კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დისშვილის ვალებისთვის დეიდას ბინას ართმევენ

26 ივლისი, 2007

medikob.gifმედეა ხოხაშვილს, როგორც მიწისძვრით დაზარალებულს, სახლი  ხელისუფლებამ მისცა. ხოხაშვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ახლა კი მთელი ოჯახი დისშვილის აღებული ვალების გამო უსახლკაროდ რჩება.

მედეა ხოხაშვილის დისშვილს  ცირა კორინთელს, ვინმე ირინა ქარელის ვალი ჰქონდა. იმის გამო, რომ კორინთელს სხვა მევალეებიც ჰყავდა, საკუთარი ბინა გაყიდა და მათ ფული დაუბრუნა. ირინა ქარელმა გასეხსებული თანხა 900 დოლარი, კორინთელისგან რაკი ვერ მიიღო, მის მეზობლად მცხოვრებ კორინთელის დეიდას მიადგა და  ვალის დაბრუნება მას მოსთხოვა.

ხოხაშვილს აჟამად სახლიდან გამოსახლებას სთხოვენ. თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ ასახლებენ საკუთარი სახლიდან, მაშინ, როცა არავის ვალი არ აქვს. საქმე, რომელზეც მედეა ხოხაშვილი დღემდე ჩივის 1994  წელს დაიწყო.

მედეა ხოხაშვილი: „მაშინ ქალაქს შეიარაღებული ფორმირებები განაგებდნენ. ქარელი  მხედრიონელ ჯემალ რომელაშვილს, თემურ ნამიჩეიშვილს და სხვებს დაუკავშრდა და სახლში მომეჭრნენ. მაიძულეს ნოტარიუსთან გავყოლოდი და განმეცხადებინა, თითქოს ჩემს ქონებას და მის მართვას ირინა ქარელს ვანდობდი. იმის გამო, რომ განადგურებით დამემუქრნენ, აღნიშნულ მინდობილობას ხელი მოვაწერე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მუქარას შეასრულებდნენ. იმავე დღეს მივმართე გორის სარაიონთაშორისო პროკურორს (მაშინ პროკურორი ამირან ნოზაძე იყო). აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელსაც მაშინდელი პროკურორი, გორის რაონული სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ბონდო ვათიაშვილი იძიებდა. მაგრამ მაშინ შეიარაღებული ფორმირებები  პროკურატურაზე სერიოზულ გავლენას ახდენდნენ და მეშესაბამის შედეგს ვერ მივაღწიე. თუმცა, პროკურატურის დახმარებით ნოტარიუსთან გაფორმებული მინდობილობა გავაუქმე.“

მედეა ხოხაშვილი ყვება, რომ მას შემდეგ ირინა ქარელი და შეიარაღებული ფორმირების სხვადასხვა წევრები რამდენჯერმე მიუვარდნენ სახლში და ბინის დაცლას სთხოვდნენ:

„ქუჩაში, სახალხოდ მომაბეს ყელზე ჯაჭვი, მაიძულებდნენ დამეწერა ხელწერილი არარსებული ვალის შესახებ, თითქოს მქონდა ქარელის ვალი და ამის გამო ბინას ვაძლევდი. იძულებული გავხდი ხელწერილი დამეწერა. ისევ წამიყვანეს ნოტარიუსთან და ირინა ქარელისთვის ჩემი ბინის საბუთები გადამაცემინეს, ვითომ ქარელს ბინა 160 მილიონ კუპონად მივყიდე. სინამდვილეში, არც ეს თანხა მინახავს თვალით. შემდეგ, 1995 წელს, ჩემი ბინა ირინა ქარელმა, თავის მხრივ, მიყიდა ვინმე მარიკა ეშმაკურაშვილს 335 მილიონ კუპონად,“ - ამბობს მედეა ხოხაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული ცნობის შესაბამისად, აღნიშნული თანხა, ანუ 335 მილიონი კუპონი, მაშინ  273 აშშ დოლარს შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბინა სამ სართულიანია, საინტერესოა, რატომ გაყიდა ქარელმა ხოხაშვილის ბინა 273 დოლარად.

ირინა ქარელმა ხოხაშვილს ვალის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოშიც უჩივლა, თუმცა, ქარელის ვალი მედეა ხოხაშვილს კი არა, მის დისშვილს ცირა კორინთელს ჰქონდა. სასამართლომ ხოხაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ასეთივე გადაწყვეტილება გამოიტანეს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ყველა სხდომაზე ხოხაშვილის დისშვილმა ცირა კორინთელმა აღიარა, რომ მან ისესხა ფული ირინა ქარელისგან და არა მისმა დეიდამ.

ქარელმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეძლო. სასამართლოს მოთხოვნით მიმართა, გაეუქმებინათ უკვე  ძალაში შესული გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ  ისინი პროცესს არ ესწრებოდნენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დალი ხელაიამ აღნიშნული მოტივის გამო თავისივე გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა.

ხოხაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარე, ანუ ქარელი ესწრებოდა და მოსამართლემაც ამიტომ გამოიტანა გადაწყვეტილება. 

დღემდე ჩივის მედეა ხოხაშვილი და სიმართლეს კი ვერ პოულობს, რადგან მას არ ჰყავდა ადვოკატი, რომელიც საქმის მსვლელობაში სწორ მიმართულებას მისცემდა. სწორედ ამის გამო ხოხაშვილი დღეს გამოუვალ სიტუაციაშია.

ხოხაშვილი სისსხლის სამართლის საქმის ძიებაში დაბრუნებასაც ითხოვს, მან 2004 წლის დეკემბერში,  ირინა ქარელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის მოთხოვნით კვლავ მიმართა პროკურატურას, თუმცა, გორის რაიონულმა პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, 2005 წლის 26 იანვარს გამოიტანა დადგენილება „სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ“, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არ არსებობის გამო.

ხოხაშვილმა, იმის გამო, რომ არ შეეძლო საკუთარი უფლებების სრულყოფილად დაცვა და არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები, დადგენილება გორის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ,  2006 წლის იანვარში გაასაჩივრა. 2006 წლის 14 თებერვალს მას დადგენილების გაუქმების შესახებ სასამართლომ უარი უთხრა. ამ საქმეში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პროკურატურის დადგენილების გაუქმების შესახებ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიროტაძემ იმსჯელა და 14 თებერვალს დადგენილებაც გამოიტანა. იმ დროისთვის კი მიროტაძე არაუფლებამოსილი პირი იყო, რადგან პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებულებით, გიორგი მიროტაძე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან.

ხოხაშვილმა დადგენილება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაშიც გაასაჩივრა, თუმცა, დადგენილების გაუქმებაზე იქაც უარი უთხრეს. რადგან პროკურატურის დადგენილების გასაჩივრების ვადები უკვე გასული იყო.

ხოხაშვილი გენერალურ პროკუარტურაში და იუსტიციის სამინისტროში ჩივის და იმედი აქვს, ახლა მაინც იპოვის სამართალს, ის საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვს.

თეა თედლიაშვილი, გორი

 

ახალი ამბები