კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ველოსიპედის ქურდობისთვის 16 წლის მოზარდს 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება

26 ივლისი, 2007

16 წლის ნოდარ ტუკვაძე მეექვსე თვეა ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება და სასამართლოს განაჩენს ელის. მოზარდს ბათუმის პროკურატურა ბრალს ველოსიპედის ძარცვაში სდებს. გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც განსასჯელის ადვოკატის განცხადებით, არაობიექტურია. დაზარალებული აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ინსპექტორია.

როგორც ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი ლევან კოპალიანი აცხადებს, ნოდარ ტუკვაძემ და მასთან ერთად კიდევ ოთხმა დაუდგენელმა პირმა, 2007  წლის 13 თებერვალს ზაურ რიჟვაძის სახლიდან ველოსიპედი მოიპარეს. დაზარალებულის ჩვენებით, როდესაც ის მძარცველებმა შენიშნეს, გაიქცნენ და ველოსიპედიც წაიღეს. „დავედევნე, მოგვიანებით მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევხვდი და ველოსიპედის დაბრუნება მოვთხოვე, რომელიც უკვე თან აღარ ჰქონდათ. ერთ-ერთმა მათგანმა ჯიბიდან რაღაც საგანი ამოიღო და დამემუქრა, თუ არ გახვალ, მოგკლავო. ისინი ხუთნი იყვნენ, შევეცადე სიტუაცია განმემუხტა. ამის მიუხედავად ერთ-ერთმა მძარცველმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჯიბიდან რაღაც საგანი ამოიღო, ხელი მომიქნია და მუცლის არეში ორი ჭრილობა მომაყენა. მეორე მძარცველმა ყელზე ოქროს ჯაჭვი შემნიშნა და მის ჩამოგლეჯვას ცდილობდა. მათი სახეები კარგად დავინახე და ამოცნობაც შემიძლია. საავადმყოფოში შევედი, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გამიწიეს და პოლიცია გამოიძახეს. ერთ-ერთ პოლიციელს მანქანაში ჩავუჯექი. ძებნისას ხუთივე ახალგაზრდა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე შევნიშნეთ. მიცნეს და გაიქცნენ. პოლიციამ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო. ის ნოდარ ტუკვაძე აღმოჩნდა, რომელიც ჩხუბის დროს ძალიან აქტიურობდა,“ - წერს დაზარალებული რიჟვაძე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში, რომელსაც ბათუმის პროკურატურა მთლიანად იზიარებს.

განსასჯელი ნოდარ ტუკვაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს. იგი უკვე მეექვსე თვეა, რაც ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება. მისი თქმით, ძარცვის დროს ბათუმის სამშობიარო სახლში იყო, სადაც იმ დღეს მისი ძმის მეუღლე დააწვინეს.

„ჩემი რძალი იმ დღეს საავადმყოფოში დავაწვინეთ. სახლიდან წასვლამდე მეზობელი გავაფრთხილე, ნოდარი რომ დაბრუნდებოდა, მისთვის გადაეცათ სადაც ვიყავი. საავადმყოფოში რომ მოვიდა, იქ აღარ დავხვდით, და სახლში დაბრუნდა. მისი დაკავების შესახებ ოჯახში მხოლოდ დილის 10 საათზე შევიტყვეთ. პოლიციელებმა სახლიც გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს,“ - ამბობს დაკავებულის დედა ნანული დიასამიძე.

ნოდარ ტუკვაძის ინტერესებს ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი რამინ გვარიშვილი იცავს.

დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არასრულად არის გამოძიებული. „დაზარალებული რიჟვაძე თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ გამთენიისას, როცა მძარცველებს ეზოდან ველოსიპედი მიჰქონდათ, ოთახში შევიდა, ტანზე ჩაიცვა, კარები ჩაკეტა, ქუჩაში გამოვიდა, მძარცველებს გამოეკიდა და დაეწია, ეს დროის თვალსაზრისით ძალიან არარეალურია. გარდა ამისა, რიჟვაძე ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ მას მიაყენეს დაზიანებები, რის გამოც მან ბათუმის პირველ საავადმყოფოს მიმართა, სადაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე საავადმყოფოდან მიღებული ოფიციალური წერილიდან ირკვევა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე დაზარალებული ცრუობს. გარდა ამისა, დარღვეულია დაკავებულის ამოცნობის წესებიც. ძიება მთლიანად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. საქმეში სხვა მტკიცებულება, რომელიც ტუკვაძის დანაშაულზე მიუთითებს არ არსებობს,“ - აცხადებს ადვოკატი რამინ გვარიშვილი.

ტუკვაძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი მცდელობა, აჭარელი სამართალდამცავებისგან კომენტარი, გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის დახმარებით მიგვეღო, უშედეგო აღმოჩნდა.

ამჟამად სისხლის სამართლის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. მისი განხილვის გაჭიანურების მიზეზებზე სასამართლოს თავმჯდომარე ჯემალ კიკნაძემ საუბარი არ ისურვა.

ველოსიპედის ქურდობისთვის, 16 წლის მოზარდს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გელა მთივლიშვილი აჭარიდან

ახალი ამბები