კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

25 დღიანი პატიმრობა თავისუფალი სიტყვის და პოლიტპატიმართა დასაცავად

14 ივნისი, 2007

dakavebab.gif

„თანასწორობის ინსტიტუტის“ სამი წარმომადგენელი - დავით დალაქიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი დაკავებულია. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავების მოტივად კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და გენერალური პროკურატურის შესასვლელი ნაწილის ბლოკირება დაასახელა. ადამიანის უფლებათა დამცველები კი მომხდარს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებენ. 

აღნიშნული პიროვნებები მსგავსი მოტივით 25 დღიან სასჯელს პირველად არ იხდიან. მათი დაკავების ისტორია კი ყოველთვის ერთმანეთის იდენტურია - პოლიტპატიმრებისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ხმამაღალი განცხადებები, პლაკატების გამოფენა და ბოლოს ამ ყველაფრისთვის თავისუფლების აღკვეთა. ამჯერადაც ასე მოხდა. თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა 12 ივნისს პრეზიდენტის კანცელარიაში ოფიციალური წერილი შეიტანეს. წერილის მიხედვით ისინი შსს-ს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი მდგომარეობისა და ხელფასების შესახებ ითხოვდნენ ინფორმაციებს, რომლებიც ყველაზე გახმაურებული, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მოწმის სტატუსით დაკითხეს. ისინი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, ალექსანდრე მელნიკოვი, გურამ დონაძე და ვასილ სანოძე არიან. ისინი ამ ეტაპისთვის სამსახურებიდან გათავისუფლებულნი არიან, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ეს პიროვნებები არაოფიციალურად ისევ აგრძელებენ შსს-ში მუშაობას. მართალია, ნაწამები და მოკლული სანდრო გირგვლიანის მეგობარმა ვასილ სანოძე ამოიცნო და სასამრთლო პროცესზე განაცხადა, რომ როცა სანდროს აწამებდნენ, ეს ადამიანიც იქ (ოქროყანის სასაფლაოზე) იყო, თუმცა, სასამართლომ მას და სუფრის სხვა წევრებს, საიდანაც ინციდენტი დაიწყო, მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება აკმარა.  

ერთ წელზე მეტია, მოკლულის ოჯახი ამ ადამიანთა მკვლელობაში თანამონაწილეობას ამტკიცებს და მათ დასჯას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. მოკლულის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა. 
 
ამ შემთხვევის შემდეგ „თანასწორობის ინსტიტუტი“, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა ფენები მკვლელების დასჯის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ. თითქმის ყველა აქცია ადამიანთა დაკავებითა და 25 დღიანი პატიმრობით სრულდება. მათ შორის არიან „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომდგენლები.

ამჯერადად მათი დაკავება არა სანდრო გირგვლიანის საქმეს, არამედ პოლიტპატიმარ ირაკლი ბათიაშვილს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტის კანცელარიას ოფიციალური წერილი ჩააბარეს, გენერალური პროკურატურისკენ გადაინაცვლეს და ირაკლი ბათიაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. პატრულის თანამშრომლებმა მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები მათ არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ისინი დააპატიმრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნულს თავისუფალი სიტყვის ხელყოფად აფასებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, პოლიტპატიმრებისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად გააქტიურდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“ წარმომადგენელი, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი „ადამაინის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალი აზრის გამოხატვა სერიოზულად იზღუდება: „ეს ადამიანები რეალურად იმისთვის დააკავეს, რომ საკუთარ აზრს გამოხატავდნენ და არ მოეწონათ, რომ ეს აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მათ არანაირი კანონმდებლობის დარღვევა არ ჩაუდენიათ. თუ ასფალტზე წარწერის გაკეთების მცდელობა კანონდარღვევაა, რევოლუციამდელი პერიოდი გაიხსენონ, როცა მათი აქტივისტი „კმარელები“ მინისტრებს თუ თანამდებობის სხვა პირებს საღებავებს პირდაპირ სახეში რომ ასხამდნენ. ან ის, როცა რეალურად ახდენდნენ პარლამენტის ბლოკირებას და პარლამენტის შენობაში მაგიდებზე დახტოდნენ.  საქართველოს კონსტიტუციით, საკუთარი აზრის გამოხატვა ხელშეუხებელია და მისი დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა“.       

3 ახალგაზრდის დაკავების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილიც. მისი განცხადებით, პოლიტპატიმრებისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად მათ ვერავინ შეაშინებს და აქციები პერმანენტულად გაიმართება.

მომხდარს თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვად აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი დაკავებებით საზოგადოების დაშინებას ცდილობს. როგორც მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს: „აშკარად საფრთხის წინაშეა როგორც თავისუფალი სიტყვა, ასევე პოლიტპატიმრების დაცვის საკითხი. როცა ადამიანს  ასფალტზე არაძალადობრივი წარწერის „არა ძალადობას“,  გამო აკავებენ,
ეს პირდაპირ თავისუფალი სიტყვის დევნაა. სწორედ ამის ნაწილი იყო პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ობიექტებთან მიახლოება და აქციების ჩატარება არ შეიძლება, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე იზრდება და ასე შემდეგ.“

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს „კონსერვატორ“ კახა კუკავას. მისი განცხადებით: „თანასწორობის ინსტიტუტის ბიჭებს უკვე მესამედ აპატიმრებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მათი საქმიანობა შეუძლებელია. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აზრის გამოთქმა აკრძალულია და პატიმრობით ისჯება. საქართველო დგება იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც პოლიტპატიმრები ჰყავთ. ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ სამუშაოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიზნით, რომ ამ ყველაფერს ადეკვატური შეფასება მიეცეს.“      

ეკა გულუა

ახალი ამბები