კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძმა ძმისთვისაო...

12 ივლისი, 2007

,,ნაციონალური მოძრაობიდან" გარიცხულ კადრებს კვლავ მაღალ თანამდებობეზე აბრუნებენ

Zma_ZmisTvisaob.gifშიდა ქართლის სამხარეო აპარატში კადრები კვლავ "შენ-ჩემობის" პრინციპით ინიშნება. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებულის მოადგილედ რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კეკელიშვილი გადაიყვანეს. გამგეობის აპარატში მუშაობის დროს დავით კეკელიშვილმა საკუთარ ძმას პროტექცია გაუწია და სპორტ-სკოლის დირექტორად დანიშნა. კეკელიშვილმა საკუთარი ძმის სკოლას 70 000 ლარი გამოუყო.

კეკელიშვილები რწმუნებულ მიხეილ ქარელის ,,კარზე" გავლენიან ადამიანებად ითვლებიან. დავით კეკელიშვილი 2004 წელს ადგილობრივი ,,ნაცმოძრაობის" ორგანიზაციის თავმჯდომარის პარლამენტარ ლადო გეგელაშვილის მოადგილე იყო.

იმ პერიოდში ,,ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, გორში უფასო სასადილო გაიხსნა და საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო. ამის უზრუნველყოფა მაშინ დავით კეკელიშვილს დაევალა. როდესაც სასადილოს გახსნაზე, სამთავრობო პარტიის გენერალური სამდივნოდან დავით კირკიტაძე და გიორგი არველაძე ჩამოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ სასადილო ნახევრად დანგრეულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სანიტარული ნორმები დარღვეული იყო. აღმოჩნდა, რომ თანხა არამიზნრობრივად გაიხარჯა. სასადილო კი გახსნის დღესვე დაიხურა. სასადილოს სარეაბილიტაციოდ პარტიამ დამატებითი თანხები გადმორიცხა, ხოლო კეკელიშვილი, ფულის გაფლანგვის გამო, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გარიცხეს.

სამთავრობო პარტიიდან გარიცხული დავით კეკელიშვილი რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა რაიონის გამგებლის მოადგილის პოსტზე წარადგინა. სასადილოს სკანდალი ამით არ დამთავრებულა, რადგან პარლამენტარ ლადო გეგელაშვილის ბავშვის ნათლობაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ წევრებთან ხელჩართული ჩხუბი გამართა.

დავით კეკელიშვილს ჩხუბი ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ახალგაზრდული ფრთის ლიდერთან კახა გამდლიშვილთან მოუვიდა. ჩხუბის დროს კეკელიშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და 21 დღე წოლით რეჟიმში იმყოფებოდა. პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება სწორედ სასადილოს თანხების გაფლანგვის ერთმანეთზე გადაბრალებამ გამოიწვია.

სასადილოს სკანდალის პარალელურად, კეკელიშვილები კიდევ ერთ სკანდალში გაეხვივნენ. დავით კეკელიშვილის ძმა ვაჟა კეკელიშვილი გორის კულტურის და დასვენების პარკის დირექტორად დაინიშნა. ამ პარკის განახლებას მიხეილ ქარელმა საკუთარ ფონდიდან 166 000 ლარი დახარჯა. გახსნას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. სააკაშვილმა ვაჟა კეკელიშვილს  პარკის გახსნის აღსანიშნავად ,,ბურატინოს დიდი გასაღები" გადასცა და შემდეგ ერთად "ეშმაკის ბორბალზე" და კარუსელზე დასხნენ. პარკი ოფიციალურად 2004 წლის 18 მაისს გაიხსნა. რამდენიმე დღეში 2004 წლის 1 ივნისს, კარუსელზე ჯაჭვი ჩამოწყდა და 11 წლის თამთა ზედგენიძემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. თამთა ზედგენიძე სასწაულებრივად გადარჩა.

აღმოჩნდა, რომ გორის კულტურისა და დასვენების პარკში ჯართში გადასაყრელად გამზადებული მოძველებული ატრაქციონები ბორჯომის პარკიდან ჩამოიტანეს. გახმაურდა ისიც, რომ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დიდძალი თანხა გამოიყო, მაგრამ არამიზნობრივად გაიხარჯა. ამას დაემთხვა კარუსელებზე ჯაჭვების ჩამოწყვეტა, სადაც მანამადე თავად პრეზიდენტი იჯდა.

ჯერ "ნაცმოძრაობიდან" გარიცხულმა დავით კეკელიშვილმა იშოვა სამსახური, რადგან გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო შემდეგ გორის პარკიდან გათავისუფლებული ძმა - ვაჟა კეკელიშვილი დაასაქმეს. მას სპორტსკოლა ჩააბარეს. რაიონის გამგეობაში დავით კეკელიშვილს 2004-2006 წლებში ჯანდაცვა, სოციალური სფერო და კულტურა ებარა. სწორედ ამ პერიოდში, სპორტსკოლას 70 000 ლარი გამოეყო. სპორტსკოლის შენობა დღესაც ავარიულ მდგომარეობაშია. მართალია, სპორტსკოლაში აცხადებენ, რომ ეს თანხები სხვადასხვა ღონისძიებებს ხმარდება, თუმცა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპორტული ღონისძიებებისთვის დამატებით კიდევ 70 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დავით კეკელიშვილი კომენტრას არ აკეთებს. მის სამდივნოში გვკითხეს, თუ რა საკითხზე ვაწუხებთ დავით კეკელიშვილს. როდესაც დაინტერესების თემა შეიტყვეს, დუმილი ამჯობინეს.

საბა წიწიკაშვილი გორი

ახალი ამბები