კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წავახალისოთ“ მკვლელები

2 აგვისტო, 2007

GIRGVLIANI.jpgგირგვლიანის მკვლელებისათვის  სასჯელის შემცირებამ საზოგადოება გააღიზიანა

გოგა ხაინდრავა: ,,ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღირსეულია ჩვენი საზოგადოება და რამდენად შეეგუება ამგვარ პატივაყრილობას. ჩემი პროგნოზით, სააკაშვილის ხელისუფლება სამარცხვინოდ დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას. ეს არის ტერორი. ტერორს კი საზოგადოება ვერ შეეგუება.“ 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა: საკასაციო სასამართლომ გერონტი ალანიას სასჯელის სახით სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული 8 წლის ნაცვლად, 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.
ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს კი 7 წლის ნაცვლად, 6 წლისა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

27 ივლისს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯავრებულების ადვოკატის დავით ხაჟალიას, დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები განიხილა. დაზარალებული მხარის მთავარი მოთხოვნა საქმის ხელახალი განხილვისათვის ქვემდგომ, სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნება იყო, თუმცა, ამის ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს სასჯელის ვადები 6-6 თვით შეუმცირდათ.

საკასაციო სასამართლომ შეწყვიტა მსჯავრდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, რადგან მიიჩნია, რომ გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი და ის მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე დგინდება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში განაცხადა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ყოვლად უსაფუძვლო და უკანონოა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გირგვლიანის საქმის, როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლო განხილვები პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში არასრულად და ცალმხრივად ჩატარდა, დაზარალებული მხარის საკასაციო მოთხოვნის ერთ-ერთი მიზანი, საქმის ხელახალი განხილვისათვის ქვემდგომ, სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნება იყო:

შალვა შავგულიძე: „უზენაესმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ე.ი. ჩათვალა, რომ გირგვლიანის საქმეზე, როგორც გამოძიება, ისე სასამართლო განხილვები კანონიერად ჩატარდა და მსჯავრდებულთა განაჩენი ძალაში დატოვა, მან კანონიერად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულთა ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, არა განზრახ მკვლელობით, არამედ სხეულის დაზიანებით, რასაც გაუფრთხილებლობის გამო სიკვდილი მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება რომ ყოვლად უკანონო და უსამართლოა, ამას დიდი იურისტობა არ სჭირდება. სანდრო გირგვლიანს მარტო კისრის არეში, ანუ სიცოცხლისათვის სახიფათო ზონაში, 12 ნასერ-ნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული. ეს ჭრილობები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ შეფასებულია, როგორც მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რასაც სიკვდილი მოჰყვა. მაშინ, როდესაც ასეთ ჭრილობებს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია არ ეძლევა, შეიძლება ეს განაჩენი სამართლიანი და კანონიერი იყოს? მაშინ რა არის განზრახ მკვლელობა? – 12 ჭრილობა არა და 13 ჭრილობა? უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს გახმაურებული პრეცედენტები, როდესაც უმნიშვნელო, სიცოცხლისათვის აბსოლუტურად უსაფრთო დაზიანებებს, განზრახ მკვლელბის კვალიფიკაციას აძლევენ.“

შალვა შავგულიძის განცხადებით, სულ რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ სახელმძღვანელო მითითებები გამოსცა და ეს მითითებები ქვემდგომ ინსტანციებს იმისათვის დაურიგა, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა იყოს შემოღებული: „როგორ გგონიათ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრის ოფიცრების მიერ განზრახ მიყენებულ 12 ჭრილობას სხეულის დაზიანების კვალიფიკაცია და მცირე, სიცოცხლისათვის უსაფრთხო დაზიანებას, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ენიჭება, აქვს ასეთ უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის ქვემდგომი ინსტანციებისათვის სახელმძღვანელო მითითებების მიცემის ზნეობრივი უფლება?“ - აცხადებს გირგვლიანების ადვოკატი.  
   
შავგულიძის თქმით, მათ თავიდანვე არ ჰქონდათ ადგილობრივი სამართლაწარმოების იმედი: „ჩვენ ევროპულ სასამართლოში საჩივარი უკვე შევიტანეთ და უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით საჩივარს კონვენციის დარღვევის ნაწილშიც აუცილებლად დავამატებთ.“

უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის განცხადებით, „ადვოკატის მოთხოვნა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ არის უკანონო და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ შეფასების გაკეთებაც კი ზედმეტად ეჩვენება:

„უზენაეს სასამართლოს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა და თავად გადაწყვეტილების გამოტანაშიც უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. პირველ რიგში ის, რომ ეს ყველაფერი ფარულად მოხდა და დაზარალებულების ადვოკატმა სასამართლოს განაჩენის შესახებ ჟურნალისტებისაგან შეიტყო. ეს ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გირგვლიანის საქმის ძალიან ეშინია. და ის სწორედ ამიტომ წავიდა ასეთ დიდ სამართლებრივ დარღვევაზე და ადვოკატსაც კი არ აცნობა პროცესის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარდა, ადვოკატს, კანონის მიხედვით, მინიმუმ ის მაინც უნდა სცოდნოდა, უზენაესმა სასამართლომ მიიღო თუ არა საქმე განსჯადობაში. ბევრი შავი ლაქაა გირგვლიანის საქმეში დატოვებული და ხელისუფლება დღითიდღე უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს. ამის ნათელი დადასტურებაა ეს განაჩენიც. უზენაესმა სასამართლომ საოცარი რამ გააკეთა: მას ჰქონდა ორი საკასაციო სარჩელი - ერთი გირგვლიანის ოჯახის და მეორე მსჯავრდებულების. მან განსასჯელების საკასაციო საჩივარი განიხილა, ის ნაწილობრივ დააკმაყოფილა კიდეც და ამასობაში საერთოდ არც ერთი სიტყვა არ თქვა გირგვლიანების ოჯახის საჩივართან დაკავშირებით. ეს იქნება კიდევ ერთი მყარი საფუძველი იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ მართებული განაჩენი გამოიტანოს.“

კინორეჟისორისა და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრის, გოგა ხაინდრავას თქმით, ამ განაჩენით ხელისუფლებამ ორი გზავნილი გაგზავნა: ერთი საზოგადოების მისამართით და მეორე თავისი დამქაშების, დაქირავებული მკვლელების მისამართით:

„ერთში იგულისხმება, რომ არანაირი ყურადღება, პატივისცემა და ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება, თუ ეს ადამიანები არ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და მსახურები და მეორეში კი იგულისხმება, რაც გინდათ აკეთეთ, ვინც გინდათ მოკალით, ხელშეუხებლები იქნებითო. ეს არის გეგმაზომიერი შესრულება იმ დაპირებისა, რომელიც ამ მკვლელებს აქვთ მიღებული, რათა არ გასცენ მკვლელობის ის შემკვეთები, რომლებიც მათთან ერთად იმ სუფრაზე ისხდნენ. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღირსეულია ჩვენი საზოგადოება და რამდენად შეეგუება ამგვარ პატივაყრილობას. ჩემი პროგნოზით სააკაშვილის ხელისუფლება სამარცხვინოდ დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას. ეს არის ტერორი. ტერორს კი საზოგადოება ვერ შეეგუება.“ 

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები