კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს აღარ გაასახლებენ

18 ივნისი, 2007

sastumrob.gif

ქუთაისელ დევნილებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში არსებულ სასტუმრო „ქუთაისში“ თითქმის 15 წელია ცხოვრობენ, გასახლების საფრთხე აღარ ემუქრებათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა ადვოკატის შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო სასტუმროდან იქ მცხოვრებ პირთა გასახლება, ხოლო ფირმას რომელიც სასტუმროს მფლობელია, შეჩერებოდა უფლებამოსილება, დააკმაყოფილა.

სასტუმრო „ქუთაისი“, რომელშიც დღეს 300-მდე დევნილი ცხოვრობს, 2005 წელს საკონკურსო წესით, 355 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი შპს „ინტერინვესტი“ გახდა. ხელშეკრულებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის გაფორმდა, მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს მფლობელი მის რეკონსტრუქციას დაიწყებს, იგი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს იქ მცხოვრებ ოჯახებს, ან თანხის სახით მოახდენს მათ კომპენსირებას.

 შეთანხმება არ შესრულდა. სასტუმრო „ქუთაისში“  მცხოვრებ დევნილებს შპს „ინტერინვესტის“ წარმომადგენელი თვეების მანძილზე, სხვადასხვა გზით აიძულებდა დაეტოვებინათ საცხოვრებელი. სანაცვლოდ კი, 4500 დოლარს სთავაზობდა. დევნილებისთვის პირობა მიუღებელი აღმოჩნდა, რასაც პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დევნილთა წინააღმდეგობის მიუხედავად, შპს „ინტერინვესტის“ წარმომადგენლობა წინასარეკონსტრუქციო სამზადისს მაინც შეუდგა, სასტუმროს შემოღობვა დაიწყო და ოფიციალურად განაცხადა, რომ მალე იქ დევნილები აღარ იცხოვრებდნენ.

„სასამართლო პროცესამდე ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ, რომ აქედან გავეყარეთ. სასტუმროს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეგვიწყვიტეს საარსებო პირობები: წყალი, შუქი და ა.შ. გაითიშა ტელეფონიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაინც არ დავნებდით და ვთქვით, რომ 4500 დოლარად აქედან არ გავიდოდით. სასამართლო პროცესამდე „ინტერინვესტის“ წარმომადგენელი ყოველდღე გვიჩიჩინებდა, პროცესს მაინც წააგებთ და სარჩელი გამოიტანეთო. მერე კი, როცა საქმე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა, სასამართლო დარბაზში ჩვენზე იერიშით გადმოვიდნენ და სიტყვიერო შეურაცხყოფა მოგვაყენეს,“ - ამბობს დევნილი ლამარა მიქიაშვილი. მან დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს, მეზობლებთან ერთად, არაერთხელ მიმართა.

როგორც დევნილები აცხადებენ, სასამართლო პროცესის შემდეგ შპს „ინტერინვესტის“ წარმომადგენლები სასტუმროს შემოღობვითი სამუშაოების შესრულებას მაინც შეუდგნენ, თუმცა, უშედეგოდ. დევნილებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ინტერინვესტს“ დევნილთა გასახლება კანონის ფარგლებში აეკრძალა. გარდა ამისა აეკრძალა ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების შესრულება. „ჩვენ შევიტანეთ სარჩელი ქონების ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტის არასწორად შედგენასთან დაკავშირებით. იქ არის უამრავი დარღვევა, რომელმაც ასევე უამრავი პრობლემა წარმოქმნა,“ - აცხადებს დევნილების ადვოკატი მურმან ქამადაძე. მისივე თქმით, ქონების მფლობელს, სწორედ ამ დარღვევებიდან გამომდინარე,  უფლება არა აქვს დევნილები სასტუმროდან გაასახლოს.

 „დევნილთა შესახებ კანონში“ ცალსახად წერია, რომ დევნილთა მდგომარეობა არათუ არ უნდა გაუარესდეს, არამედ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს მათი პირობების შექმნისთვის. ამ ხალხმა კი, ერთ მშვენიერ დღეს გაზეთით შეიტყო, რომ სასტუმრო „ქუთაისი“ იქ მცხოვრები დევნილებიანად გაიყიდა. ამაზე დიდი უმსგავსობა წარმოუდგენელია,“ - აცხადებს მურმან ქამადაძე.

სასტუმრო „ქუთაისში“ მცხოვრებ დევნილთა საქმეს უახლოეს დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა განიხილავს. დევნილები იმედს არ კარგავენ, რომ სასამართლო ამ შემთხვევაშიც სიმართლის მხარეს დადგება და მათი ბედი საბოლოოდ დადებითად გადაწყდება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისიდან

ახალი ამბები