კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები მართვად სასამართლოზე საუბრობენ

18 ივნისი, 2007

Justices.gifგანვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ ხელისუფლებად მიიჩნევა, რასაც საქართველოში მოქმედ სასამართლოებზე ვერ ვიტყვით. სასამართლოებს საქართველოში ან პროკურატურა, ან მხარის რწმუნებული, ანდა ნებისმიერი მაღალჩინოსანი აკონტროლებს. მართვადი სასამართლო ყველაზე მეტ პრობლემას  ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს უქმნის. სასამართლოს წესით სიმართლის პოვნა თითქმის შეუძლებელია.

გორელი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები გორის რაიონულ სასამართლოში თითქმის ყოველდღე ირღვევა. ადვოკატების თქმით, სასამართლოს დადგენილებები, განკარგულებები, განაჩენები და განჩინენები მიღებიდან დაგვიანებით გამოდის. მოსამართლეები ხშირად მათ ფურცელზე გადატანას არ ჩქარობენ და თითქმის ერთი თვეა საჭირო იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მხარემ სასამართლოდან მოსამართლის გადაწყვეტილება მიიღოს. დროში გაწელილი წერილობითი დოკუმენტი კი მომჩივანს, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უქმნის. ასევე გვიანდება სააპელაციო საჩივრის თბილისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნა, რომელიც კანონის მიხედვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს.

ადვოკატები სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დარღვევაში პროკურორებსაც ადანაშაულებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩანიშნულ პროცესზე პროკურორი „მოუცლელობის“ გამო არ მიდის, ამ მიზეზით კი გორის რაიონულ სასამართლოში უამრავი პროცესი სამომავლოდ ინიშნება.

ადვოკატების განცხადებით, პროკურორის არ გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო სხდომის სამომავლოდ ჩანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ თუ ადვოკატი პროცესზე ორ წუთს მაინც დააგვიანებს ადვოკატებს ჯარიმები ერიცხებათ.

ნინო შავშიშვილი, ადვოკატი: „ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებს უსაფუძვლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ. საფუძვლიან შუამდგომლობებს უმეტეს  შემთხვევაში არ აკმაყოფილებენ. სააპელაციო სასამართლოში კი გვეუბნებიან, რომ გვაქვს პირველი ინსტანცია და შუამდგომლობები იქ უნდა დავაყენოთ.“

ნინო შავშიშილის განცხადებით, გორის რაიონული სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და მას პროკურატურა აკონტროლებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნათია ქალიაშვილი მიიჩნევს, რომ ადვოკატებისთვის ხელის შეშლა და გადაწყვეტილებების დაგვიანებით ჩაბარება მოსამართლეებისთვის მისაღებია, რადგან ძნელდება აპელაციის მომზადება.
„ვიდრე პროკურორები არ მობრძანდებიან პროცესები არ იწყება ხოლმე, სასამართლოშიც პროკურატურა წყვეტს ყველაფერს. მოსამართლეებს უმეტეს შემთხვევაში, ის გადაწყვეტილება გამოაქვთ, რომელიც პროკურორებს სურთ. შუამდგომლობებს, როგორც არ უნდა იყოს ისინი გამყარებული, მოსამართლეები თითქმის არ აკმაყოფილებენ, რაც ნორმალური მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს,“ - მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნათია ქალიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ბიუროს რამდენიმე საქმე აქვს, სადაც წინასწარ ძიებას მოწმეები არ ჰყავს. საქმეების მიხედვით ირკვევა, რომ ხშირად მოწმეები პიროვნების დაკავების დროსაც არ ჰყავთ. თუმცა, პროკურატურას ეს ხელს არ უშლის, „საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების გამო", აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით, სასამართლოში შევიდეს. საქმეები ერთმანეთს ისე ჰგავს, რომ შთაბეჭდილება რჩება თითქოს მხოლოდ გვარები და სახელები იცვლება. ამას არც ერთი ადვოკატი არ უარყოფს.

ნინო შავშიშვილი ამჟამად 18 წლის რევაზ მენაბდიშვილს იცავს, მენაბდიშვილს პოლიცია ქურდობას და პოლიციელებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას ედავება. შავშიშვილის თქმით, დაკავებულმა შესაძლოა წინააღმდეგობა მართლაც გაუწია დაკავების დროს პოლიციელებს, მაგრამ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რაც მენაბდიშვილის ბრალეულობას ქურდობაში დაადასტურებს. ამის მიუხედავად, გორის რაიონულმა სასამართლომ 18 წლის ახლაგაზრდას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ადვოკატის განცახდებით, მას არანაირი იმედი არ აქვს, რომ აპელაციის წესით პროცესს მოიგებს. თუმცა იქვე დასძენს, რომ ნორმალური სასამართლოს პირობებში, მენაბდიშვილს ქურდობის მუხლი და პოლიციელებისთვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა, საერთოდ უნდა მოუხსნან.

გორელი ადვოკატები სასამართლო პროცესებზე ყველაზე ხშირად კლიენტის დაცვას საპროცესო გარიგებით ახერხებენ, რადგან პროკურატურის მიერ მართვადი სასამართლოს პირობებში, ადვოკატების მუშაობა ხშირად არაადეკვატური შედეგით სრულდება.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები