კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოება ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებს

4 ივლისი, 2007

საკრებულოს თავმჯდომარეს 1500, გამგებელს 2100

xelisuflebab.gif

უსახსრობის საბაბით რეგიონებში ასობით საბავშვო ბაღის, კულტურისა და წიგნის სახლების დახურვის, უკიდურესად გაჭირვებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაუქმების ხარჯზე, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებმა და გამგებლებმა ხელფასები მოიმატეს. საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 1500, ხოლო გამგებლის 2100 ლარი გახდა. ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციებიდან მიღებული დავალების შემდეგ, ადგილობრივმა თვითთმმართველობებმა რიგგარეშე სესიებზე მიიღეს, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ჩინოვნიკებისთვის ხელფასის გაზრდამდე სამი თვით ადრე, რეგიონის გუბერნატორების მითითებით, როგორც საკრებულოდან, ასევე გამგეობიდან თანამშრომლები მასობრივად დაითხოვეს. ამის მიზეზად ჩვენთან საუბარში მაშინ პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გია ნაცვლიშვილმა ადგილობრივ ბიუჯეტებში გაზრდილი სახელფასო ფონდები დაასახელა. “თითქმის ყველა რაიონში ბიუჯეტების დიდი ნაწილი სახელფასო ხარჯებზეა მიმართული. არადა რას აკეთებენ ეს ადამიანები? დიდს არაფერს. ბევრი მათგანი საერთოდ უსაქმოდ არის დარჩენილი. საკრებულოებსა და გამგეობებში, ამდენი თანამშრომელი საჭირო არ არის. მაგალითად, თელავის საკრებულოს 15 თანამშრომელი ჰყავს, გამგეობას 84; ახმეტის საკრებულოს 22, გამგეობას 71; საგარეჯოს საკრებულოს 17, გამგეობას 94; იგივე მდგომარეობაა ყველა რაიონში. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს ვეღარ გაურკვევიათ, ვინ საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს და ვინ აღმასრულებელს. ...სამსახურებიდან თანამშრომელთა გათავისუფლებისა და სხვებისთვის ხელფასების შემცირების ხარჯზე, სოფლებში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ეს ასეც იქნება. ზოგიერთ სოფელში ხალხი უწყლოდ იხოცება,” - განაცხადა მაშინ პრეზიდენტის რწმუნებულმა.

სოფლებში რომ არაფერი შეცვლილა, ამაში თავად დავრწმუნდით. მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები, როგორიცაა სასმელი წყლის არ ქონა, უგზოობა და სხვა, კვლავ მოუგვარებელია. მნიშვნელოვანი ცვლილებები არც ქალაქებს დასტყობია. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქალაქის გასალამაზებლად ელემენტალური სამუშაოებიც კი არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით ურიგოდ შეღებილ ერთი-ორ შენობას. მიუხედავად ამისა, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების გამგებლები თვლიან, რომ მათ ხელფასები დამსახურებულად გაეზარდათ.

“ჩემი სახელფასო ანაზღაურება გასულ კვირამდე 1100 ლარს შეადგენდა. საკრებულომ, რომელიც გამგებლის და გამგეობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ხედავს, ჩათვალა, რომ წინ მივდივართ, რეალურად ვმუშაობთ და ამიტომ ხელფასი 1000 ლარით მომიმატეს,”- განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ლეკიშვილმა.

გამგებლისთვის ხელფასის მომატების საკითხს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ბუჩუკური საკრებულოს ნებით ხსნის. “საკრებულოში მუშაობს სამანდატო – საპროცედურო კომისია, რომელმაც მოამზადა პროექტი, ხელფასების გაზრდის თაობაზე. საკრებულომ წარმოდგენილი პროექტის შესახებ, გასულ კვირას რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და ხელფასებიც ამის შემდეგ გაიზარდა,”- გვითხრა ბუჩუკურმა.

- ბატონო გივი, ჩვენ გავესაუბრეთ დედოფლისწყაროელებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბოლო თვეების მანძილზე რაიონში არაფერი შეცვლილა. რით დაიმსახურეთ 1500 ლარი თქვენ და 2100 ლარი გამგებელმა? საგულისხმოა, რომ საკრებულოს და გამგეობის დანარჩენი თანამშრომლების ხელფასის ოდენობა უცვლელია.

"გშურთ ჩემი ხელფასი? როცა შეგვიმცირეს ხელფასები, რატომ მაშინ არ თქვით არაფერი? მოკლედ, მეტს ვერაფერს გეტყვით. რა ყველაფერი გაინტერესებთ?"- გაოცება ვერ დაფარა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად რომ ვერ იღებს და ცოტა ხნის წინ, ხელფასების შემცირებისა და გასულ კვირას სარგოს გაზრდის ინიციატივაც მათ რომ არ ეკუთვნით, ამას თავად საკრებულოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ. “სამხარეო ადმინისტრაციიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გამგებლისთვის და საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხელფასები უნდა გაგვეზარდა. ჩვენც საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოვიწვიეთ, გავიტანეთ წინადადება და დავამტკიცეთ წარმოდგენილი პროექტი. რა, არ გვეკუთვნის მომატებული ხელფასები?”- იკითხა გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ აბრამიშვილმა.

ხელფასების გაზრდის დავალება სამხარეო ადმინისტრაციიდან რომ მოდის, ეს არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გია წვერავამ უარყო. “ალბათ იფიქრეს და გადაწყვიტეს, დაბალი ხელფასები აქვთ და გავუზარდოთო. ამის თაობაზე პირველად გამგებელმა მითხრა, სამხარეო ადმინისტრაციიდან დამაბარესო. გადავამოწმეთ და ნამდვილი აღმოჩნდა. როგორც ყველა რაიონში, გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასები ჩვენც გავუზარდეთ,” - ამბობს წვერავა.

ჩინოვნიკებისთვის ხელფასის გაზრდა მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. მათთვის ამის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

“20 წელია სასმელი წყალი არ გვაქვს. წყალს, სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით არსებული წყაროდან ხელით ვეზიდებით. წყლის სისტემის სარებილიტაციოდ თანხები რამდენჯერაც გამოყვეს, იმდენჯერ მიითვისეს. გზა ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერი თავზე გვენგრევა. სოფელში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და კლუბიც დახურეს, ადგილობრივ ბიუჯეტს უჭირსო. მოზარდ თაობაზე და ახალგაზრდებზე არავინ ზრუნავს. სხვა ბევრი პრობლემაც გვაქვს. ალაზნის სარწყავ არხში წყალი ისევ დაწყვიტეს. მოსავალი ხმება და პატრონი არავინ გვყვავს, რომ მოგვხედოს. გამგებელთანაც მივედით და საკრებულოს თავმჯდომარესთანაც, მაგრამ იცით, რა გვითხრეს, აბა, ჩვენ რა შეგვიძლია, წყალს კერძო კომპანია გაწვდითო. ხელფასის მომატება ხომ იციან?!  მაინც რა დამსახურებისთვის მოიმატეს ხელფასები, ვერ გავიგეთ,” - გვითხრა სოფელ გურჯაანის მკვიდრმა გიორგი ჯავშანაშვილმა.

მომხდარს უარყოფითად აფასებენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

“საკრებულოებისა და გამგეობის სამსახურებში, უშუალოდ ხელმძღვანელი პირების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფონზე, ჩინოვნიკებს ხელფასი კი არ უნდა მოემატოთ, არამედ დასჯის მიზნით, უნდა შეუმცირდეთ. ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებების გაუქმებას, როგორიცაა საბავშვო ბაღი, წიგნის სახლი, ხელოვნების, სპორტული სკოლები და სხვა, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვით ხსნიან. ერთიმეორის მიყოლებით გააუქმეს აქამდე ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების პაკეტები, საიდანაც სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდნენ, კრიტიკულ სიტუაციაში დახმარება ეძლეოდათ. თუ ასე ცუდი ფინანსური მდგომარეობაა ადგილობრივ ბიუჯეტებში, მაშინ თავად როგორ იმატებენ ხელფასებს?” - აცხადებენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.

ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებენ “ახალი მემარჯვენეებიც”. დღეს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ, რომელსაც ლიკვიდირებული საბავშვო ბაღების, წიგნისა და კულტურის სახლების თანამშროლებიც დაესწრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები