანკის სესხი გვაქვს აღებული, რაც კი ფული გვქონდა, ყველამ საქონელში ჩავდეთ და მაღაზიებში სავაჭრო საქონელი შემოვიტანეთ. ამ საქონლის რეალიზაციის საშუალებას არ გვაძლევენ. სად წავიღოთ ეს საქონელი? გადავყაროთ თუ სახლში დავილაგოთ? გვითხრეს, თუ მაღაზიები ორშაბათს დაცლილი არ იქნება, ყველაფერს დავანგრევთო. ერთადერთი გამოსავალი გვრჩება, ალბათ ვიჩივლებთ, სხვა რა უნდა ვქნათ?“

ლიკა იმნაძე, ერთ-ერთი მოიჯარე: „ჩემი პრობლემაც იგივეა, რაც სხვისი. სულ ამ მიწისქვეშა გადასასვლელში 40 მეიჯარე ვართ. ხელშეკრულება მესაკუთრე რუსუდან დაუშვილთან მაქვს გაფორმებული. მისი წარმომადგენელი რამდენჯერმე შეგვხვდა და ამბობს, არსად გაძევებთ იმიტომ, რომ ხელშეკრულების პირობები არ დაირღვესო, თუმცა, არც სახელმწიფოს წინაშე ვაპირებთ ჩივილსო, რადგან ამ ადგილს ისედაც წაგვართვმევენ, რადგან ბოლო პერიოდში ასეთი არაერთი შემთხვევა მოხდაო.“
 
მარინა ლიტისიანი: „თუ ეს ფართი მერიას და მთავრობას სჭირდება, კი ბატონო, გავალთ, ოღონდ, ცოტა დრო მოგვცენ. 2-3 თვე მაინც, რომ იმ საქონლის გაყიდვა მოვახერხოთ, რაც შეძენილი გვაქვს. ბანკიდან სესხები გვაქვს აღებული და თუ ეს საქონელი არ გავყიდეთ, სესხს ვერანაირად დავფარავთ. ხელშეკრულების მიხედვით, ვადა ოქტომბრამდე გვაქვს. გასვლას არ ვაპირებთ, სად წავიდეთ? რატომ გვყრიან, როცა ყველა დოკუმენტაცია წესრიგში გვაქვს?“

მოიჯარეებს ტერიტორიის დატოვების გარდა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ. მათი თქმით, მათ მეიჯარე ტერიტორიის დაცლას არ სთხოვს. თუ ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით ისინი აღნიშნული ფართიდან გავლენ, იმისი ეშინიათ, რომ მეიჯარემ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის და საიჯარო თანხის გადაუხდელობისთვის სასამართლოში არ უჩივლოს. როგორც იურისტებმა აგვისხნეს, კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული საფრთხე ნამდვილად არსებობს.    

ასეთია თავისუფლების მოადანზე მოვაჭრე დანარჩენი 37 მეიჯარის ისტორიაც. საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკემენტიდან ჩანს, რომ ისინი აღნიშნული ტერიტორიის კანონიერი მეიჯარეები არიან. დოკუმენტის მიხედვით, მოიჯარე კერძო მესაკუთრეს თვეში 415 ლარს უხდის. საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ნიუ-მარკეტის“ დირექტორ რეზო მღებრიშვილსა და მეიჯარეებს შორის. ამ დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ შეიძლება.         

აღნიშნული ინფორმაციების მიღების  და მეიჯარეებთან გასაუბრების შემდეგ, ფაქტების გადამოწმება თავად ზედამხედველობის სამსახურში ვცადეთ. სამსახურის უფროსმა ლაშა მაქაცარიამ არ დამალა, რომ აღნიშნული მაღაზიები უნდა დაინგრეს.     

ლაშა მაქაცარია: „განსაკუთრებული არაფერი ხდება. რამდენიმე კვირაა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. მოლაპარაკება ტერიტორიის მეპატრონეებთან მიდის, საუბარია ფართის ადგილმონაცვლეობაზე. იმ გადასასვევლში ასეთი  ფორმით ვაჭრობა ვერანაირად ვეღარ გაგრძელდება. მეპატრონეები წინააღმდეგნი არ არიან თავიანი მაღაზიები სხვა ადგილას გადაიტანონ. მოიჯარეებს რაც შეეხება, ხელშეკრულებები დადებულია ტერიტორიის მეპატრონეებთან და ეს ჩემი გასარკვევი საკითხი არ არის. მათ იგრძნეს, რომ ჩვენ რაზეც ველაპარაკებოდით ის აღსრულდებოდა. მეპატრონეებს რას ვთავაზობთ ვერ გეტყვით, რადგან ეს საკითხი მოლაპარაკების სტადიაზეა. რაც შეეხება მოიჯარეებს, შეიძლება მათაც შევთავაზოთ რამე, მაგალითად,  ვუშუამდგომლოთ სხვადასხვა ბაზრობებთან, რომ იქ ვაჭრობა გააგრძელონ.“

მაქაცარიას მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია გათავისუფლდება და კეთილმოეწყობა. რაც შეეხება მოიჯარეებს, ისინი ამტკიცებენ, რომ მათთვის არავის არაფერი შეუთავაზებია და ეს ტყულია.

იმის გასარკვევად, მოიჯარეებს ალტერნატიული წინადადება შესთავაზეს თუ არა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გადასასვლელის დირექტორს, რეზო მღებრიშვილს  დაუკავშირდა.  მისი თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რომ მაღაზიები უნდა დაინგრეს: „მე არ ვარ ქონების მფლობელი, მე ვარ ამ ფართის დირექტორი. როგორც ვიცი, მიდის რაღაც საუბარი და ყველა ვარიანტში ეს მაღაზიები ორშაბათს უნდა დაინგრეს. ზედამხედველობის სამსახურმა გამოაცხადა, ეს ტერიტორია უნდა ავიღოთო. თქვენ დათანხმდებით თუ არა, ამას მაინც დავანგრევთო. მაგრამ თუ არ იქნება საჩივარი, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ალტერნატიული ფართი სადმე გამოგინახოთო. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წინააღმდეგობას არ გაგვიწევთო.“
               
დირექტორმა ჩვენი საკონტაქტი ინფორმაცია ჩაიწერა და თქვა რომ მესაკუთრეებთან დაგვაკავშირებდა. მოგვიანებით მას ისევ დავუკავშირდით და გვითხა, მესაკუთრეებს ჟურნალისტთან საუბარი არ სურთო.
      
მოიჯარეებმა დასახმარებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატს ნესტან ლონდარიძეს მიმართეს. ადვოკატის განცხადებით, მათი უფლებები დარღვეულია: „2007 წლის 1 მარტს მოიჯარესა და შპს. “ნიუ მარკეტს” შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. მის მიხედვით, მოიჯარეებს იჯარით გადაეცათ თავისუფლების მოედნის მოწისქვეშა გასასვლელში მდებარე არასაცხოვრებელი სათავსოები. მიწისქვეშა გასასვლელში მდებარე არასაცხოვრებელი სათავსოების დემონტაჟი გადაწყვეტილია, თუმცა, არავინ ინტერესდება მოიჯარეების ბედით, მათ კი ბანკიდან სესხი აქვთ აღებული. ჩვენ განცხადებით მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა მაქაცარიას და ვთხოვეთ გაითვალისწინონ აღნიშნული მდგომარეობა და მოიჯარეებს მიეცეთ ერთი თვის ვადა, რათა ნებაყოფლობით გაათავისუფლონ დაკავებული  ფართი.…კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ზიანს აყენებს პირს, მას უფლება აქვს საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.“ 

მაღაზიების დემონტაჟი ორშაბათს, 11 ივნისს იწყება.

ეკა გულუა

ახალი ამბები