კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამომხმარებლო კალათა უმრავლესობისათვის მხოლოდ პურით შემოიფარგლება

21 ივნისი, 2007

bazarib.gif 

,,ხელფასებზე სტატისტიკის მოყვანა კარგია, მაგრამ რატომ არ უფიქრდებით, რომ ხელფასი მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს. არ მუშაობს ხალხი და სამომხმარებლო კალათზე სახელფასო მინიმუმის შეფარდება სასაცილოდ მიმაჩნია,“ - ამბობს ახალციხის მკვიდრი ლეილა გოგოლაძე.

2006 წლის ექსპერტული გათვლებით, ქალაქ ახალციხეში სახელმწიფო სექტორში მინიმალური ნორმატიული ხელფასი – 220, კერძო სექტორში - 190 ლარია. ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 175 ლარს შეადგენს. ამის მუხედავად სამცხე-ჯავახეთში სამომხმარებლო კალათა ყოველ წელს იზრდება. ექსპერტების გამოთვლებით, სოფლის მოსახლეობის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე მეტია.

ახალციხის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის გოჩა ბერიძის განცხადებით, 2005 წელთან შედარებით საარსებო მინიმუმი 20-25 ლარითაა გაზრდილი. იგი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება პროდუქტების ღირებულების გაზრდამ განაპირობა: „ეს ყველაფერი დროებითია და შემოდგომის დადგომასთან ერთად ფასები დაიწევს,“ - ამბობს გოჩა ბერიძე.

,,ხელისუფლებას ხომ აღარ ვახსოვართ და ახლა თითქოს ბუნებამაც მიგვატოვა. მიწები კი გვაქვს, მაგრამ ხან გვალვაა, ხან სეტყვა. მარტო კომბოსტოს მოყვანას იცით რამდენი რამე სჭირდება? ერთ თავ კომბოსტოს ათჯერ მაინც უნდა მოკიდო ხელი, ჯერ სათითაოდ უნდა დარგო და ნერგს ეფოფინო,”- დარდობს სოფელ აწყურის მკვიდრი გიორგი გოგოლაური.     

სამომხმარებლო კალათა მარტოხელა ლარისა კირაკოსიანისათვის მხოლოდ პურით, შაქრითა და მაკარონით შემოიფარგლება. მისი ყოველთვიური შემოსავალი პენსიაა, რომელიც 38 ლარს შეადგენს. ყოველდღიურად საკვებისთვის მინიმუმ ხუთი ლარი სჭირდება. ანუ პენსია მხოლოდ შვიდ დღეს თუ ეყოფა: „ხორცი რვა ლარი ღირს. მხოლოდ დღესასწაულზე თუ ვახერხებ ყიდვას. ძირითადად „მარხვაზე“ ვარ,“ - ამბობს ლარისა კირაკოსიანი.

შპს „ბაზრის“ დირექტორის ომარ ჟუჟუნაძის თქმით, ფასები ძირითადად ხორბალზე, სიმინდსა და ბოსტნეულზეა მომატებული, ისიც მხოლოდ 10 პროცენტით. მიზეზების ჩამოთვლისას საწვავის გაძვირებასთან ერთად აგრარულ ბაზარში მყიდველთა რიცხვის შემცირებასაც ასახელებს: „მოსახლეობა შარშან ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ხალხში ფული ტრიალებდა. პროექტი დამთავრდა და, შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველობისუნარიანობაც შემცირდა.“

მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის უმრავლესობაც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე გადადის. მათი კვება ძირითადად პურით შემოფარგლება.

ფასების ზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს გოჩა ბერიძეს. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი წინა წლის მოუსავლიანობაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, შიდა პროდუქციის მოცულობის გაანგარიშების საფუძველზე აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობას შემოსავალი სამომხმარებლო კალათის მინიმუმზე მაღლია:  „წელს თუ ამინდმა არ შეუშალა ხელი, მოსავალი მეტი იქნება. მოსალოდნელია პროდუქციის მოცულობის გაზრდა ახალციხეში 7-8, ჯავახეთში კი - 12 პროცენტით. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეც ფასები დაიკლებს. რადგან ბაზარში პროდუქტი რაც მეტია, მით დაბალია ფასები აქვს.“

ახალციხის, ადიგენის, ასპინძის მოსახლეობა ახალციხის ბაზარში ვაჭრობს. მათ სხვა რაიონებიდან პროდუქტების ჩამოტანაც საკმაო თანხა უჯდებათ. ამიტომაც სოფლის პროდუქტებზე თანხების დაკლება ვერაფრით წარმოუდგენიათ.  

,,გლეხის შრომას რომ თავი დავანებოთ, მანქანას ვქირაობთ კარტოფილი ან სხვა პროდუქტი ახალციხემდე რომ ჩამოვიტანოთ და ესენი კიდევ მეუბნებიან ფასს დაუკელიო. ამ ფულით, მერე მთელი წელი ოჯახი უნდა ვარჩინო,“ - ამბობს ნაზი ლონდარიძე.  

სოფლის მეურნეობის სპეციალისტის რეზო ანდღულაძის თქმით, წელს გლეხებმა სხვადასხვა მიზეზების გამო მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი ვერ დაამუშავეს, ამიტომ ნაადრევად მიაჩნია პროდუქციის მოცულობაზე საუბარი: „გლეხს მიწის დამუშავება ძვირი უჯდება. ნაკვეთში სასუქების შეტანაც ხარჯთანაა დაკავშირებული. ამიტომ პროდუქციის გაზრდასთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია”.
 

გულო კოხოძე, ახალციხიდან

ახალი ამბები