კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიტყვის აქცია - რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ?

1 აგვისტო, 2007

aqcia2b.jpg

,,მე მინდა აფხაზ ბავშვებს შევხვდე’’ - ეს ფრაზა 27 ივლისს, ოპერის წინ გამართულ ,,სიტყვის’’ აქციაზე  - ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ’’, აქციის ყველაზე პატარა მონაწილემ დაწერა. მას არც ომი ახსოვს და არც აფხაზეთი აქვს ნანახი. სურვილი კი მაინც ასეთი გაუჩნდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ მიერ ორგანიზებული ,,სიტყვის აქცია’’ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მისი მიზანი მართლაც იმ სიტყვების, გზავნილების შეგროვება იყო, რასაც ქართველები აფხაზებზე ფიქრობენ. ზოგს იმდენად ბევრი სათქმელი დაუგროვდა, ,,აქ ვერ დავტევო’’ აცხადებდა. ზოგი აფხაზურად წერდა სასურველ სიტყვას, ზოგიც ორ სიტყვაში ატევდა თავის განწყობას.

დასაწყისში გამვლელები თეთრ დაფას, რომელზეც ფერადი საღებავებით საკუთარი გზავნილი უნდა დაეწერათ,  ცოტათი უფრთხოდნენ, ნაწილი თვლიდა, რომ აფხაზებისათვის სათქმელი არაფერი ჰქონდა, უფრო დიდი ნაწილი კი, (მათ შორის  -უმრავლესობა ახალგაზრდობა), აფხაზებს ,,დაელაპარაკა’’. ეს ვირტუალური კონტაქტი კი სიტყვებში ასე გამოიხატა:aqcia1b.jpg
,,გამარჯობა’’, ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის’’, ,,ჩვენ ხელს გიწვდით’’, ,,მაჩვენეთ ახალი ათონი რა’’, ,,შეხედეთ ჩვენი თვალებით’’, ,,ერთად ვიცხოვროთ’’, ,,ერთად უკეთესია’’, ,,მოვსპოთ ცნება ენგურს გაღმა და ენგურს გამოღმა’’, ,,მოგვენატრეთ აფხაზებო’’, ,,გვითხარით რამე’’, ,,დავიწყოთ თავიდან’’, ,,დავივიწყოთ ომი - ის წარსულია’’, ,,ერთად ავაშენოთ მომავალი’’, ,,დედა, წამიყვანე აფხაზეთში!’’, ,რუსს რუსისთვის ვერ მოუვლია’’, ,,გვიყვარდეს ერთმანეთი როგორც 15 წლის უკან’’, ,,არ მოგენატრეთ?’’, ,,ჩვენ ერთი მომავალი გვაქვს’’, ,,ძალიან მინდა მყავდეს აფხაზი მეგობრები’’, ,,შერიგების დრო დადგა’’...
ერთმა მოხალისემ კი აქციაზე ლექსიც კი დაწერა:

,,ჩვენ ვდგავართ ხიდის სხვადასხვა ბოლოს
მარტო გიჟივით ნანგრევს ვაშენებ.
ასე უნდობლად რატომ მიყურებ,
მოდი, შენც ხელი შემომაშველე’’.

,,ამ აქციამ აჩვენა, რომ მოსახლეობაში აგრესია ამ საკითხის მიმართ დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მანამდე იყო. საინტერესოა ისიც, რომ არავის გასჩენია სურვილი რამე ცუდი დაეწერა, ამ აქციამ აჩვენა, რომ ორ ხალხს შორის ერთმანეთთან დიალოგის უფრო მეტი რესურსი არსებობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თავიდან ყველას უკვირდა, მაგრამ მოდიოდნენ და თავის სათქმელს წერდნენ. მსგავსი აქციების ჩატარებას რეგიონშიც ვგეგმავთ. ვნახოთ, იქ როგორი გამოხმაურება ექნება’’, - ამბობს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა თოფურია.

aqcia3.jpgაქცია რომ უფრო საინტერესო გამხდარიყო, მის მონაწილეებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა’’ სიმბოლურად აფხაზური ენის შესწავლაც შესთავაზა - კალათში მოთავსებულ კანფეტებზე, რომელიც საჩუქრად რიგდებოდა, აფხაზურ და ქართულ ენებზე დაწერილი ფრაზები იყო მიმაგრებული. ასე რომ, მათაც იპოვეს საკუთარი სიტყვები, რომელსაც დამარცვლით, ოდნავ ძნელად, მაგრამ მაინც, აფხაზურ ენაზე წარმოთქვამდნენ.
,,სარა უარა ბზია უზბოიტ’’ - ქართულად ,,მე შენ მიყვარხარს’’ ნიშნავს.
,,ან’’ - დედას,
,,ამშინ’’ - ზღვას.
ეს კი დასაწყისისთვის საკმარისია...


ეკა ქევანიშვილი

ახალი ამბები