კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქუთაისელი წიგნები“ უსახლკაროდ რჩებიან

24 ივლისი, 2007

zignebib.gif

„26 ივლისს ქუთაისელები უპრეცედენტო ფაქტის მომსწრენი აღმოჩნდებიან. პოლიცია მოვა, ჩვენს წიგნებს ქუჩაში გაიტანს და კარსაც მოგვიხურავს. გამოსახლება უკვე ორჯერ გადაგვივადეს და 26-ში ეს ვადაც იწურება. ეს წიგნები კი ქუჩაში აღმოჩნდება. ჩვენ არანაირი ფართი არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ისინი დროებით მაინც განვათავსოთ სადმე. ქუთაისში ერთადერთი წიგნის მაღაზია, რომელსაც 60-წლიანი ისტორია აქვს, არსებობას შეწყვეტს,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს ქუთაისის #1 წიგნის მაღაზიის დირექტორმა ჯემალ სვანიძემ.

60-წლიანი ისტორიის მანძილზე, აღნიშნული მაღაზია სხვადასხვა ადგილას იყო განთავსებული. ფალიაშვილის ქუჩის 31-ში, საჯარო ბიბლიოთეკის ახლოს ბინა მან 1988 წელს დაიდო. აღნიშნული 108 კვადრატული მეტრი ფართი მაღაზიას დროებით სარგებლობაში გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულება ბოლოს ხუთწლიანი ვადით 2006 წლის 28 დეკემბრამდე გაუფორმდათ. თუმცა, როგორც ჯემალ სვანიძე აცხადებს, უკვე მეშვიდე თვეა, მაღაზია იჯარის თანხის გადახდას აგრძელებს და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაცია არავის გაუფრთხილებია.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი „გაყიდვები“ დაიწყო, გასაყიდ ობიექტთა სიაში ამ მაღაზიის შენობაც აღმოჩნდა. როცა ამის შესახებ მაღაზიის თანამშრომლებმა შეიტყვეს, გადაწყვიტეს, შენობა იჯარა-გამოსყიდვის ფორმით თავად შეეძინათ და ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართეს, მაგრამ ამ მიმართვაზე პასუხიც კი არ მიუღიათ.

პირველი აუქციონი 2006 წლის 13 ოქტომბერს ისე გაიმართა, რომ მაღაზიის კოლექტივმა ამის შესახებ მის ჩატარებამდე ორი დღით ადრე შეიტყო. ამისი მიზეზი ის გახდა, რომ პრივატიზაციის სამმართველოში გამოკრულ განცხადებაზე აღნიშნული მაღაზიის არასწორი მისამართი იყო მითითებული. მაღაზიის დირექტორი ჯემალ სვანიძე გვიამბობს:

„განცხადებაში ეწერა, რომ იყიდება 108 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი ბასკეთისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე. ჩვენ აზრზეც ვერ  მოვედით, თუ ჩვენს მაღაზიაზე იყო საუბარი, რადგანაც ჩვენი მისამართი ფალიაშვილის 31-ია. ხოლო როცა ამის შესახებ შევიტყვეთ, სასამართლოს აუქციონამდე ორი დღით ადრე მივმართეთ და მოსამართლე ანა ღელეყვამ თავისი გადაწყვეტილებით, აუქციონი შეაჩერა. ამის მიუხედავად, ჩვენთვის გაურკვეველ ვითარებაში ის მაინც ჩატარდა. რომ გავიგეთ აუქციონი ტარდებოდა, ჩვენც წავედით დასასწრებად, რათა ის მაინც გაგვეგო, ჩვენს ფართს ვინ შეიძენდა.“

აუქციონის ჩატარების მიზეზად მაღაზიის თანამშრომლებს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა დაუსახელეს. მართალია, ეს გადაწყვეტილება დღემდე თვალით არავის უნახავს, მაგრამ აუქციონი მაინც შედგა. მასში აღნიშნული ფართის შეძენის 17 მსურველი მონაწილეობდა.

პირველ აუქციონზე წინასწარი სავალდებულო შენატანი 7000 დოლარი იყო.  ფართი 195 000 დოლარად ჟანა მელუამ შეიძინა. ამის შემდეგ მაღაზიის კოლექტივმა ადგილობრივ სამსახურებს მიმართა და უკანონოდ ჩატარებული აუქციონი გააპროტესტა. ეს ამბავი მედიის საშუალებითაც გახმაურდა და ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა, რომ აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა. ამის ოფიციალურ მიზეზად მელუას მიერ სრული თანხის გადაუხდელობა დასახელდა. თუმცა, მალევე განმეორებითი აუქციონი განსხვავებული პირობებით დაინიშნა და წინასწარი სავალდებული შენატანის რაოდენობა 50 000 დოლარამდე გაიზარდა. წიგნის მაღაზიის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს სპეციალურად, აუქციონიდან მათი გამოთიშვის მიზნით გაკეთდა. მეორე აუქციონში მხოლოდ ერთი პოტენციური მყიდველი მონაწილეობდა და პირველი, ანულირებული აუქციონისაგან განსხვავებით, აღნიშნული ფართი გაცილებით იაფად, 105 000 დოლარად გაიყიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მყიდველი ჟანა მელუას შვილი, დავით საღარაძე აღმოჩნდა.

ამ აუქციონის შემდეგ, წიგნის მაღაზიის თანამშრომლებმა კვლავ მიმართეს ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, კულტურის განყოფილებას. დაიწყო საუბარი ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ:

„ჩვენი განცხადება ვიცე-მერს ომარ კიკვიძეს დაეწერა, მაგრამ როდესაც მასთან ამბის გასაგებად მივდიოდი ისიც და მასთან ერთად ბევრი სხვა ადამიანიც დაიჭირეს. ჩვენი განცხადება კი, რეზოლუციადადებული, ომარ კიკვიძის დალუქულ კაბინეტში დარჩა. ახლა მერიაში ჩვენი საქმისთვის ვიღას სცხელა, თავისი გასჭირვებიათ, ამასობაში კი ქუჩაშიც გაგვყრიან,“ - ამბობს ჯემალ სვანიძე.
 
აღნიშნულმა საქმემ ქუთაისში ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოიარა და უზენაეს სასამართლოში წავიდა. მაღაზიის კოლექტივი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს უკანონოდ ჩატარებული აუქციონის გამო უჩივის. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, მაგრამ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ფართის ახალი მფლობელი კი მაღაზიის კოლექტივისგან საკუთარი ქონების გადაცემას ითხოვს.

„მერიაში გვეუბნებიან, მოძებნეთ ალტერნატიული ფართი და ჩვენ დაგეხმარებით შეძენაშიო. ჩვენ თუ აქედან გავედით, მერე აღარაფერს მოგვცემენ. პროკურატურასაც მივმართეთ, მაგრამ ასე გვითხრეს, ახლა გამოგასახლებთ და პროცესს უზენაესში თუ მოიგებთ, მერე მათ გავასახლებთ და თქვენ შეგიშვებთო. ახლა საერთოდ ჰაერში ვართ გამოკიდებული. პროკურატურა სასამართლოში გვაგზავნის, ჩემი ქვემდებარე არ არის, სასამართლომ უნდა განიხილოსო, სასამართლო კი პირიქით,- პროკურატურაში,“ - ამბობს ჯემალ სვანიძე.

იგი აღნიშნულ საქმეში სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის დავით ჯაიანის პირად დაინტერესებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომაც მოხდა აღნიშნული საპრივატიზაციო ფართის ერთსა და იმავე ოჯახის ორ სხვადასხვა წევრზე მიყიდვა.

დავით ჯაიანი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს, პირად დაინტერესებას კატეგორიულად გამორიცხავს და „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ოფიციალურ კომენტარზეც უარს აცხადებს. არაოფიციალურად კი აცხადებს, რომ ამ საქმეში ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, შეუძლია სასამართლოში იდავოს.

აღნიშნული სასამართლო დავა 26 ივლისამდე ვერაფრით დასრულდება. ფალიშვილის 31 ნომერში განთავსებული 108 კვადრატული მეტრი ფართის ახალი მეპატრონე შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ პოლიციის დახმარებით თავის კუთვნილ ქონებას მიიღებს. „ქუთაისელი წიგნები“ კი, სავარაუდოდ, უსახლკაროდ დარჩებიან და ქუთაისის # 1 წიგნის მაღაზიის 60-წლიანი ისტორიაც აქ დასრულდება. მაღაზიის თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი მეპატრონე, აღნიშნულ ფართში, სავარაუდოდ კვების ობიექტის მოწყობას გეგმავს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაუკავშირდა წიგნის მაღაზიის ამჟამინდელ მფლობელს, დავით საღაარძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ლელა ხიდაშელი ქუთაისიდან

ახალი ამბები