კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „ქუთაისის” „უკანასკნელი მოჰიკანები”

6 აგვისტო, 2007

 სპეციალური რეპორტაჟი

saxlib.jpgშენობაში, რომლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, წესით ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ. არადა, აივნებზე სარეცხია გადმოფენილი. სახელდახელოდ გაბმულ თოკებზე დამაგრებული შარვლის, ხალათისა და სხვა წვრილმანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ ახალგაზრდები აღარ უნდა იყვნენ დარჩენილები.

სასტუმრო „ქუთაისს” ხის სარტყელი აქვს შემოვლებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ წინასარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ფართე კიბეებს თეთრი ნაფეხურები ატყვია. სიმუქის მიხედვით გაარჩევ, რომ ზოგი ცინცხალია, ზოგი კი მოძველებული.

- სად მიდიხართ, ზევით თითქმის აღარავინაა დარჩენილი - ინიციატივას იჩენს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ურო, თუ რაღაც მსგავსი ხელსაწყო უჭირავს.

„ზევიდან” ადამიანების საუბარი ისმის. თუმცა, აქედან ძნელი გასარჩევია, მუშები არიან თუ სასტუმროს ბინადარნი. გრძელი კიბეების შემდეგ ჩაბნელებული დერეფანია, რომელსაც ერთადერთი შეღებული კარიდან გამოსული დღის შუქი თითქმის ვერ ანათებს. კარი დანომრილია. # 210-ში მოხუცი ცოლ-ქმარი და ორიოდ მეზობელი ათასჯერ „გარჩეულ“ თემაზე – სასტუმროდან გასახლებაზე საუბრობს.

-  დიდება უფალს, ვიღაცას კიდევ ვახსოვართ! მადლობელი დაგრჩებით, თუ კიდევ ერთხელ არ შეგვახსენებთ, რომ აქედან უნდა გადავბარგდეთ! , - ეს ბატონი შოთაა, სასტუმროს ბოლო ბინადართაგანი.

ბოლო პერიოდამდე აქ 84 ოჯახი ცხოვრობდა. მერე ნელნელა გაიკრიფნენ და დღეს მხოლოდ 9 დარჩა. ესენიც წავიდოდნენ, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ. ნათესავებს საკუთარი თავი გასჭირვებიათ. ინვესტორი კი მათ მხოლოდ 4500 დოლარს სთავაზობთ. ამ ფასად ქუთაისში მხოლოდ სარდაფს თუ იყიდი(!)

- ნუთუ რამე განსაკუთრებულს ვითხოვთ. მხოლოდ ერთ ოთახს და მშვიდ სიბერეს. ეს სიმშვიდე კი, არ იქნა და არ გვეღირსა. გარეთ რომ გავდივარ, შემომხედავენ და ჩაილაპარაკებენ: ეს „ის” ლტოლვილიაო. „იმ ლტოლვილში”, ალბათ, ჯიუტ, ადამიანს გულისხმობენ, რომელიც სასტუმროდან ვერ გააგდეს. იცი, რას ვფიქრობ? ლტოლვილობა ჩვენი დამღაა. ასე ჰგონიათ, ყველაფერი უნდა გვაკადრონ.

ოთახში ყავისა და წამლის სუნი ერთმანეთში ირევა. „ტუმბოჩკაზე” 10-მდე დასახელების მედიკამენტია დალაგებული. ბატონი შოთას მეუღლე ონკოლოგიური ავადმყოფია. თუმცა, ინვესტორის `მოციქულებს~ ეს სულ არ უშლის ხელს, მოხუც ცოლ-ქმართან ხშირად მივიდნენ და იქედან გაყრით დაემუქრონ.

შოთა მილორავა 76 წლისაა. სასტუმროში მცხოვრებმა დევნილებმა ის დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. საკუთარი მიწა-წყლიდან გამოგდებული ბერიკაცი სასტუმრო  “ქუთაისს” გემის კაპიტანივით ბოლომდე შემორჩა. ერთ დროს # 210-ში შემთხვევით შესახლებული, დღეს მხოლოდ წარსულით და ტკბილ-მწარე მოგონებებით ცხოვრობს.

- ჩვენი შვილი პოლკოვნიკი იყო. იმ ავბედით 93-ში ამბავი მოვიდა, ნუგზარ მილორავა დაჭრილია და თბილისშია გადაყვანილიო. სოხუმიდან თითზე გადასახვევიც არ წამოგვიღია, გიჟებივით გამოვიქეცით, იქნებ, ცოცხალს ჩავუსწროთ-თქო. მთელი თბილისი ფეხით მოვიარეთ და ვერ ვიპოვეთ. მერე გვითხრეს, ქუთაისში წევსო. ჩამოვედით. ერთ-ერთ ჰოსპიტალში მილორავა კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ ჩვენი შვილი არ იყო. წასვლის თავი აღარსად გვქონდა და დავრჩით აქ, ამ სასტუმროში.

იმ დღიდან სტუმრებივით ცხოვრობენ. მწირი ტანისამოსი სკამის საზურგეზე აქვთ გადაფენილი. ფანჯრის რაფა კი, ჯამ-ჭურჭლის თაროდაა გადაქცეული. კედელზე 1993 წლის კალენდარია გაკრული, რომელიც # 210-ში დროს აჩერებს.

- ბედნიერად ვცხოვრობდით. არც ფული გვაკლდა და არც ადამიანობა. დღეს კი ვინ ვართ? - აღარავინ. ახლა საქართველოში მხოლოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს. ვინც ძლიერია, ის იმარჯვებს. რამდენიმე დღის წინ გაეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. სასტუმროსთან გამოიარეს და გაოცება ვერ დაფარეს: აქ ხალხი ცხოვრობს და შენობა შეფუთულიაო? ალბათ, ჯერ კიდევ არ იციან, რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს.

კანონის ფარგლებში, ინვესტორს მათი გაყრის უფლება არა აქვს. ის დევნილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოსთხოვს სასტუმროდან გასვლას, თუ ბინით ან ფულადი კომპენსაციით დააკმაყოფილებს. თავის დროზე, შეთანხმებაშიც ეს იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, დევნილებს უფლებები მაინც შეულახეს და ადვოკატის აყვანა აიძულეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომდე მისული საქმე დევნილთა სასარგებლოდ გადაწყდა. თუმცა, მოგვიანებით ადვოკატი განზე გადგა და მისი დაცვის ქვეშ მყოფები ღვთის ანაბარა დატოვა. ბატონი შოთა ამბობს, რომ ის მოისყიდეს, ან შეეშინდა და გაიქცა.

დარჩა იმედი, რომ ინვესტორი მოხუც წყვილს, რამდენიმე მეზობელთან ერთად, არ გაწირავს და ქუჩაში ძაღლივით არ გააგდებს. ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა ინვესტორი ქართველია, თანაც, როგორც ამბობენ, ქველმოქმედი.

-  რუსი რომ იყოს, ანდა ჩეხი, უფრო შემეშინდებოდა. ბოლომდე მწამს, რომ ბატონი ბადრი კაკაბაძე რამეს მოიფიქრებს. ამბობენ, რამდენიმე დღეში ჩამოდისო...
# 210-დან დამძიმებული გამოვდივარ. შინ მისვლამდე ვერ ვითმენ და მეშვიდეკლასელი ნუგზარ მილორავას (შოთა მილორავას შვილიშვილის) წიგნს „სიკეთის საგალობელს“  ვფურცლავ.

„მაინც რა არის სიკეთე? სიკეთე თავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი - მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია. დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე“ -  (ნუგზარ მილორავა, 2004 წელი). 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ახალი ამბები