კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო თანამედროვე მონობის პირველ კალათაშია

21 ივნისი, 2007

treffs.gifამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ 2007 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, თანამედროვე მონობის წინააღმედეგ ბრძოლის კუთხით საქართველომ ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლა და პირველ კალათაში აღმოჩნდა.  2006 წელს ჩვენ მეორე კალათაში ვიმყოფებოდით,  უფრო ადრე კი მესამეში.  

რაც შეეხება კალათების მიხედვით ქვეყნების შეფასების კრიტერიუმს, ამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. მესამე კატეგორიაში ის ქვეყნები ხვდებიან, სადაც ადამიანებით ვაჭრობის პრობლემა სერიოზულ მასშტაბებს აღწევს, თუმცა, ქვეყნები მის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებენ; მეორე კატეგორიაში ის ქვეყნები შედიან, სადაც პრობლემა არსებობს, ქვეყნები კი მის აღმოსაფხვრელად ქმედით ღონისძიებებს ახორციელებენ, თუმცა ეს არასაკმარისია; რაც შეეხება პირველ კალათას, აქ ის ქვეყნები ექცევიან, სადაც პრობლემა არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.  იმ ქვეყნებს, რომლებიც მესამე კალათაში არიან, აშშ-ს ყოველგვარ დახმარებას უწყვეტს. ამ პრობლემის წინაშე საქართველო 5 წლის წინ იმყოფებოდა.     
      
რაც შეეხება ანგარიშს, მის მიხედვით, საქართველო ისევ რჩება ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა და გოგონათა წარმოშობისა და სატრანზიტო ქვეყანად, საიდანაც გოგონები ძირითადად თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გაჰყავთ: „ეს ადამიანები დანიშნულების ქვეყნებში კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. ქალები და გოგონები უკრაინიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოს გავლით გაჰყავთ თურქეთში, საბერძნეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და დასავლეთ ევროპაში. მამაკაცთა ტრეფიკინგი იძულებითი მუშაობის მიზნით ხდება. ამ მიზნით ტრეფიკინგი საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხდება.“

ანგარიში პრობლემის აღმოსაფხვრელად ქვეყნის მიერ გატარებულ ღონისძიებებსაც ეხება და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს: „გასული წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ტრეფიკერთა სისხლისსამართლებრივი დევნისა და მათზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იყო წინსვლა ამ დანაშაულის მსხვერპლთა დაცვასა და მათთვის დახმარების გაწევაში, ისე როგორც ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებში.“

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოში, კერძოდ აჭარაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის არსებობა. თავშესაფარი გასულ წელს გაიხსნა, ის 10 ადგილიანია. ადგილების მცირე რაოდენობის გამო ერთი თავშესაფრის არსებობა არასაკმარისი აღმოჩნდა, რის გამოც დღის წესრიგში კიდევ ერთი თავშესაფრის გახსნის აუცილებლობა დადგა. გარდა ამისა, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ როცა ტრეფიკერთა სასამართლო პროცესი თბილისში იმართება, თბილისში კი თავშესაფარი არ არსებობს, აჭარიდან დედაქალაქში მსხევრპლთა ტარება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგჯერ სასამართლო პროცესი გადაიდება, მსხვერპლს რამდენჯერმე უხდება თბილისში ჩამოსვლა.

როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის ხელმძღვანელი მარინა მესხი აცხადებს, თბილისის თავშესაფარი რემონტდება და ის ზაფხულის ბოლოს გაიხსნება.      
 
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული 2006 წლის 28 აპრილს მიღებული კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგ. რაც შეეხება სანქციას, ის 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ეს სანქცია საკმარისად მკაცრია და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის დაწესებულ სანქციებს შეესაბამება.

რაც შეეხება ტრეფიკინგის მუხლით გამოძიებულ საქმეებს, 2006 წელს მათი რაოდენობა 28 საქმე იყო, განაჩენი კი 16 სს საქმეზე დადგა. ტრეფიკერებზე დაკისრებული სანქცია მერყეობს 4-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით; საშუალო სანქცია 10 წელს უტოლდება.

ანგარიში კოდორის ხეობის მოვლენებსაც ეხება, საიდანაც თითქოს სამართალდამცველებმა შრომითი ტრეფიკინგის რამდენიმე მსხვერპლი გაათავისუფლეს. ანგარიშის მიხედვით: „კოდორის ხეობაში იძულებითი შრომის ფაქტების გამოვლენის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელსაც პრობლემის მასშტაბების დადგენა დაევალა და შესაბამისად შვიდ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვლენილა არც ერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას დაადასტურებდა, მთავრობამ ტრეფიკინგთან კავშირში მყოფი კორუფციის აღმოფხვრაზე მიმართული ღონისძიებები გაატარა. შესაბამისად, 12 სისხლის სამართლის საქმე იქნა გამოძიებული და პასუხისმგებლობა დაეკისრა 5 თანამდებობის პირს ყალბი პასპორტების დამზადებაში მონაწილეობის მიღების გამო. მათზე დაკისრებული სანქცია საშუალოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაა.“      

ანგარიშში საუბარია კონკრეტულ სტატისტიკაზეც. მისი მიხედვით,   საანგარიშო პერიოდში მთავრობამ უფრო მეტი მსხვერპლის გამოვლენა შეძლო, ვიდრე 2005 წელს. ეს მონაცემი ასე ნაწილდება: 29 – 2006 წელს, 18 – 2005 წელს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ანგარიშში არაფერია ნათქვამი, არის სამართალდამცველების მიმართ უნდობლობა. ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლნი თავიანთ პრობლემაზე  საუბარს თავს არიდებენ და სამართალდამცველებს არც მიმართავენ. ექსპერტების თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ტრეფიკინგის შესახებ არა ზუსტი, არამედ მიახლოებითი სტატისტიკაც კი არ არსებობს.

ეკა გულუა 

ახალი ამბები