კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს

15 ივნისი, 2007

globe_logos.gif

(ნიუ იორკი, 11 ივნისი, 2007წ.) 2007 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულისათვის არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 14–დან 12 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პატიმრობის შესახებ კანონში და ამოქმედდება 2008 წლის 1 ივლისიდან.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 14–დან 12 წლამდე შემცირებით, საქართველო საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ წავიდა,” – განაცხადა ჰოლი კარტნერმა, „ჰუმან რაითს ვოთჩისის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა.

„სახელმწიფოებმა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვარის გაზრდაზე და არა შემცირებაზე უნდა იზრუნონ.” სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, 12 წლის ასაკს მიღწეული ბავშვები საკმაოდ ზრდასრულად ითვლებიან, რათა პასუხი აგონ ისეთი კატეგორიის დანაშაულისათვის, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებეში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, სხვადასვა სახის ძარცვის შემთხვევები, ყაჩაღობა და ცივი იარაღის (დანის) ტარება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოებას ახორციელებენ „მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში”.

მსჯავრდების შემთხვევაში არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული იქნება იგივე სასჯელი, რაც მოზრდილს შეეფარდება, თუმცა, კანონში „პატიმრობის შესახებ” განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ისინი სასჯელს მოიხდიან სრულწლოვან პატიმრებისაგან განცალკევებით, მათთვის განკუთვნილ სასაჯელაღსრულებით დაწესებულებებში, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ ასაშენებელი აქვს.

არსებული კანონმდებლობით, 14 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა ბრალის წაყენება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც უფროსი არასრულწლოვნების ანდა მოზრდილების მიერ ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლებოდა. ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის არ შემცირების შესახებ გაეროს რეკომენდაციას. ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, რომლის წევრი სახელმწიფო საქართველოცაა, განმარტავს ბავშვს, როგორც 18 წლის ასაკამდე მიუღწეველ პირს. 2007 წლის 9 თებერვალს გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტმა, რომელიც სახელმწიფოების მიერ ბავშვთა დაცვის კონვენციის განხორციელების მონიტორინგს ახდენს, თავის ზოგად კომენტარებში პენიტენციურ სისტემებში ბავშვთა უფლებების შესახებ, ცალსახად განმარტა, რომ სახელმწიფოებმა „არ უნდა შეამცირონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე”, და მოუწოდა სახელმწიფოებს თანდათანობით გაზარდონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვარი.

გარდა ამისა, 2003 წელს, ბავშვთა უფლებების დაცვის ევროპის ომბუდსმენთა ქსელმა მოუწოდა სახელმწიფოებს, “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის შემცირებისა და არასრულწლოვან მოზარდთა გახშირებული დაპატიმრების ამჟამინდელი ტენდენციები უნდა შეიცვალოს”. ომბუდსმენთა აღნიშნული ქსელის განცხადებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის შემცირების ნაცვლად სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ მის თანდათანობით 18 წლამდე გაზრდაზე და იმავდროულად, უნდა შექმნან არასრულწლოვანთა დანაშაულზე რეაგირების ინოვაციური სისტემა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არასრულწლოვანთა განათლებას, რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციას.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, აგრეთვე, თხოვნით მიმართა წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, თავი შეიკავონ მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისგან. არასრულწლოვანთა დანაშაულისა და სამართლის 2003 წლის რეკომენდაციების შესახებ ახსნა-განმარტებით მემორანდუმში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ „მცირეწლოვან ბავშვთა უმწეო მდგომარეობა უნდა განვიხილოთ, როგორც მათთვის სოციალური უზრუნველყოფის ზომების აუცილებლობა. მათში, პირველ რიგში, ბავშვი უნდა დავინახოთ, და მხოლოდ ამის შემდეგ – დამნაშავე.” კანონის განმარტებით ბარათში, საქართველოს ხელისუფალი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის პროცესის ნაწილია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის შემცირების აუცილებლობას ხსნის, როგორც პრევენციულ ზომას, რომლის მეშვეობითაც ბავშვები გააცნობიერებენ საკუთარ ბრალეულობას და მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდებათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულში უმნიშვნელო კლება შეიმჩნევა, 2006 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. უფრო მეტი მცირეწლოვანი ბავშვის დაპატიმრებით ვერ მოგვარდება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემა საქართველოში. პირიქით, მათი დაპატიმრება უფრო გაამწვავებს პრობლემას, რადგან საქართველოში ამჟამად არ არის ჩამოყალიბებული არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი სისტემა, რომელიც მოაგვარებდა არასრულწლოვან დამნაშავეთა განათლების, რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის საკითხებს.

საქართველოს მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციის დაცვის შესახებ პირველადი ანგარიშის განხილვისას, ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში არასრულწლოვანთა შესაბამისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის არ არსებობის გამო, არასრულწლოვანთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მძიმე მდგომარებისა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფ ბავშვთა მოთავსების დაწესებულებათა არაადეკვატური მდგომარეობისა თუ
კვალიფიციური კადრების სიმცირის გამო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები იუსტიციის სამინისტროს ავალებს ახალი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების აშენებას ან უკვე არსებული დაწესებულების შესაბამისად მოდიფიცირებას არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის, ხოლო სხვადასხვა სამინისტროებს თხოვს, სისხლის სამართლებრივი სისტემის იმ კადრების გადამზადებას, რომლებსაც საქმე აქვთ ბავშვებთან. თუმცა, გაურკვეველია, რამდენად საკმარისი იქნება ეს ზომები ზემოთგამოთქმული შეშფოთებების გასაქარწყლებლად.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის შემცირებით, საქართველო მიდის უფრო მეტი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭერისა და მათთვის უფრო დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთის რისკზე,” - განაცხადა კარტნერმა. „ეს კი უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან გადატვირთული ციხეები ისედაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში.”

საერთაშორისო სტანდარტები ცალსახად მოუწოდებს სახელმწიფოებს ბავშვების მიმართ პატიმრობის ზომის გამოყენებას, მხოლოდ როგორც უკანასკნელ საშუალებას. ბავშვთა უფლებების კონვენციის 37-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის დაკავება და დაპატიმრება მხოლოდ უკანასკნელი ზომა უნდა იყოს და ისიც მხოლოდ უმცირესი ვადით. გაეროს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი სისტემის ადმინისტრირების სტანდარტული მინიმალური წესების (ე.წ. პეკინის წესები) და გაეროს თავისუფლება აღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესების თანახმად, არასრულწლოვანისათვის თავისუფლების აღკვეთა უნდა განხორციელდეს, როგორც უკიდურესი ზომა და გამოყენებულ იქნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი, ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის მე-17 მუხლზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ „არასრულწლოვან
დამნაშავეთა მიმართ სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა მოხდეს.”

„კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ბავშვების უბრალოდ გასამართლებისა და დაპატიმრების ნაცვლად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათი გამოსწორების ალტერნატიული გზების მოძიებაზე,” – განაცხადა კარტნერმა.

სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივად ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია მიიჩნევს მათზე ზრუნვას, აღზრდასა და ზედამხედველობას, ფსიქიატრის კონსულტაციებს, პრობაციას, განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უზრუნველყოფას.

ახალი ამბები