კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპორტის აკადემია იყიდება

19 ივლისი, 2007

სპორტის აკადემიის თანამშრომლები და სტუდენტები სასწავლებლისთვის დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით დღეს სახელმწიფო კანცელარიის  შენობასთან შეიკრიბნენ

sportis_akademiab.gif 

უკვე ერთი კვირაა, სპორტის აკადემიის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციები იმართება. სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სპორტის აკადემია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს უერთდება. აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ვეტერანი სპორტსმენები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპორტის დაღუპვასთან აკავშირებენ და მის დათმობას არ აპირებენ.

აკადემიის წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თხოვნით მიმართავენ, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს ხელისუფლებას სასწავლებლის გაუქმების საშუალება. აქციის მონაწილეთა თქმით, მათი ერთადერთი იმედი პრეზიდენტის  გადაწყვეტილებაა.

როგორც აკადემიის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილების მთავარი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ შენობის პრივატიზებაა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ სპორტის აკადემიის სპორტისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კახა მოცრაძე ესაუბრა,  რომელიც დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ შეიძლება სპორტის აკადემიის გაუქმება.
 
კახა მოცრაძე: „თუ ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში გადავალთ, ჩვენი უფლებები ძალიან შეიზღუდება და დამოუკიდებლები ვეღარ ვიქნებით. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის თქმით, ჩვენ არ გვეყოლება საკუთარი რექტორი, არ გვექნება მართვის ორგანოები და ისეთ პოზიციაში ვხვდებით, რომ ალბათ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტს გაცილებით მეტი უფლებები ექნება, ვიდრე ჩვენს აკადემიას. მათ ეყოლებათ არჩეული დეკანი, ჩვენ კი გვეყოელება დანიშნული დირექტორი. გვეუბნებიან, რომ შეერთების შემთხვევაში საკუთარი სახელი შეგვინარჩუნდება და გვეყოლება დირექტორი და არა რექტორი, რომელიც ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორმა უნდა დაგვინიშნოს. ამაზე საუბარიც კი არ მინდა. ღმერთმა არ ქნას, ასე მოხდეს. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა აკადემიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. ასევე ვითხოვთ, გვყავდეს რექტორი და მმართველი ორგანოები.

ჟურნალისტი: ოპონენტებმა, ანუ იმ ხალხმა, ვინც აკადემიის ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, განცხადება გააკეთა, რომ აკადემიის პროფესურა მხოლოდ საკუთარი ადგილების შესანარჩუნებლად იბრძვის.

კ.მ.   ყველანი  მზად ვართ, დღესვე დავტოვოთ ჩვენი ადგილები იმის ნიშნად, რომ  თანამდებობისთვის არ ვიბრძვით. ვიმეორებ, მთავარი მოთხოვნა აკადემიის დამოუკიდებლობის სტატუსის შენარჩუნებაა.

ჟურნალისტი: სტატუსის შენარჩუნების გარდა, სხვა რა მოთხოვნები გაქვთ?

კ.მ. პრობლემა უამრავია. მაგალითად, ჭავჭავაძის უნივერსიტეტს არა აქვს ის სპორტული ბაზები და სამეცნიერო ლაბორატორიები, რაც აკადემიას გააჩნია. მხოლოდ ჰაერზე ამბობენ, რომ რაღაც-რაღაცეებს გვთავაზობენ, თუმცა, კონკრეტული არაფერი შემოუთავაზებიათ. წარმოიდგინეთ, რა ფასეულობებს წარმოადგენს ის ბაზები, რომელიც აკადემიას გაააჩნია და რომელიც 70 წლის განმავლობაში შენდებოდა. აკადემიიის 3000 სტუდენტის საჭირო ფართით, სპორტული ბაზებით თუ სამეცნიერო ლაბორატორიებით დაკმაყოფილება ნამდვილად შეუძლებელი იქნება. ამას როგორ მოახერხებენ, არ ვიცი. აკადემია მხოლოდ აკადემიის შენობა ხომ არ არის. ეს არის სპორტული დარბაზები, დიდი საფეხბურთო მოედანი, მინი მოედანი, კალათბურთის დარბაზი, ფრენბურთის დარბაზი, 2 უზარმაზარი ტანვარჯიშის დარბაზი, ჭიდაობის დარბაზი და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ჟურნალისტი: აკადემიის შენობის გაყიდვის შემთხვევაში ამ ყველაფერს კარგავთ?

კ.მ. ვკარგავთ, სხვა რა გამოდის. თუ აქედან წავალთ, ეს ყველაფერი დაკარგული იქნება.  

ჟურნალისტი: ბუნებრივია, ეს სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. წინასწარ თუ იყო მოლაპარაკება ამ საკითხზე და ვეტერანი სპორტსმენების აზრით თუ დაინტერესდა ვინმე?

კ.მ. აკადემიურ საბჭოსთან და პროფესორ მასწავლებლებთან არავინ მოსულა და აზრი არ უკითხავთ. არადა, სწორედ აკადემიამ ჩაატარა პირველადი რეფორმები, რომელსაც „განათლების შესახებ კანონი“ ითვალისწინებდა. პირველებმა ჩვენ ავირჩიეთ აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო, სტუდენტური თვითმმართველობები, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სპიკერი და ყველა ის სტრუქტურული თუ მმართველი ორგანოები, რომელსაც  კანონი ითვალისწინებს.

ჟურნალისტი: მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და არაფერი შეიცვლება. როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში?

კ.მ. მთავარი ტერიტორიული ინტერესია. ის ადგილი და შენობა აინტერესებთ. ამას არც მალავენ. თავადაც განაცხადეს, რომ შენობა უნდა გაიყიდოს.     

ჟურნალისტი: ხომ არ იცით, ვინ არის ინვესტორი? როგორც თქვენი ოპონენტები აცხადებენ, შესაძლოა, ისინი უკეთეს წინადადებებს გთავაზობენ. მათგან კონკრეტული შემოთავაზება ხომ არ გქონიათ?  

კ.მ. სამწუხაროდ, დღემდე ინვესტორის შესახებ არაფერი ვიცით. სპორტის აკადემიას ვინ ყიდულობს, ვერ გეტყვით. ჩვენთან ამ საკითხზე სასაუბროდ არავინ მოსულა. საქმის კურსში არ ვარ.

ჟურნალისტი: რამდენიმე დღის წინ თქვენ გიგი თევზაძესაც შეხვდით. ვერაფერზე შეთანხმდით?

კ.მ. ბატონი გიგი იმ პოზიციას აფიქსირებს, რომელიც მისი უნივერსიტეტისთვის მისაღები იქნება. მის ადგილზე რომ ვიყოთ, ჩვენც ასე მოვიქცეოდით. მას თავისი უნივერსიტეტის გაძლიერება სურს. ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ სპორტის აკადემიის მთავარი დანიშნულება - მწვრთნელთა ფაკულტეტი გაგვიუქმეს. როცა გაბაშვილის სამინისტროს ამის შესახებ მივწერეთ, გვითხრეს, გამოგვრჩა და ჩამონათვალში აუცილებლად ჩავამატებთო. გაერთიანების შემთხვევაში კი საუბარია მხოლოდ ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის არსებობაზე, არადა, მწვრთნელთა ფაკულტეტი 42 სპორტის სახეობას მოიცავს და ყველა მიმართულებით კვალიფიციური პედაგოგები არსებობენ. თუ სტუდენტი მთავარ კორპუსში ისწავლის, ბაზებზე სავარჯიშოდ როგორ უნდა წავიდეს? ერთხელ მაინც ჩაუტარებიათ ცდა, ეს როგორ უნდა მოხდეს? კი ბატონო, გადავალთ, მაგრამ აკადემიას სტატუსი ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს, ჰყავდეს რექტორი და ჰქონდეს მმართველი ორგანოები.    
 
ჟურნალისტი: თითქმის ერთი კვირაა, აკადემიის დასაცავად აქციები გრძელდება. რისი იმედი გაქვთ და რას აპირებთ?

კ.მ. სპორტის აკადემიის აქტივისტთა ჯგუფმა პრეზიდენტის სახელზე თხოვნის წერილი გაამზადა. ვითხოვთ, ნუ დაგვინგრევს იმას, რაც 70 წლის მანძილზე შენდებოდა.   
 
ჟურნალისტი: ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან შეერთება იმას ნიშნავს, რომ სპორტი ვერ განვითარდება და არსებული დაინგრევა?  
კ.მ. ამ შემთხვევაში განვითარებაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვამზადებთ და ვზრდით მწვრთნელებს. დარბაზები რომ აშენდეს, იქ მწვრთნელები უნდა მივიდნენ, რომლებმაც სპორტსმენები უნდა აღზარდონ. თუ კვალიფიციური მწვრთნელები არ გვეყოლება, რომლებიც აკადემიაში სათანადო მომზადებას გაივლიან, მომავალი თაობა ვინ უნდა გაზარდოს და მაღალი შედეგები საიდან უნდა მოვიღოთ? სწორედ სპორტის აკადემიის არსებობის შედეგია 18 ოლიმპიური და 150-მდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ჩვენთან უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ, რომლებიც სწორედ ამ ფაკულტეტისთვის ჩამოდიან საქარველოში, იღებენ დიპლომს და კვალიფიკაციის ამაღლება არ სჭირდებათ. მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყანაში ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ.

ჟუნალისტი: ერთ-ერთი ინფორმაციით, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თქვენთვის განკუთვნილი თანხები არ გადაგიხადათ და ამ თანხის ხარჯვის შესახებ დღემდე არაფერი იცით. რა თანხაზეა საუბარი?

კ.მ. სამინისტრომ 200 ადამიანის მომზადება დაგვიკვეთა, ანუ, 2005-2006 წლებში სამინისტროს დაკვეთით 200 სტუდენტი მივიღეთ. მათი სწავლის ქირა კი სამინისტროს უნდა გადაეხადა. დღემდე ეს თანხა არ მიგვიღია. ამას გარდა, დამატებით 70 სტუდენტი მოგვამზადებინეს. ეს თანხა მთლიანობაში დაახლოებით 2 მილიონამდე აღწევს.

ჟურნალისტი: მაშინ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად სპორტს აცხადებს, სახელმწიფოს მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას რითი ხსნით?

კ.მ. ალბათ, ეს ამბები პრეზიდენტმა არ იცის. ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, რომ რეალური ამბები პრეზიდენტამდე მივიტანოთ.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციები მოესმინა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. სამინისტრო ამ ეტაპისთვის დუმს. ერთადერთი განცხადება, რაც მინისტრმა ამ საკითხზე გააკეთა, ის არის, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია და არ შეიცვლება.  

ინტერვიუს მომზადების დასრულებისთანავე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსმა“ გაავრცელა სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გიორგი გაბაშვილის კომენტარი აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით. გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის შემადგენლობაში „მაქსიმალურად დამოუკიდებელი სტატუსით გაერთიანდება“.

„ადმინისტრაციული თანამდებობა შეუნარჩუნდება ყველას, ვისაც ექნება სურვილი ცივილიზებულად მიიღოს მონაწილეობა ინტეგრაციის პროცესში. ვისაც აკადემიის სტატუსით თაობაზე აბსურდული იდეები გააჩნია, შევახსენებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება სახელმწიფო არ არის, რომ სტატუსისთვის იბრძოლოს. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა იბრძოლოს სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მისაღებად, რასაც მათ ვთავაზობთ კიდეც“,  - აცხადებს გიორგი გაბაშვილი.

მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლების ინტეგრაციის შემდეგ ყველა სტუდენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს სწავლას და შესაბამის დიპლომსაც მიიღებს. ოღონდ ეს იქნება არა აკადემიის, არამედ უნივერსტეტის დიპლომი. მინისტრის განცხადებით, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მიმართულებით სტუდენტებს ექნებათ ორი თანამედროვე, მაღალი დონის კომპლექსი - „ქარიშხალა“ და „სკა“.
 

ეკა გულუა

 

ახალი ამბები