კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რით ემუქრება ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორატი სტუდენტებს

26 ივნისი, 2007

cxinvalis_universitb.gifცხინვალის უნივერსიტეტის  ,,რევოლუციურ“ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან „ჰყრიან“. ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტის მესამე კურსელები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ასე აფასებენ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვინც წელს მესამე კურსი დაამთავრა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებენ სწავლას და სექტემბრამდე მეოთხე კურსსაც ექსტრემალურ პირობებში დაამთავრებენ.

ეს ის სტუდენტები არიან, რომლებმაც 2004 წელს უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ. იმ პერიოდში უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, განცხადების შემტანი ყველა აბიტურიენტი ჩარიცხეს. ეს ფაქტი კი იმით ახსნეს, რომ ცხინვალის უნივერსიტეტისთვის ,,კორუფციის“ იარლიყი ჩამოეცილებინათ და საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ცხინვალის უნივერსიტეტისთვის ,,სასწავლებლებში ფულით მოწყობის“ ინსტიტუტი პრიორიტეტი არ არის.

დევნილ უნივერსიტეტს ეს ქველმოქედება დღეს თავსატკივარი გაუხდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნივერსიტეტში დაახლოებით 2100 სტუდენტი სწავლობს, მესამე კურსელთა რიცხვი 700 სცილდება. სტუდენტთა სიჭარბემ უნივერსიტეტის აკრედიტაციას პრობლემა შეუქმნა. სასწავლებელში ერთ სტუდენტზე 1,5 კვადრატული მეტრი მოდის, მაშინ როდესაც მომავალი აკრედიტაციისთვის 4 კვადრატული მეტრია საჭირო. აკრედიტაცია უნივერსიტეტმა 2007 წლის სექტემბერში უნდა გაიაროს. თუმცა, 2006 წელს აკრედიტაცია მიიღეს. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ვინც 2006 წელს აკრედიტაცია გაიარა, აკრედიტრაციას გამკაცრებული პირობებით ხელახლა გაივლიან.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ირმა ახალკაცი ქარელის რაიონის სოფელ აგარიდანაა. ახალკაცი ამბობს, რომ რექტორატის გადაწყვეტილება მიუღებელია და არავითარი სურვილი არა აქვს მეოთხე კურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში დაამთავრობს.

,,უკეთესი იქნებოდა მეოთხე კურსი ნორმალურად დაგვემთავრებინა.  რაც ერთ წელიწადში უნდა გვესწავლა, ის სამ თვეში, ზაფხულში, უნდა ვისწავლოთ. ან ისედაც რას გვასწავლიან?“ - ამბობს ირმა ახალკაცი.

სტუდენტი ნესტან ლომსაძე კი ხაშურიდან დადის. მასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მოუწევს სწავლა. ,,სტუდენტობის ერთი წელი გვეკარგება. რაც მთავარია, სწავლის გადასახადი 100 დოლარი ისევ უნდა გადავიხადოთ. არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ უკითხავთ აზრი ეს კარგია თუ ცუდი,“ - ამბობს ნესტანი.

ვარიანელი იაგო ნაცვლიშვილი უფრო დეტალურად გვიყვება რექტორატის დამოკიდებულებას სტუდენტებისადმი. მისი თქმით, რექტორატი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცოტნიაშვილი სტუდენტებს სწავლის საფასურის გაზრდით და გამოცდების გამკაცრებით დაემუქრა, რაღა თქმა უნდა, თუკი სტუდენტები არ დაეთანხმებოდნენ ზაფხულის ექსტრემალურ სწავლებაზე გადასვლას.

,, მაშინ დაგვიბარეს, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გვითხრეს, რომ ან უნდა შეგვესრულებინა მათი ბრძანება ან კიდევ სწავლის საფასურს გაგვიზრდიდნენ. ვინც უფასოზე ვართ 1 100 ლარი დაგვეკისრებოდა, ვინც ფასიანზეა - 1 500 ლარი გაუხდებოდათ საფასური. გარდა ამისა, გამოცდებსაც გაგვიმკაცრებდნენ და გაგვამწარებდნენ,“ - ამბობს იაგო ნაცვლიშვილი.

სოციალურ-მეცნიერებათა, იურიდიული და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ იდეა კარგია. მისი თქმით, აღნიშნული იდეა თავად სტუდენტებისგან მოდის. ამავეს ამბობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ლევან მიდოდაშვილი.

ნუგზარ აბრამიშვილი:,,იდეა დაუსწრებელი სტუდენტებისგან მოდის. მათ გვითხრეს, რომ უმჯობესი იქნება სასესიო და საგამოცდო პერიოდი ზაფხულის პერიოდში ჩატარდეს. შემდეგ დავფიქრდით და ეს იდეა მესამე კურსელებსაც შევთავაზეთ და მოეწონათ. ეს კარგიცაა, რადგან თუ ისინი 2007 წლის სექტემბრამდე მთლიან კურსს დაამთავრებენ, აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომს მიიღებენ.“

ცხინვალის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ლევან მიდოდაშვილი სტუდენტების აზრს არ იზიარებს. მისი თქმით, სტუდენტების დაშინებას სწავლის საფასურის გაზრდით, გამოცდების გამკაცრებითა და არააკრედიტებული დიპლომის  აღებით, ადგილი არ ჰქონია.

,,ჩვენ ამჟამად იმაზე ვმუშაობთ, თუ როგორ მოგვარდება თვით ლექტორების ხელფასების ანაზღაურება. ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. რაც შეეხება მესამე კურსელი სტუდენტებისთვის ზაფხულის პერიოდში მეოთხე კურსის დამთავრებას, ეს უკვე გადაწყვეტილია და განათლების სამინისტროდანაც გვაქვს თანხმობა,“ - ამბობს ადმინისტრაციის უფროსი.

ლექტორები კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა, პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ აინტერესებთ როგორ მოხდება მათი შრომის ანაზღაურება. ებადებათ კითხვა, აიღებენ თუ არა ზაფხულის შვებულების ხელფასს, აგრეთვე იმ თანხას, რასაც ისინი შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულის პერიოში აიღებდნენ. ეს საკითხი ისევ გაურკვეველია.

სტუდენტური თვითმმართველობის ლიდერი რომა მამუჩაშვილი, რომელმაც სხვათა შორის, მესამე კურსი წელს დაამთავრა, აღნიშნავს, რომ რექტორის მხრიდან მას მუქარა არ მოუსმენია.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები