კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

80 წლის მოხუცს ჩვენებაზე უარის თქმის მოტივით ასამართლებენ

22 ივნისი, 2007

kacib.gifხულოს რაიონის სოფელ გელაურაში მცხოვრებ შახზად ვანაძეს სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო მოსამართლემ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. ვანაძის განცხადებით, მან ჩვენება სასამართლოს იმიტომ ვერ მისცა, რომ ფაქტის თვითმხილველი არ იყო და არ იცოდა მომხდარის შესახებ. ვანაძეს წაყენებული ბრალის მიხედვით 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შახზად ვანაძის წინააღმედგ სისხლის სამართლის საქმე ბოლო 6 თვის მანძილზე უკვე მეორედ აღიძრა. ორივეჯერ სამეზობლო კონფლიქტის გამო. იგი პირველ საქმეშიც დამნაშავედ ცნეს და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. 80 წლის მოხუცს სავარაუდოდ ქართული სასამართლო მეორეჯერაც გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.   

ვანაძე ახალ ბრალდებას გაუგებრობას უწოდებს. მისი თქმით, იგი სასამართლოში პოლიციამ დაიბარა. თავად კი კანონმდებლობის არ ცოდნის გამო გაუგებრობაში მოხვდა: „რამდენიმე თვის წინ ჩემი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს შორის კონფლიქტი მოხდა. მე მაშინ სახლში არ ვიყავი. სამკურნალოდ ბათუმში ვიმყოფებოდი. სასამართლოს დღეს, გამოძახება პოლიციამ მომიტანა და სასამართლოში მისვლა მომთხოვა. სასამართლოში განვაცხადე, რომ კონფლიქტის მონაწილე ჩემი ოჯახის წევრები ადგილზე არ იყვნენ და მოვითხოვე პროცესი გადადებულიყო. მოსამართლემ მითხრა, შენ ჩვენების არ მიცემაზე ხელი მომიწერე და სხვა პრობლემა არ არისო. მე ვუთხარი, რომ ჩვენებას მე ვერ მივცემდი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კონფლიქტის დღეს სახლში არ ვიყავი და რა მოხდა, არ ვიცოდი. ამის თქმით, თურმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩამიდენია.“

 ადვოკატი რამინ პაპიძის თქმით, ბრალდებულმა ჩვენება ფაქტობრივად მისცა: „ვანაძემ განაცხადა, რომ ჩვენებას ვერ მისცემდა, რადგან საქმის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ფაქტობრივად უკვე ჩვენებაა. მოსამართლემ ამ ნათქვამს, მექოთნესავით საიდანაც უნდოდა, ყური იქიდან მიაბა. ჩათვალა, რომ შახზადმა საერთოდ უარი განუცხადა სასამართლოს ჩვენების მიცემაზე. ჯერ ერთი, ასე რომ სდომებოდა, სასამართლოზე არ მივიდოდა. მეორეც, მოსამართლემ გამოიტანა დასკვნა, რომ მას სხვების მონაყოლით ეცოდინებოდა, რა მოხდა ინციდენტის დროს და დამალა.“ ადვოკატის თქმით, ახალი ბრალდებით ვანაძეს 6 თვიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან პირობითი სასჯელი ემუქრება.

ბრალდებული საქმეში მოსამართლის პირად დაინტერესებაზეც საუბრობს: „ჩემს ოჯახსა და მეზობელ რეჯებ შაინიძეს 30 წელია კონფლიქტური ურთიერთობები გვაქვს. შაინიძემ საცხოვრებელი სახლი, საზაფხულო სახლი მთაში და დიდი რაოდენობით დახერხილი ფიცრები დამიწვა. გასულ წელს ჩვენს ოჯახებს შორის შეტაკებაც მოხდა, რის გამოც პირველად აღმოვჩნდი ამ ხნის კაცი სისხლის სამართლის დამნაშავე. ახლანდელი კონფლიქტიც შაინიძეებთან მოხდა. ხულოს მოსამართლე, სალიხ შაინიძეა და ამ შაინიძეების ნათესავია.“

ვანაძე პირველ ინციდენტსაც იხსენებს და თავს იმ საქმეშიც უდანაშაულოდ მიიჩნევს: „შაინიძეები, სამი პიროვნება ჩემს შვილს თიბვის დროს დაესხნენ თავს. შვილს რძალი დაეხმარა. მე რომ მივედი, ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. ამას თავის ჩვენებაში თვითმხილველი სხვა მეზობელი და თავად თავდამსხმელი რეჯებ შაინიძეც აღიარებს. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთის ჩვენებით, თითქოს მე ნაჯახისა და ცულის ყუით თავის არეში დარტყმით მსუბუქი დაზიანება მივაყენე მაყვალა შაინიძეს, რაც სიცრუეა. განა შეიძლება ადამიანს თავში ცელის ან ნაჯახის ყუა ჩაარტყა და მხოლოდ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგეს?!“ - დაახლოებით ამავე შინაარსის წერილი მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის გაუგზავნა. იგი თავისი სიმართლის დამტკიცებაში დახმარებას სწორედ პრეზიდენტისაგან მოელის.

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები