კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონული სასამართლოში განაჩენები დროულად არ იწერება

30 ივნისი, 2007

გორის რაიონული სასამართლოში გამოტანილი  განაჩენების დაწერას არც ერთი მოსამართლე არ ჩქარობს. განაჩენი რომელიც მხარეებს 14 დღის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს, ფურცელზე ხშირ შემთხვევაში დაწესებულ ვადაზე გვიან გადადის.

რევაზ მენაბდიშვილს და თამაზ კუსრაევს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 18 წლის რევაზ მენაბდიშვილს ბრალი ჯგუფურ, ორგანიზებულ  ქურდობაში და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. პატიმრის ადვოკატი ნინო შავშიშვილი აცხადებს, რომ  რევაზ მენაბდიშვილი ქურდობის მუხლში აბსოლუტურად უდანაშაულოა.

„ბევრი საქმეზე ვარ ადვოკატი, სადაც ბრალდებული მეტ-ნაკლებად მართალია, მაგრამ ასეთი უდანაშაულო პატიმარი არ მინახავს,“ -ამბობს ნინო შავშიშვილი.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამარლემ ნინო გერგაულმა განაჩენი 30 მაისს გამოიტანა, მაგრამ განაჩენი მხარეებს მხოლოდ 21 ივნისს ჩააბარეს. მენაბდიშვილის ადვოკატი ნინო შავშიშვილი განაჩენის გამოცხადებიდან  20 დღის განმავლობაში, განუწყვეტლივ ითხოვდა განაჩენის ჩაბარებას, ვინაიდან ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპელაციის წესით აპირებს.

სასამართლოს განაჩენის ჩაბარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ დაუკავშირდა. ორი დღის შემდეგ ადვოკატს განაჩენი გადაეცა, მაგრამ მას გასაჩივრებისთვის მხოლოდ 9 დღე აქვს დარჩენილი, რაც ადვოკატისთვის ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან აპელაციის მომზადებას დრო სჭირდება.

მენაბდიშვილი ქუჩაში შემთხვევით შეხვდა მამიდაშვილს, თამაზ კუსრაევს, რომელსაც ნაქურდალი ორი ბოცა მოჰქონდა. ახალგაზრდები პოლიციამ სწორედ ამ დროს დააკავა. მენაბდიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელებს წინააღმდეგობას მართლაც უწევდა, მაგრამ მას ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია.

თამაზ კუსრაევი ქურდობას არ უარყოფს, მაგრამ აცხადებს, რომ ქურდობის დროს მასთან არ იმყოფებოდა რევაზ მენაბდიშვილი.

საქმეში არ ფიგურირებს არც ერთი მოწმე. დაზარალებული ილია კაპანაძე, რომლის სარდაფიდანაც კუსრაევმა ბოცები მოიპარა არ ჩივის და არც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საინტერესო, ისაა, რომ კაპანაძემ 6 ბოცა, კაბელი და ალუმინის ქვაბი დაკარგა, თუმცა, ორი ბოცისა და კაბელის გარდა, აღნიშნული ნივთები არსად ჩანს.
რევაზ მენაბდიშვილის დედა ნანა მენაბდიშვილი აცხადებს, რომ რეზო გარეთ სიგარეტის საყიდლად იყო გასული. მენაბდიშვილმა სიგარეტი მართლაც შეიძინა, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ კი მამიდაშვილს, თამაზ კუსრაევს შეხვდა. გამოძიებას მაღაზიის გამყიდველი არ დაუკითხავს.

წინასწარი ძიების მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა ახალგაზრდებმა პოლიციის თანამშრომლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, დაკავების ადგილიდან ამოღებულ იქნა, ორი ბოცა, დენის კაბელი და დანის შავი ქარქაში. საქმეში მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ჩნდება დანა, რომელიც პოლიციამ დაკავებულებისგან სამმართველოში ამოიღო.

30 მაისს გამოტანილ განაჩენში, მოსამართლე არ იზიარებს ბრალდებულების ჩვენებებს, სასამართლომ მხოლოდ  პოლიციელების ჩვენებები გაიზიარა და განაჩენი ასე გამოიტანა.

საქმეში არც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რევაზ მენაბდიშვილი ქურდობაში მონაწილეობას იღებდა, არ არის. თუმცა, აღნიშნულის გამო, გორის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ასევე არ ჩანს მენაბდიშვილის და კუსრაევის დანაშაულებრივად დაკავშირების  ბრალი. რაც ჯგუფურ დანაშაულს  გამორიცხავს. 

გორის რაიონულმა სასამართლომ მენაბდიშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის 3500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ქურდობისთვის 4 წლით, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა  შეუფარდა ( სულ 8 წლით თავისუფლების აღკვეთაა).

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნათია ქალიაშვილი: „ამ საქმეში არ არსებობს არც ერთი რეალური მოწმე, ვინც ფაქტს შეესწრო და ამოცნობას შეძლებდა. გამოძიებას არ დაუდგენია, ჰქონდა თუ არა ალიბი მენაბდიშვილს, არ დაკითხულა მაღაზიის მეპატრონე, სადაც მენაბდიშვილმა სიგარეტი შეიძინა. საეჭვოდ გამიყურება ის ფაქტი, რომ ორ ადამიანს სულ ორი ბოცა მოჰქონდა, მაშინ, როცა დაზარალებული ამტკიცებს, რომ ექვსი ბოცა დაკარგა. სამართალდამცავები არ ცდილობენ დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება. საქმე აშკარად შეკოწიწებულია. თუკი დამნაშავეს ქუჩაში ვინმე შეხვდა და გამოელაპარაკა, ეს არ ადასტურებს, იმას, რომ დანაშაული მათ ერთად ჩაიდინეს. მითუმეტეს კუსრაევი აცხადებს, რომ ქურდობის დროს ის მარტო იყო. ორ ადამიანს სულ ცოტა სამი ბოცა მაინც აღმოაჩნდებოდა. არც ის მტკიცდება, რომ ბოცები მაინცადამინც ილია კაპანაძის იყო. საქმე არსებითად და ობიექტურად თუ განიხილება, აუცილებლად მოხდება მისი დაშლა, რადგან საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის გამყარებული.“

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები