კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

8 წლის ბავშვს ბაბუის ნაანდერძევ სახლს ართმევენ

10 ივლისი, 2007

xvedelizes.gif“სასამართლოდან რომ მოვდიოდით, ჩემმა 8 წლის შვილმა მითხრა: დედიკო, ისეთ დღეში ვართ, რიონში თუ გადავვარდებით და თავს დავიხრჩობთ, თუ არა, სხვა გამოსავალი აღარ გვაქვსო. შვილს რას ვერჩი, მაგრამ მე სხვა გამოსავალი, მართლაც, აღარ დამრჩენია. დანაშაულის გრძნობის გამო საკუთარ შვილებს თვალებში ვეღარ ვუყურებ. სამი წელია, ჩემი შვილი კეთილი ადამიანების დახმარებით, ბაბუისაგან ნაანდერძევი სახლის კანონიერ მფლობელობაში დაბრუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული. ამისი მიზეზი კი, ჩემი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება და რამდენიმე ადამიანის მუხანათური მოქცევა გახდა,” - აცხადებს 8 წლის ციცინო ხვედელიძის დედა. მზია ხაჭიპერაძემ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ბიუროს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის “ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” ყოფილი სამსახურის ყოფილი უფროსის მაგული გიორგაძის მეშვეობით მიაკითხა.

ყველაფერი კი, 2004 წლის იანვარში, ციცინოს ბაბუის, გივი ხვედელიძის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ბაბუამ სიკვდილის წინ თავისი საცხოვრებელი სახლი ანდერძით 5 წლის შვილიშვილს დაუტოვა. რძალმა მამამთილის დასაფლავების ხარჯების დასაფარად აღებული ვალის გასასტუმრებლად თანხის სესხება გადაწყვიტა, გარანტიად კი, საკუთარი მცირეწლოვანი შვილის კუთვნილი სახლის ჩადება განიზრახა და თანხის გამსესხებლის ძებნა დაიწყო. დაინტერესებული პიროვნება მალე გამოჩნდა. მოქალაქე გულნაზი ჟორჟოლაძემ, რომელიც მსგავს საქმიანობას ეწეოდა, მზია ხაჭიპერაძეს გრიგოლ წაქაძე გააცნო, რომელსაც თითქოს მისთვის ფულის სესხება შეეძლო. ჟორჟოლაძე და წაქაძე ისე დაინტერესდნენ ხვედელიძეების საცხოვრებელი სახლის იაფად ხელში ჩაგდებით, რომ კანონის თანახმად, საჭირო 6 თვის გასვლასაც არ დაელოდნენ და ნოტარიუს მაგული ბრეგაძის ხელშეწყობით, სამემკვიდრეო გივი ხვედელიძის გარდაცვალებიდან ორ თვეში გახსნეს. აქედან 3 დღეში კი, სახლი უკვე იპოთეკით დაიტვირთა.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის “ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” სამსახურის უფროსმა მაგული გიორგაძამ მომხდარის შესახებ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით შეიტყო, რომელშიც აღნიშნული სახლის აუქციონის წესით გაყიდვაზე წერდნენ. მისი განმარტებით: “მართალია, დედა და მამა თანახმა იყვნენ, მაგრამ ბავშვის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, არასრულწლოვანი ბავშვი დაიცვას მშობლის თუ ნებისმიერი სხვა პიროვნების ხელყოფისაგან. ამ შემთხვევაში მშობელმაც ხელყო ამ ბავშვის ქონება. მაგრამ ნოტარიუსი მიხვდა რა იმას, რომ უკანონოდ ჰქონდა ეს ხელშეკრულება გაფორმებული, ჩვენთან გამოგზავნა მშობელი და განცხადება დააწერინა, რომ დაგვერთო ნება, მისი შვილის სახელზე რიცხული ბინა იპოთეკით დაეტვირთა. ჩვენ უარი ვუთხარით, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, რადგან ჩვენი თანხმობა ნოტარიუსს მხოლოდ პოზიციის გასამყარებლად სჭირდებოდა.”

ამის შემდეგ საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 5 წლის ციცინო ხვედელიძის ინტერესებს საკუთარი დედისა და მოძალადე მევახშეების წინაშე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის “ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” სამსახური იცავდა.

სასამართლო განხილვის დროს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებული სხვა დარღვევებიც გამოვლინდა. კერძოდ, თავდაპირველად მზია ხაჭიპერაძესა და გრიგოლ წაქაძეს შორის ხელშეკრულება ფულის სესხების შესახებ 6 თვის ვადით იყო დადებული, მაგრამ სანოტარო აქტში მომხდარი უკანონო შესწორების შემდეგ თარიღი 2 თვემდე შემცირდა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ბიუროში მზია ხაჭიპერაძე ყვება: “ორ თვეში მივუტანე პროცენტი, თავნის ნაწილი, მაგრამ არ მიიღო მევახშემ. ფული როცა ვისესხე, 2000 დოლარი მომიტანეს, მაგრამ აქედან ხელზე მხოლოდ 1200 დოლარი მომცეს. 800 დოლარი იქვე დაირიგეს ნოტარიუსმა, მევახშემ და მაკლერებმა, საქმის წარმოებას და დოკუმენტების გაფორმებას ჭირდებაო. იპოთეკაში კი 3000 დოლარი დამიწერეს. როცა ამის მიზეზი ვიკითხეთ მე და ჩემმა ქმარმა, გვითხრეს, რომ ეს ასე მხოლოდ ჩაიწერებოდა და როცა ფულს დავაბრუნებდით, ამ დაწერილს დახევდნენ, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა. დოკუმენტი გააყალბეს და პროცენტების დამატებით ეს თანხა 7000 დოლარამდე ავიდა. შემდეგ კი, როცა ის ორი თვე გავიდა, მეორე მხარემ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი შვილის სახლი აუქციონზე გაყიდულიყო.”

ორწლიანი სასამართლო დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მცირეწლოვანი ციცინო ხვედელიძის სასარგებლოდ გადაწყდა. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის “ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” სამსახურმა ამ შემთხვევაში თავისი ფუნქცია შეასრულა და იმ ეტაპზე ბავშვი საცხოვრებელი სახლის გაყიდვისაგან იხსნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოპირდაპირე მხარემ საქმე სააპელაციო სასამართლოში წარმართა, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის “ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” სამსახური გაუქმდა და მაგული გიორგაძესაც იმის საშუალება წაერთვა, რომ თავისი ყოფილი ბენეფიციარის ინტერესების დაცვა გაეგრძელებინა.

დამცველის გარეშე დარჩენილმა ხვედელიძეებმა დახმარებისათვის ქუთაისის მერს მიმდინარე წელს ორჯერ, იანვარსა და აპრილში მიმართეს. 23 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“თუ არ დამეხმარებით, იძულებული ვიქნები, დავხოცო ჩემი შვილები და მეც მოვიკლა თავი, რადგან ჩვენ სხვა თავშესაფარი არსად გვაქვს, გარდა იმ სახლისა, რომელიც ჩემი შვილის იყო და სხვამ მუხანათურად წაგვართვა. იმედი მაქვს, არ გაწირავთ ჩემს ორ შვილს...”

მზია ხაჭიპერაძე ყვება, რომ როცა ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყვა, ქალაქის მერთან მიღებაზე შევიდა და თავისი მდგომარეობა აუხსნა: “რადგანაც ქალბატონმა მაგულიმ კარგად იცოდა ჩვენი საქმე და რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩემი შვილის სასარგებლოდ მოიგო, ისევ მიეცათ რწმუნება, რომ სასამართლოში წამოგვყოლოდა. მაგრამ ქუთაისის მერმა  გვითხრა, მაგული თუ არ იქნება, სხვა ვინმე არანაკლებ დაგიცავთო. სინამდვილეში კი, რა გაკეთდა? 4 საათზე დასაწყები პროცესი 7 საათამდე არ დაიწყო, სკოლიდან წაყვანილი ბავშვი მშიერი მელოდებოდა. საბოლოოდ კი, მეორე მხარის გამოუცხადებლობის გამო სასამართლო გადაიდო. ლაშა გვენეტაძემ, რომელსაც მერიიდან ჩვენ ინტერესები უნდა გამოეხატა, პროცესზე განაცხადა, მე ამ საქმეს არ ვიცნობო. მოსამართლემ შემოგვთავაზა, თუ ადვოკატის დაქირავების საშუალება არ გაქვთ, განცხადება დაწერეთ და სახაზინო ადვოკატი დაგიცავთო. ვიცი, როგორც დამიცავს. მაგათ ის უნდათ, ჩემი შვილის ქონება ხელში ადვილად ჩაიგდონ. მერია კი, თავისი უმოქმედობით, ჩემი შვილის ნაცვლად მათ ეხმარება.”

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” დაინტერესდა, თუ რა რეაგირება მოხდა მერიის მხრიდან მზია ხაჭიპერაძის განცხადებებზე. როგორც გაირკვა, აღნიშნული განცხადებები ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების უფროსს მაყვალა ქობულაძესა და იურიდიულ სამსახურს დაეწერა. მაყვალა ქობულაძემ გაწეულ რეაგირებაზე კომენტარი ვერ გააკეთა, რადგან მან ვერ გაიხსენა რომელ განცხადებაზე იყო საუბარი. რაც შეეხება იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა გვენეტაძეს, მან განგვიმარტა, რომ სასამართლო პროცესის გადადება სააპელაციო სასამართლოში მისი მოთხოვნით მოხდა, რადგან საქმის მასალებს არ იცნობდა და მისი გაცნობისათვის დრო სჭირდებოდა. რაც შეეხება ციცინო ხვედელიძის ინტერესების დაცვას, ამას იგი მომდევნო სასამართლო სხდომაზე, აუცილებლად შეეცდება.

ამასობაში, მცირეწლოვანი ბავშვის ცხოვრება საკუთარ სახლში აუტანელი გახდა იმის გამო, რომ მის ოჯახს ავიწროვებენ და სახლის დატოვებას აიძულებენ. როგორც გაირკვა, მევალე გრიგოლ წაქაძემ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მიმართა. მათაც არ დააყოვნეს, 4 ივნისს, ხვედელიძეებს მიადგნენ და ციცინო ხვედელიძეს ახალი მესაკუთრისთვის ბინის დაცლა მოსთხოვეს. ამასთან, ისიც კი არ იცოდნენ, რომ ბინის ძველი მესაკუთრე 8 წლის ბავშვია და ის ბინის დაცლას და მათთვის პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა.

ხვედელიძეების სახლი პოლიციელებმა მას შემდეგ დატოვეს, როცა მაგული გიორგაძემ მათ 2007 წლის 7 თებერვლის სასამართლო განჩინება წარმოუდგინა, რომლის თანახმადაც, ციცინო ხვედელიძის ბინიდან გამოსახლების თაობაზე საქმის წარმოება შეჩერდა მცირეწლოვანის მშობლების, ნოტარიუსის და გრიგოლ წაქაძის წინააღმდეგ, “ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” სამსახურის უფროსის მაგული გიორგაძის სარჩელის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ციცინო ხვედელიძის მამის, ჯამბულ ხვედელიძის მარწმუნებლის, ქეთევან მესხის მიერ წარმოდგენილი საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გარიგება უკანონოდ იყო გაფორმებული, რაც პროკურატურის შესწავლის საგანს წარმოადგენდა, არ განიხილა. შედეგად სასამართლო კოლეგიამ სიმონ ჩხაიძის თავმჯდომარეობით, გადაწყვიტა: “გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე # 2/915 იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო აქტი # 1 – 1676 სესხის უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.”

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ვითარება. ქეთევან მესხის მიერ ქვეყნის  სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი განცხადებების საფუძველზე, იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაწყებული გამოძიების შედეგად გამოვლინდა ციცინო ხვედელიძის სახლის იპოთეკით დატვირთვის დროს სხვადსხვა პირთა მიერ დაშვებული ის დარღვევები, რომელთა შესახებაც მოსარჩელე ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მიუთითებდა. შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

“ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის” ყოფილი სამსახურის ყოფილი უფროსი მაგული გიორგაძე კი, ჯამბულ ხვედელიძის მარწმუნებელ ქეთევან მესხთან ერთად, მალე უზენაეს სასამართლოს მიმართავს, სადაც იგი ციცინო ხვედელიძის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

ლელა ხიდაშელი ქუთაისიდან

ახალი ამბები