კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოს შენობის წინ ხუთი შვილის დედა შიმშილობს

9 ივლისი, 2007

ema_nozazeb.gifგურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობის წინ ხუთი შვილის დედა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შიმშილობს. სოფელ ყიტაანში მცხოვრები ოსი ეროვნების ქალბატონი ემა ნოზაძე, ადგილობრივ სამართალდამცავებს კანონდარღვევებში ადანაშაულებს და რაიონული სასამართლოს მოსამართლის იმ ბრძანებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მას წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

ემა ნოზაძე, რომელიც ხუთ შვილს ზრდის, შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელმა გოგიტა ათანელიშვილმა 2007 წლის 22 ივნისის დადგენილებით პასუხისგებაში მისცა, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილით (ხულიგნობა), რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ემა ნოზაძემ 2006 წლის 16 აგვისტოს, ქ. გურჯაანში ხულიგნობა ჩაიდინა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. კერძოდ, მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  ნ. ჯაფარაშვილს, რომელიც, გურჯაანის აგრარული ბაზრის თავში, მისი ჯიხურის გვერდით ყვავილების რეალიზაციას ეწევა. ნოზაძე ბრალდებულად ვცანით ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში. რადგან, იგი არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს არ შეუშლის წინასწარ გამოძიებას, ამიტომ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, ნოზაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდების შესახებ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა,”- აცხადებს გამომძიებელი გოგიტა ათანელაშვილი.

რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ბრალდებულმა ნოზაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მოსამართლე ირაკლი ჟორჟოლიანმა საჩივარი დაუშვებლად სცნო და განუხილველად დატოვა.

15 ივლისამდე გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ნოზაძეს პატიმრობა ემუქრება. იგი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას ვერ შეძლებს, რადგან მას არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, არის ონკოლოგიური ავადმყოფი, განქორწინებულია მეუღლესთან და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ, მისი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს „სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული დახმარება შეადგენს.

“დანაშაული არ ჩამიდენია, არავინ მიცემია, მაგრამ პოლიციის აგენტი მემუქრება, ჩემს წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენება რომ მიეცი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვარ მიცემული, სიცოცხლეს გაგიმწარებო, რაშიც მას თავად პოლიციელებიც ეხმარებიან. სწორედ მათი წყალობით და ზეწოლის შედეგად მოიპოვა გამომძიებელმა ათანელიშვილმა მოწმეთა ჩვენებები, სადაც ისინი ამბობენ, თითქოს მე ჯაფარაშვილს ვცემე. სადაც მივედი, პოლიციაშიც და პროკურატურაშიც, ყურადღება არავინ მომაქცია. მომჩივანი და პოლიციის აგენტი კი მემუქრებიან, სულ ერთია საქართველოდან უნდა გაგაგდოთ, ოსი ხარ და ოსეთში წაეთრიე შენი ბავშვებითო,” - აღნიშნავს ემა ნოზაძე და დახმარებას უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვს. განცხადებით მან უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს.

ორგანიზაციის იურისტებმა, რომლებიც ნოზაძეს იურიდიულ დახმარებას უწევენ, შესაძლებლობების ფარგლებში შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გამომძიებლისთვის მოწმეებს ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციის თანამშრომლების ზეწოლის შედეგად და არ არსებობს ასევე საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ნოზაძისთვის ბრალი წარედგინათ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

პროტესტის ნიშნად, ნოზაძემ, გუშინ საღამოს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობის წინ, სამ მცირეწლოვან, 4, 6 და 7 წლის ბავშვებთან ერთად შიმშილობა დაიწყო. ხულიგნობაში ბრალდებული შიმშილობის შეწყვეტას სიმართლის გარკვევამდე არ აპირებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა, ნოზაძე, რომელიც დღეს კანონდამრღვევი პოლიციის მაღალჩინოსნების მხილებას გეგმავს, შესაძლოა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრონ. “ამასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოვთქვამთ წინასწარ და შესაბამის ორგანოებს და სახალხო დამცველს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოვუწოდებთ,” - აღნიშნეს ცენტრის იურისტებმა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები