კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისი სკანდალური პროცესის მოლოდინშია

28 ივნისი, 2007

POLICIELIb.gif28 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქართული სამართალწარმოების კიდევ ერთი სკანდალური პროცესი განახლდება იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 19 წლის ვარლამ ფხაკაძე სასიკვდილოდ დაჭრეს.

7 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმიდან ერთი უკვე სასამართლო განხილვის სტადიაშია, მეორე კი, ვარლამ ფხაკაძის მიმართ სსსკ-ის 177-ე მუხლით, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ჯერ კიდევ წინასწარ გამოძიებაშია.

გარდაცვლილის მამის, ბორია ფხაკაძის ადვოკატმა რეზო თოფურიამ განცხადებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორს მიმართა და მოითხოვა, რომ წინასწარი გამოძიება ვარლამ ფხაკაძის მიმართ ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შეწყვეტილიყო არა გარდაცვალების, არამედ დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. რაზეც მან პასუხად მიიღო, რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ მხარეს დამატებით ეცნობებოდა. ამის შემდეგ ადვოკატმა იმავე მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართა საპატრულო პოლიციის ზედამხედველ პროკურორს, ლევან ზალკალიანს. შუამდგომლობა არც მან დააკმაყოფილა.

„ვარლამ ფხაკაძის მიმართ არსებული ეჭვი, რომ მას ქურდობის მცდელობა ჰქონდა, საქმის შედეგით დაინტერესებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოსაზრებებს ეფუძნება, რომელთა პასუხისმგებლობის შემსუბუქება წინასწარი გამოძიების მთავარი მიზანია და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აწ გარდაცვლილ ვარლამ ფხაკაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილი უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო,“ - აცხადებს ადვოკატი რეზო თოფურია.

ამის გამო, 5 ივნისს ადვოკატმა საჩივრით უკვე საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მიმართა, რომლისგანაც პასუხი ჯერაც არ მიუღია.

თუკი აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა, ეს დაცვის მხარის დიდი წარმატება იქნება, მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდა (რისი დიდი ალბათობაც არსებობს), მაშინ ისიც გარკვეულწილად წარმატება იქნება, რომ საქმე არ შეწყდეს არც გარდაცვალების და არც ქმედების არარსებობის გამო და იგი საბრალდებო დასკვნით სასამართლოში წარიმართოს. ამის შემდეგ დაცვას საშუალება მიეცემა ვარლამ ფხაკაძის უდანაშაულობა სასამართლოში ამტკიცოს.

ადვოკატის პოზიციას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ქუთაისში გოჩა ბაძგარაძეც და აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზეწოლის ყველა მშვიდობიან მეთოდს გამოიყენებს, რათა ვარლამ ფხაკაძის რეაბილიტაციას მიაღწიოს.  იგი მოითხოვს მკვლელებმა კანონის წინაშე სათანადოდ აგონ პასუხი. „თანასწორობის ინსტიტუტის“ პოზიციას ქუთაისში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უერთდებიან. სიმართლის გარკვევის მოთხოვნით მათ საპროტესტო აქციები ქუთაისში არაერთხელ გამართეს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისიდან

ახალი ამბები