კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,გლეხები” ქალაქში ვერ ჩადიან

3 ივლისი, 2007

matarebelib.gif

შიდა ქართლში ხილის ,,ბუმია”. წელს გლეხებმა ხილის დიდი მოსავალი მიიღეს. შარშანდელი წლისგან განსხვავებით, გორის რაიონის მოსახლეობას, წელს, ,,წელში გამართვის” იმედი ჰქონდა. თუმცა, ეს იმედი მალევე გაქრა. უხვი მოსავალი - განსაკუთრებით ბალი, გლეხმა სად წაიღოს არ იცის. უფრო სწორად, გასაყიდად გამზადებული ხილი როგორ წაიღოს ქალაქში, აი ეს არ იცის...

იმის გამო, რომ წელს გორის რაიონში ერთი ჰექტარი მიწაც არ მორწყულა, ხილს დიდი ფასი დაედო. იმის გამო, რომ მოსახლეობა ბაღებს ვერ რწყავდა, მათ სათესლე მეურნეობას თავი დაანებეს. წელს ლობიოს, სიმინდის და ხახვის მოსავალს არ ელოდებიან.

,,მთელი ზამთარი, ოჯახს, ჩემს ნაკვეთში მოყვანილი ლობიოთი ადვილად ვარჩენ ხოლმე. წელს წყალი არ იყო რომ მომერწყა. ეხლა რომც გამოუშვან წყალი, მაინც ვეღარ უშველის გამხმარ მოსავალს. ამ უწყლობას ხეხილმა მაინც გაუძლო და დიდი მოსავალი მოვიდა. სად წავიღო ეს ამოდენა ბალი არ ვიცი. ადვილი რომ იყოს მისი ჩატანა ქალაქში, ბალს გავყიდიდი და იმ ფულით სხვა პროდუქტს ვიყიდიდი,” - ჩივის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ესტატე ბერიკაშვილი.

გორის რაიონის სოფელი სკრა ცნობილია ატმისა და ბლის მოსავალით. ყველაზე მძიმე სიტუაციაში სწორედ სკრელები არიან. შალიკო მურადაშვილი ამბობს, რომ სწორედ ქალაქელებმა უნდა იაქტიურონ იმისათვის, რომ სოფლის პროდუქცია ქალაქში ჩავიდეს.

,,ბალი გასაყიდად ძირითადად თბილისში ჩამქონდა. გორში ჩატანას აზრი არა აქვს, რადგან იქ ბალი ისედაც თავზე საყრელია. მაინტერესებს, რატომ არ ფიქრობს მთავრობა გლეხზე? შევარდნაძეს რომ აძაგებენ, სწორედ მაშინ არ იყო ქალაქში ჩასვლის პრობლემა. ჩვენი სოფლის გავლით დილაობით სამი მატარებელი მიდიოდა ქალაქში. დღეს მხოლოდ ერთი მოძრაობს, ბორჯომი-თბილისის ელექტრიჩკა. ისიც ჩვენთან დილით ათ საათზე ჩერდება. ქალაქში რომ შუადღის პირველ საათზე ჩახვალ, რაღა აზრი აქვს ასეთ ჩასვლას. ისევ უკან ხომ არ წამოიღებ? ბევრს გადაუყრია ხილი ნაგავში. ამ დროს თბილისის დეზერტირების ბაზარში არავინ დაგაყენებს. მთელი დახლები ვაჭრებით არის სავსე და იმათა აქვთ დაკავებული ადგილები. გლეხის შრომა და წვალება არ ფასდება,” - ჩივის შალიკო მურადაშვილი.

მატარებლებით მგზავრობა 19 ივნისიდან კიდევ უფრო გართულდა. რკინიგზის შეფის ირაკლი ეზუგბაიას ბრძანებით, საგარეუბნო ელექტრიჩკების რამდენიმე ხაზი მოიხსნა. დილის საათებში თბილისისკენ მხოლოდ ორი ელექტრიჩკა მოძრაობს. ესენია ნიქოზი-თბილისი და ბორჯომი-თბილისი.

ნიქოზი-თბილისის მატარებლით ძირითადად გორის რაიონის მოსახლეობა სარგებლობს. ეს მატარებელი უმეტესად რკინიგზის დეპოში დასაქმებულ მუშებს ემსახურება. ამ მატარებელს ქარელის, ხაშურის და გორის რაიონის ის მაცხოვრებლები ვერ იყენებენ, ვინც გორის დასავლეთით ცხოვრობენ. ამ რაიონებს მხოლოდ ბორჯომი-თბილისის მატარებელი ემსახურება. ისიც დაგვიანებით მოდის და მგზავრებით არის გადაჭედილი. იქ გლეხების ბარგისთვის ადგილი არ რჩება.

გორში მაცხოვრებელი ნელი თედლიაშვილი აცხადებს, რომ აუტანელია თბილისამდე სამგზავრო მატარებლით მგზავრობა. ხაშური-თბილისის 9 საათიან ელექტრომატარებლის გაუქმებით, მგზავრთა ნაკადი ათსაათიან ბორჯომი-თბილისის ელექტრომატარებელს მიაწყდა.

,,ვერ წარმოიდგენთ იმ სიტუაციას, რაც ამ მატარებელში ხდება. ყველა ერთმანეთშია არეული. ჯერ ერთი, მგზავრობის ღირებულება ლარი რომ გახადეს, მგზავრობისათვის ნორმალური პირობები თუ შექმნეს? ნაგავს მიაქვს მატარებელი. დასაჯდომ ადგილს ვინ ჩივის, ბარგის დასადები ადგილიც კი არ არის. მეორეც ეს მოძველებული მატარებლები ისე ნელა დადის, გული შეუწუხდება ადამიანს. 2-3 საათი შეუძლებელია ასეთ პირობებში მგზავრობა. მატარებლის მოლარეებიც მგზავრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ,” - აცხადებს ნელი თედლიაშვილი.

ერთი სიტყვით, რკინიგზის დეპარტამენტი დიდი ხანია ელექტრიჩკებთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებს. მგზავრთა ნაკადი იმდენად დიდია, რომ მოლარეებს გასაყიდი ბილეთებიც კი არ რჩებათ. თავის დროზე რკინიგზის დეპარტამენტის პოზიცია ასეთი იყო, რომ მომრავლებული ელექტრომატარებლები სატვირთო მატარებლების მოძრაობას აფერხებენო. ასე, რომ რკინიგზისთვის ნავთობის ცისტერნების გადაზიდვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსახლეობის ტრანსპორტირება.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები