კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლების ოპტიმიზაციას 125-ე სკოლა ეწირება

25 ივლისი, 2007

skolab.gif

სკოლების ოპტიმიზაციის საკითხი საქართველოში საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს. მასწავლებლები უმუშევრები რჩებიან, მოსწავლეებს შორ მანძილზე სიარული უჭირთ, მშობლებს კი მათი ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ხარჯების გადახდა უწევთ. როგორც პედაგოგები ირწმუნებიან, სკოლები ოპტიმიზაციის საბაბით იხურება, რეალურად კი ამ პროცესს ოპტიმიზაციასთან კავშირი არა აქვს.

ამჯერად, საუბარია ნუცუბიძის პირველ პლატოზე არსებულ ერთადერთ, 125-ე სკოლის დახურვაზე. მოტივი კი სკოლის ოპტიმიზაციაა. მართალია, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები აქციებს აქციებზე მართავენ და წერილებს წერილებზე აგზავნიან, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია და მათ 170-ე სკოლასთან მიერთებას სთავაზობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 125-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა დიდი ნაწილი სამსახურს დაკარგავს, მშობლებს კი დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევთ, რადგან 170-ე სკოლა გაცილებით შორ მანძილზე მდებარეობს.   

170-ე სკოლის დირექტორი არ უარყოფს, რომ მის სკოლაში მასწავლებელთა შტატები არ არსებობს და თუ ორი სკოლა გაერთიანდება, ახალი მასწავლებლების მისაღებად  170-ე სკოლიდან რამდენიმე პედაგოგის გათავისუფლება მოუწევს.

125-ე სკოლის მშობლები და მოსწავლეები აცხადებენ, რომ ისინი ასეთ შორ მანძილზე სიარულს ვერ მოახერხებენ, რადგან მათ ორი ხევის გავლა მოუწევთ. „ეს არის ერთადერთი სკოლა, სადაც ამ დასახლების მოსწავლეები დადიან. თუ სკოლა გაუქმდება, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. ფიზიკურად ბავშვების დიდ მანძილზე ტარება ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ამ სკოლებს ერთმანეთისაგან ორი ხევი აშორებს. ამას გარდა, ეკონომიურადაც სერიოზულად დავზარალდებით, რადგან ტრანსპორტი გაძვირდა და არც ისე ადვილია, დღეში მარტო ტრანსპორტისთვის 2,40 ლარი ვიხადოთ. მშობელთა უმეტესობა ამას ვერ გასწვდება. ტრანსპორტის გარდა, ბავშვებს სკოლაში კვებაც ხომ სჭირდებათ. რა გვეშველება, არ ვიცით.  ეს სკოლა არ უნდა დახურონ,“ - ასეთია მშობელთა ერთიანი პოზიცია.
     
სკოლის დახურვას ადმინისტრაციაც აპროტესტებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ოპტიმიზაცია მხოლოდ მიზეზია, რეალურად კი სკოლის ტერიტორია აინტერესებთ და მისი პრივატიზაცია ხდება.

როგორც  125-ე სკოლის სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე  მედეა მიქაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, ეს სკოლა საპრივატიზაციო ნუსხაში შეიყვანეს: „რასაც ამ სკოლას უკეთებენ, ეს არის ლიკვიდაცია და არა ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია სკოლისთვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას გულისხმობს, ამ შემთხვევაში კი პირიქით ხდება. სკოლა სპეციფიურ ტერიტორიაზე მდებარეობს, ეს  არის მიკროდასახლება და აქ არსებული სკოლა „სასიცოცხლო არტერიაა“. ამ ეტაპისთვის სკოლაში 147 მოსწავლე სწავლობს. ჩვენ ვითომ ამ ოპტიმიზაციის შესახებ მხოლოდ ერთი დღით ადრე შევიტყვეთ, ისიც შემთხვევით.“

როგორც ქალბატონი მედეა ამტკიცებს, ადმინისტრაციასთან აზრის საკითხავად არავინ მისულა და სკოლის დახურვასთან დაკავშირებით საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებით: „ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.  სკოლაში ლოტოტრონით შერჩეული დირექტორები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ დირექტორების არჩევიდან ერთი დღით ადრე, განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრმა გვაცნობა, რომ  თურმე ჩვენ არჩევნები არ უნდა ჩავატაროთ. მიზეზად კი ოპტიმიზაცია დაგვისახელა. არადა,  ტრეინინგებიც გავიარეთ, ლოტოტრონიც ჩატარდა და ერთი დღით ადრე გვეუბნებიან, რომ თურმე ვიხურებით.“

125-ე სკოლის გაუქმებას ნუცუბიძის პირველი პლატოს (აღნიშნული უბნის) მოსახლეობაც ეწინააღმდეგება. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სკოლის დახურვას არავის დაანებებენ. ისინი სპეციალურ მიმართვაზეც მუშაობენ, რომელსაც პრეზიდენტს გაუგავნიან. იმედი აქვთ, რომ მათ მოთხოვნას გაითვალისწინებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ვერცერთი ინვესტორი ვერ გაიხარებს.

„თუ განათლების სამინისტროს პირველი პირებისთვის ოპტიმიზაცია სკოლების დახურვას ნიშნავს, მათ სასწრაფო ტრეინინგები სჭირდებათ, რომ ტერმინოლოგიებში კარგად გაერკვნენ. რაც შეეხება მთავარ პრობლემას, ეს არის ხევის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების სკოლის გარეშე დატოვება. თუ სკოლების გაუქმება აუცილებელია, ის სკოლები დახურონ, რომლებიც ერთმანეთთან ტერიტორიულად ახლოსაა. ერთადერთი სკოლის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილებაა და ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ეს არის დილეტანტიზმის და იმის შედეგი, რომ გადაწყვეტილებებს არაპროფესიონალები იღებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა უბანს ერთადერთ სკოლას უხურავენ, მოსახლეობას ხომ მაინც უნდა ჰკითხონ აზრი. საინტერესოა, რომელი ინვესტორი იყიდის სკოლის ტერიტორიას. ისინი აქ მშვიდად ნამდვილად ვერ იქნებიან,“ - აცხადებს მოსახლეობა.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა ამ საკითხზე განათლების სამინისტროს პოზიცია მოესმინა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთადერთი კომენტარი, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა კახა ლომაიამ გააკეთა, ის იყო, რომ პრობლემა მოგვარდება და მოსწავლეებს ტრანსპორტი მოემსახურება. 

ეკა გულუა

ახალი ამბები