კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უშვილო“ პატიმარი

7 აგვისტო, 2007

lukab.jpg

„როდესაც სოფიო კობახიძისათვის განაჩენი გამოჰქონდათ, მოსამართლემაც და პროკურორმაც კარგად იცოდნენ, რომ მას ერთი თვის შვილი ჰყავდა. სოფიოს ადვოკატმა, ანა გაგუამ პროცესზე ბავშვის დაბადების მოწმობა წარადგინა. მოსამართლემ და პროკურორმა მდუმარედ გადახედეს ერთმანეთს და საბოლოოდ ამ გარემოებაზე რატომღაც თვალი დახუჭეს. საქმეში არსად არის ნახსენები სოფიოს ერთი თვის შვილი“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დავით მანაგაძე.

2004 წლის 2 ნოემბრის საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეადგინა, არსად არის მოხსენებული ის ფაქტი, რომ სოფიო კობახიძეს 1 თვის შვილი ჰყავდა. სოფიოს ადვოკატის მიერ წარმოდგენილ დაბადების მოწმობას საბოლოო განაჩენზე არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია. მისთვის შემამსუბუქებელ გარემოებად მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტები მიიჩნიეს, რომ ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა, რაც შეეხება შვილს, ის ვითომ არც არსებულა. საბრალდებო დასკვნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის უფროსმა მრჩეველმა დაამტკიცა.

სოფიო რომ დააპატიმრეს, ზუსტად 30 დღის ნამშობიარები იყო. სოფიოს ქურდობა ედება ბრალად, რომელიც მან სამ ადამიანთან ერთად ჩაიდინა. ის უკვე სამი წელია სასჯელს ქალთა და არასრულწლოვანთა #5 საპყრობილეში იხდის. სამი წლის ლუკა დედას სამ თვეში ერთხელ ნახულობს. კოლონიაში გამზრდელს, სვეტა მარგიანს მიჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს ან ქალს, რომელსაც ხუთ წლამდე შვილი ჰყავს, სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და 2006 წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოგვიანებით, 2006 წლის 11 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელის ზომა 4 წლამდე შეუმცირდა. ეს ვადა კი 2008 წლის 6 აგვისტოს იწურება.

სოფიო კობახიძის ინტერესების დამცველის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის დავით მანაგაძის თქმით, მან 2007 წლის 26 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას, სოფიო კობახიძის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. თუმცა, 29 ივნისს სასჯელაღსრულებლის დეპარტამენტის მუდმივმოქმედმა კომისიამ მას ვადამდე გათავისუფლების შესახებ უარი განუცხადა. „იმის შესახებ, რომ განცხადებაზე უარი მითხრეს, დიდი ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ 6 აგვისტოს შევიტყვე. არადა, როგორც გაირკვა, კომისიამ დასკვნა დაახლოებით 40 დღის წინ გამოიტანა“, - ამბობს დავით მანაგაძე.

როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, უარი კოლონიის ადმინისტრაციას ივნისის ბოლოს გადაეგზავნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უარს თავად სოფიო კობახიძემდე, ჯერჯერობით, არ მიუღწევია. სოფიომ უარი ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ ჩვენგან შეიტყო.

როგორც კოლონიის დირექტორი მედიკო ალანია აცხადებს, მასთან არანაირი შეტყობინება სასჯელაღსრულებლის დეპარტამენტიდან არ მისულა: „არც უარყოფითი და არც დადებითი პასუხი არ მიმიღია. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.“ 

ლუკას თავგადასავალი

ლუკა მაგიდასთან ზის და ნაყინს ჭამს. დედა, მოვრჩიო, სვეტას გასძახის და ნაყინით მოთხუპნულ პირს უშვერს. ლუკა ჯერ სამი წლისაა და სვეტამ ძალიანაც რომ მოინდომოს ვერ აუხსნის, რომ ის დედა კი არა მისი გამზრდელია. დედა კი პატიმარია და სასჯელს იხდის.

„ყოველთვის ღიზიანდება კოლონიაში რომ მიმყავს. ემოციური ბავშვია და როცა ვეუბნები დედაშენი სოფიოა-მეთქი, საშინლად ნერვიულობს და აგრესიული ხდება. ხშირად ვერ ვახერხებთ სოფიოსთან მისვლას. ესეც ათას პრობლემასთან არის დაკავშირებული“, - ყვება სვეტა.

„სოფიო ჩვენს ეზოში მდგმურად ცხოვრობდა, მეც იქიდან ვიცნობ. ბავშვი რომ გაუჩნდა, გაზრდაში ვეხმარებოდი. ლუკა დაახლოებით ერთი თვის იქნებოდა, სოფიო რომ დაიჭირეს. მახსოვს, გამომძიებელი მოვიდა და მითხრა, ბავშვი მზრუნველობამოკლებულთა სახლში უნდა გადავიყვანოთო. ვერ გავატანე. შვილივით ვზრდიდი, თან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შემეშინდა, არ მოკვდეს-მეთქი და მისი გაზრდა ვიკისრე. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ერთი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა და მისი მოვლა კიდევ უფრო გამიჭირდა. სწორედ მაშინ, რამდენიმე ხნით, ბავშვი კოლონიაში, სოფიოსთან გადავიყვანეთ, მაგრამ ლუკა იქაურ პირობებს ვერაფრით შეეგუა, გამუდმებით ტიროდა, ამიტომ ისევ სახლში დავაბრუნე. მის გაზრდაში ჩემი 15 წლის გოგონა მეხმარება. იძულებული ვარ, ვიმუშავო. ოჯახში სხვა მარჩენალი არ გვყავს. დღეში 5 ლარზე ვმუშაობ, რომ სახლში პურის ფული მაინც შემოვიტანო. დაახლოებით ნახევარი წლის წინ განათლების სამინისტროს მეშვეობით მიმღებ ოჯახად დავრეგისტრირდი და 120 ლარიან დახმარებას ვღებულობთ. თუმცა, ბავშვს იმდენი რამე სჭირდება, რომ ეს თანხა არაფერში გვყოფნის. პატარაა და ვერ ავუხსნი, რომ მისთვის ყველაფრის ყიდვა არ შემიძლია. ლუკა ძალიან ემოციური ბავშვია, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს, უცხო გარემო მის ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, ბავშვთ სახლში გადაყვანამ, შესაძლოა მომავალში სავალალო შედეგები მოიტანოს“, - დარდობს სვეტა.

სვეტას თქმით, მას დღითიდღე უჭირს ლუკას მოვლა, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ბავშვი მზრუნველობამოკლებულთა სახლში აღმოჩნდეს: „საშინლად ვდარდობ. საკუთარი შვილივით გავზარდე, ძალიან მიყვარს და იმის გამო, რომ მე შესაძლებლობა არა მაქვს და სოფიოს გათავისუფლებას კი საშველი არ დაადგა, ბავშვი შეიძლება ოჯახის გარეშე დარჩეს. სოფიოს მოხუცი მშობლები ჰყავს, რაჭაში ცხოვრობენ. უკვე დიდი ხანია მათთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს. ერთხელ იყვნენ ბავშვის სანახავად ჩამოსულები. მაგრამ ისინი ჩემზე გაჭირვებულები არიან. ბავშვის აღზრდას ვერ მოახერხებენ. ამიტომ თუკი სოფიოს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ, ბავშვი, სავარაუდოდ, მზრუნველობამოკლებულთა სახლში აღმოჩნდება“, - ამბობს სვეტა.  

დავით მანაგაძესთან  საუბარში სოფიო კობახიძე ამბობს: „ლუკა პირველ ივლისს სამი წლის გახდა, კანონის მიხედვით, როდესაც ბავშვი სამი წლის ხდება პატიმარ დედას აღარ აქვს უფლება, შვილი თავისთან იყოლიოს. ახლა ბავშვი მიმღებ ოჯახშია. მარტოხელა დედა ვარ, ოჯახთანაც არ მაქვს ურთიერთობა. ძიძა - სვეტა მარგიანი, ჩემი ნაცნობია და ბავშვი იმ იმედით დაიტოვა, რომ სასჯელს გადამივადებდნენ. თუმცა, დღემდე ციხეში ვზივარ. თვითონ ძიძას, ორი შვილი ჰყავს. ქმარი, ერთადერთი მარჩენალი, დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაეცვალა და ახლა, კიდევ უფრო გაუჭირდა ჩემი ლუკას მოვლა. ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბავშვი მზუნველობამოკლებულთა სახლში აღმოჩნდეს“, - დარდობს სოფიო...

როგორც პატიმრის ინტერესების დამცველი დავით მანაგაძე აცხადებს, განმეორებითი განცხადება ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეიძლება დაიწეროს.

სოფიო კობახიძეს პატიმრობის ვადა 2008 წლის 6 აგვისტოს, ანუ ზუსტად 12 თვის შემდეგ უმთავრდება. 6 თვის შემდეგ დაწერილ განცხადებას, სავარაუდოდ, ან დადებითი ან უარყოფითი რეაგირება 2 თვეში მოჰყვება - ეს 8 თვე. შემდეგ, დაახლოებით 1 თვეზე მეტი დასჭირდება იმის გარკვევას, მიაღწია თუ არა პასუხმა კოლონიამდე - ესეც 9 თვე... ჰოდა, სადაც 3 წელი და 9 თვე გასძლო სოფიომ პატიმრობაში, იქ იმ 3 თვესაც მოითმენს... მანამდე კი ლუკა ალბათ მზრუნველობამოკლებულთა სახლში გადავა საცხოვრებლად.

ნინო თარხნიშვილი  

ახალი ამბები