კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში ბავშვები ბრონქული ასთმით მასობრივად ავადდებიან

25 ივლისი, 2007

astmab.gif

აჭარის რეგიონში მოზარდები ბრონქული ასთმით მასობრივად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, მარტო ბათუმში, სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებით 1700 ბავშვია დაავადებული. აჭარის ჯანდაცვის რესპუბლიკური ცენტრის ალერგოლოგიურ ცენტრში არ უარყოფენ, რომ ბრონქული ასთმით შესაძლოა უფრო მეტი მოზარდი იყოს დაავადებული. სპეციალისტების განცხადებით, ამ დრომდე ბრონქული ასთმა განუკურნებელი დაავადებაა და მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები სტაციონარს საერთოდ ვერ აკითხავენ.

საკითხით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ორგანიზაციის ბათუმის ოფისს ამ პრობლემით ბოლო დროს არაერთმა მოქალაქემ მიმართა.

ბევრი მათგანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ „სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში“ მაინც ვერ მოხვდნენ და შესაბამისად, არანაირ დახმარებას არ იღებენ. არადა ჰყავთ ბავშვები, რომლებიც დაავადებულები არიან ბრონქული ასთმით. მათი მკურნალობისათვის საჭირო სამედიცინო პრეპარატების შესაძენად კი ოჯახებს ფული არ აქვთ.

„ბათუმის საავადმყოფოში რამდენჯერმე ვიყავი, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოგვეკვლია, მაგრამ მხოლოდ ანალიზების ჩასატარებლად 100 ლარამდე თანხა მომთხოვეს, რომლის გადახდის საშუალებაც არ მქონდა. დახმარების თხოვნით ხელისუფლებასაც მივმართე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ასე მითხრეს, ეს პრობლემა მარტო შენ არ გაქვს და ყველას ვერ დავეხმარებითო. ორი ბავშვი მყავს, ორივე არასრულწლოვანი. ძალიან მიჭირს. შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. რაც გვქონდა ყველაფერი გავყიდეთ. სახლში ღირებული აღარაფერი დაგვრჩა. სამადლოდ მეზობლები გვეხმარებიან. ხშირად თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო, ჩემს გარდა პატრონი არავინ ჰყავთ... ჩემი საცხოვრებელი სახლიც იმდენად ცუდია და არასახარბიელო ადგილზეა, რომ არ იყიდება,“ - ამბობს 31 წლის თამარი, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკურ ცენტრთან არსებულ ალერგოლოგიურ ცენტრში ადასტურებენ, რომ ბრონქული ასთმით, აჭარაში, უფროსებთან შედარებით მოზარდები უფრო მეტად ავადდებიან. „აღრიცხვაზე 1000-ზე მეტი პაციენტია აყვანილი. ისინი რეგულარულად იტარებენ გამოკვლევებს, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ამ კატეგორიის პაციენტებს, ეკონომიურად ისედაც ძალიან უჭირთ. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მარტო ბათუმში ამ დაავადებით 1700 ბავშვია დაავადებული, მთლიანად აჭარაში კი 3 ათას ბავშვზე მეტი. ბათუმისთვის ამდენი დაავადებული ბავშვი ცოტა ნამდვილად არ არის.  2005 წელს ბრონქული ასთმით დაავადებულთა გამოკვლევისა და მკურნალობის პროგრამა მოქმედებდა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა. ეს პროგრამა დღეს აღარ ხორციელდება, არადა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაავადებულებს მედიკამენტები უფასოდ ეძლეოდათ. ამჟამად მიმდინარეობს ინგლისური კომპანიის პროექტი, რომელიც ამ კატეგორიის ავადმყოფებისთვის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტზე 35 პროცენტიან ფასდაკლებას ითვალისწინებს. ავადმყოფებს სამედიცინო პრეპარატში მხოლოდ 67 ლარის გადახდაღა უწევთ,“ - ამბობს ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი – ალერგოლოგი ვახტანგ ბერიძე.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბათუმში ამ დაავადების გავრცელების მიზეზი ნესტია, რომელიც აჭარაში უფრო მეტია, ვიდრე სხვა რეგიონში. ამ მოსაზრებას ექიმი – ალერგოლოგი ვახტანგ ბერიძე არ ეთანხმება.

თუ რატომ შეწყვიტა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ბრონქული ასთმით დაავადებულთა გამოკვლევისა და მკურნალობის პროგრამა, ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ განაცხადა, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკურ ცენტრთან არსებულ ალერგოლოგიურ ცენტრს, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი ასათვისებელი დარჩა. „ეს მათი პრობლემაა. აეთვისებინათ და გაეხარჯათ. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ თანამდებობაზე ახალი მოსული ვარ. ეს დაავადება ბათუმში ნამდვილად ფართოდაა გავრცელებული,“ - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლელა სურმანიძემ. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არც მან და არც პროგრამების მართვისა და ანალიზის განყოფილების ხელმძღანელობამ, პროგრამის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიძე არ უარყოფს, რომ თანხა აუთვისებელი დარჩა, ოღონდ, მისი თქმით, ეს სამინისტროს მიზეზით მოხდა. „აღნიშნული საკითხი ტელეფონით გასარკვევი არ არის. სამინისტრომ ტენდერი მაისში გამოაცხადა, ივლისში პროგრამის განცორციელება დაიწყო და როგორ ამეთვისებინა 5 თვეში 12 თვის თანხა?“ - კითხულობს ბერიძე.

ალერგოლოგიურ ცენტრში არაოფიციალურად ისიც გვითხრეს, რომ ბრონქული ასთმით დავადებულ ბავშვთა მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში ძალიან მძიმეა: „ასეთი ბავშვები ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ფინანსების არ ქონის გამო ისინი ვერ მკურნალობენ და იღუპებიან.“

გელა მთივლიშვილი აჭარიდან

ახალი ამბები