კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცემენტის მტვერი - კასპელების მოუგვარებელი პრობლემა

11 ივლისი, 2007

kaspib.gif

“ცემენტის მტვრის” პრობლემა კასპში ძველი, მაგრამ მუდამ ახალია, რადგან მის მოგვარებას წლების მანძილზე საშველი არ დაადგა. კასპის რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ფილტვებისა და თვალის ავადმყოფობებს უჩივის.

ხალხი დღემდე ერიდება ხმამაღლა არ განაცხადოს “კასპიცემენტის” მავნე ზეგავლენაზე, რადგან კასპელების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქარხანაშია დასაქმებული, ამიტომ ისინი  მტვერთან ერთად იმასაც ყლაპავენ, რომ “კასპიცემენტი”, მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

რამდენიმე წლის წინ კასპელმა გამომგონებელმა ნუგზარ დალაქიშვილმა ცემენტის ქარხნისთვის ფილტრიც გამოიგონა, რომელიც გამოცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მტვრის შეკავებას თითქმის ასი პროცენტით ახერხებდა, თუმცა, იმის გამო, რომ გამომგონებელმა, ხელისუფლებას ფილტრები უასასყიდლოდ არ დაუთმო, ერთ ღუმელზე საცდელად დამონტაჟებული ფილტრი ისევ გამომგონებელს დაუბრუნეს და განუცხადეს, რომ მას გამოგონება მოპარული ჰქონდა და მისი გამოგონებული ფილტრები მტვერს არ აკავებდა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ გამომგონებელი ფილტრის საფასურად მიზერულ თანხას ასახელებდა (დაახლოებით 45 ათას ლარს), მაგრამ ალბათ ხელისუფლებას არ უღირს საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა(!). ფილტრის გამოცდას მაშინდელი ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი პაპუაშვილიც დაესწრო და გამოგონება ძალიან მოიწონა, თუმცა, ეს საკამრისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ კასპელების პრობლემას ბოლო მოღებოდა.

მას შემდეგ, რაც გერმანელებმა კასპში ბიზნესი დაიწყეს, მოსახლეობას შეჰპირდნენ, რომ 2008 წლის ივნისში ქარხანაში ფილტრებს დააყენებენ.

კასპელებისთვის დამტვერიანების გეგმიური პროექტის წარდგენა კასპიცემენტის დირექტორთან მამუკა სულაძესთან ერთად, ,,საქცემენტის” გენერალურმა დირექტორმა გელა ვარდიაშვილმა და კომპანია ,,ჰეიდერბერგერის’’ ამიერკავკასიის რეგიონალურმა მართველმა გენჰრიდ სთრულმა იტვირთა. ცნობისათვის ,,კასპიცემენტის” მმართველმა რობერტ ბეჟუაშვილმა ქარხნის 75%-ი აღნიშნულ გერმანულ კომპანიას მიჰყიდა.

“საქცემენტის” ხელმძღვანელობისაგან წარმოდგენილი პროექტით კასპელები დამტვერიანებულ ქალაქში კიდევ ერთი წელი იცხოვრებენ. თავდაპირველად “კასპიცემენტის” მფლობელებს ქარხნის რეაბილიტაცია და ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანა აქვთ დაგეგმილი, შემდეგ კი - ფილტრების ჩამოტანა და დამონტაჟება. პროექტი მათივე გაანგარიშებით 2008 წლის ივნისში დასრულდება. კასპელებს დაპირებების აღარ სჯერათ და “კასპიცემენტის” მიერ წარმოდგენილ პროექტს ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან “კასპიცემენტიდან” ასეთი დაპირებები არაერთხელ წამოსულა.

ჰაერში გაბნეული ცემენტის მტვერი კასპელთა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღნიშნულს არც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მალავს. ატმოსფერულ ჰაერში, მრეწველობისა და ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული მავნე  ნივთიერებების რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ქალაქებს შორის კასპი დაბინძურების ხარისხის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. მეორე ადგილს იკავებს ზესტაფონი, სადაც ფეროშენადნობი ქარხანა მდებარეობს, ხოლო  პირველი ადგილი ბათუმს ეკუთვნის, სადაც ნავთობტერმინალია გაშენებული.

რობერტ ბაინდურაშვილი, კასპის მკვიდრი: “ჩემი  ვენახი ცემენტის ქარხნის ახლოს, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ადრე გაზაფხულზე ვენახს ცემენტის ცხელი მტვერი ედება და წვავს. კომუნისტების დროს, როცა ფილტრებს ამუშავებდნენ და შემდეგ, როდესაც ცემენტის ქარხანა გაჩერებული იყო, 10-12 ტონა ყურძენს ვკრეფდი. ახლა გარდა იმისა, რომ მოსავალმა იკლო, ვაზი საერთოდ ხმება. ცემენტის ქარხანა მარტო ჯანმრთელობის პრობლემას კი არ გვიქმნის, ეკონომიკურ ზიანსაც გვაყენებს, რადგან მოსავლის მოყვანის საშუალებაც არ გვაქვს.”

კასპში განთავსებული ცემენტის ქარხნები, არა მხოლოდ კასპელებს, არამედ რაიონში მაცხოვრებლებსაც უქმნით პრობლემებს.

ქვემო ხანდაკის მცხოვრები ნონა ნუგზარიშვილი ამბობს, რომ, როცა ქარი კასპიდან მათი სოფლის მიმართულებით ქრის, გარეთ რამდენიმე მეტრში ხეების დანახვაც კი შეუძლებელი ხდება.

“აქვე სოფლის მახლობლადაც არის ცემენტის ქარხანა. ჩვენ აქციები მოვაწყეთ ქარხნის დახურვის მოთხოვნით, სოფლის გარკვეული ნაწილი აქციების წინააღმდეგი იყო, რადგან იმ ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ მას შემდე, რაც ქარხნის მესაკუთრემ ღუმელზე ფილტრი დააყენა, ამოვისუნთქეთ, თუმცა, ახლა კასპიდან მონაბერი მტვერი საშინლად გვაწუხებს. როცა ღუმელი მუშაობს, ხეები თეთრად იფერება. მოსავალი თითქმის ვერ მოგვყავს, რადგან ნიადაგი ცემენტით არის გაჯერებული, საქონლისთვის საძოვრები აღარ არის... ხშირად რძეს მწარე გემო აქვს და მაწონი ბლანტი და საკვებად უვარგისი გამოდის. მოსახლეობაში ხშირად შეინიშნება კუჭის წვა, ნაღვლის ბუშტუს გაღიაზიანება, თვალების და ხორხის წვა. ჯანმრთელობას ეს მტვერი დიდ ზიანს აყენებს,” - ამბობს ნონა ნუგზარიშვილი.

ხანდაკელები იმასაც კი ვერ ხვდებიან, ვის შეიძლება მიმართონ. მათი თქმით, კასპში ყველა ცემენტის ქარხანა საქართველოს პრეზიდენტის ძმის საკუთრებაა, ზოგი კი ამბობს, რომ “კასპიცემენტს” საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მფარველობს და ეკოლოგიურ დანაშაულს ხელისუფლება ამიტომ “ვერ ხედავსო”.

კასპელები ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი ცემენტის ქარხნის ღუმელების თანამედროვე ფილტრებით აღჭურვა და მათი სისტემური მუშაობაა.
 

თეა თედლიაშვილი, კასპი

ახალი ამბები