06:40, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,ხალხის'' ბაზარი იყიდება

07.08.2007
bazarb.jpgგორის სკანდალური ბაზარი ისე იყიდება, მის ძველ მეპატრონეს ჯემალ წიკლაურს არაფერს ეკითხებიან. ბაზრის გაყიდვის ფაქტს ბაზრის ამჟამინდელი დირექტორი, ანზორ კაჭკაშვილიც  ადასტურებს.

,,საიდან იცით, რომ ბაზარი იყიდება... თქვენ რაში გაინტერესებთ?!... ჯერ ეგ საკითხავია გაიყიდება თუ არა... ეხლავე პატრულს დავურეკავ და აქედან გაგაგდებთ. ვის ინტერესს იცავთ? თუ რამე გაინტერესებთ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიმართეთ. დაურეკე ბიჭო, პატრულს და ეხლავე დაახვებინეთ ამას აქედან...?!" - ასე შეხვდა  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჟურნალისტს  ბაზრის დირექტორი ანზორ კაჭკაშვილი.

გორის ბაზრის ყოფილ მფლობელს ჯემალ წიკლაურს ბაზარი 2004 წელს მიხეილ ქარელმა წაართვა. წიკლაური ციხეში ჩასვეს. გუბერნატორი მიხეილ ქარელი ციხეში წიკლაურთან რამდენჯერმე შევიდა და ბაზრის სახელმწიფოსათვის ჩუქებას კატეგორიულად სთხოვდა. 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ,  წიკლაურმა წნეხს ვეღარ გაუძლო და ჩუქების აქტს მოაწერა ხელი.

მიუხედავად ამისა, ჯემალ წიკლაური გაჩერებას არ აპირებს და აცხადებს, რომ გორის ბაზართან დაკავშირებით თავის დროზე ყველას პასუხი მოეთხოვება.

,,თუ გაიყიდა ბაზარი, ეს იქნება კიდევ ერთი უკანონობა.  წარმოიდგინეთ, მე რომ ბაზარი წამართვეს, გამოვიდა ტელევიზიით მაშინდელი გამგებელი სოსო მუმლაძე და განაცხადა, ხალხო, გაიგეთ, ბაზარი ხალხს დაუბრუნდაო... ახლა ისევ ყიდიან. რა, აღარ არის ,,ხალხის"? როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბევრი აპირებდა აუქციონზე მონაწილეობის მიღებას, მაგრამ უარი თქვეს. იმიტომ რომ ყველა საბუთი არსებობს იმისა, რომ 2004 წელს მე ბაზარი იძულებით და ტერორის ქვეშ მიშა ქარელმა წამართვა" - აცხადებს ჯემალ წიკლაური.

2004 წლის იანვარში, როდესაც რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, გორის ბაზარში რეიდი ოქრუაშვილის თანაშემწეებმა - მიხეილ ქარელმა და ალუდა ჯოხაძემ მოაწყვეს. ვიდეოკამერების თვალწინ მიხეილ ქარელი ბაზრის დირექტორს უყვიროდა, რომ ბაზარში ,,მოქალაქე" ალუდა ჯოხაძეს ხორცის ყიდვისას წონაში მოატყუეს. ალუდა ჯოხაძე აცხადებდა, რომ 10 კგ ხორციდან მას 1 კგ დააკლეს.

მიხეილ ქარელმა სასწორი, რითაც  ჯოხაძეს ხორცი დააკლეს, წაიღო და ირაკლი ოქრუაშვილს კაბინეტში დაუდო. სასწორის ფონზე ბრიფინგი გაიმართა, სადაც ქარელმა ბაზრის დირექტორის ჯემალ წიკლაურის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ცოტა ხანში გორის პოლიციაში ,,მოქალაქე" ალუდა ჯოხაძის განცხადება შევიდა, სადაც იგი აცხადებს, რომ მოქალაქეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ვალდებულია სამართალდამცავებისგან მოითხოვოს რეაგირება და შემოწმდეს ბაზრის დირექტორი რამდენად კანონზომიერად უხდის ბიუჯეტს გადასახადს.  ჯემალ წიკლაური გადასახადების დამალვის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა როგორც კი წიკლაურმა ბაზარი „გამგეობას" აჩუქა, გაათავისუფლეს.

,,მოქალაქე“ ალუდა ჯოხაძე მალევე დაინიშნა შიდა ქართლის რწმუნებულის თანაშემწედ. შემდეგ საფინანსო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი ოქრუაშვილის შს მინისტრობის პერიოდში ამავე სამინისტროს მაღალჩინოსანი გახდა. ამჟამად ალუდა ჯოხაძე თაღლითობის ბრალდებით ვანო მერაბიშვილის უწყებას ჰყავს დაკავებული და განაჩენს ელოდება.

გორის ბაზართან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოიკვლია, რომ ხალხისთვის გადაცემული ბაზრიდან შემოსავლები ბიუჯეტში არ მიდიოდა. გამგეობისთვის ბაზრის ჩუქების და მიღება-ჩაბარების აქტს, სხვათა შორის, ნუკრი პაპუნაშვილი აწერს ხელს, რომელიც მაშინ გამგებელ სოსო მუმლაძის მოადგილე იყო.
2004 წლის 21 ივლისის სხდომაზე, სადაც  #153 დადგენილება მიიღეს, გამგეობამ განიხილა საკითხი - ,,სახელმწიფო საწარმო შპს ,,სავაჭრო ცენტრის” დაფუძნების შესახებ”. სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს ,,ლიახვის” (გორის ბაზარი) ბაზაზე, რომელიც წიკლაურმა უსასყიდლოდ ,,აჩუქა” გამგეობას და სხვათა შორის, ჯერ არ იყო მუნიციპალურ ქონებად აღებული, დაფუძნებულიყო შპს ,,სავაჭრო ცენტრი” 100%-იანი სახელმწიფო წილით.
დადგენილება ისე მიიღეს, რომ პროცესში ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველო საერთოდ  არ ჩართეს. გამგეობის თანამშრომლებმა „სახელმწიფო საწარმო“ ისე დააფუძნეს ,,სავაჭრო ცენტრად”, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ან სამმართველოს არაფერი ჰკითხეს. უფრო მეტიც, ახლადდაფუძნებული ,,სავაჭრო ცენტრის” ხელმძღვანელობამ და რაიონის მაშინდელმა გამგებელმა სოსო მუმლაძემ წესდებაში ასე ჩაწერეს - ,,წლიური შედეგები აისახოს საზოგადოების ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშში, რომელსაც დირექცია დასამტკიცებლად წარუდგენს გორის რაიონის გამგეობას”. წესდების ამ მოთხოვნით ნათლად ჩანს ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ბაზრის შემოსავლებით, მაშინ როდესაც ბაზრის შემოსავლები და გასავლები საგადასახადო ინსპექციის გასაკონტროლებელი იყო და არა რაიონის გამგეობის. დადგენილებით ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და მოგებები რაიონის გამგეობის გასაკონტროლებელი უნდა გამხდარიყო.
გამგეობა ამ ,,გაუგებრობაში” 2005 წლის 8 თებერვლამდე იყო. ფაქტიურად მთელი 8 თვის განმავლობაში სად მიდიოდა გორის ბაზრის ე.წ. სავაჭრო ცენტრის შემოსავლები, საგადასახადო ინსპექციამ არ იცოდა. 2005 წლის 8 თებერვალს ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოთხოვნით გორის სასამართლოში ,,სავაჭრო ცენტრი” ხელახლა დარეგისტრირდა. შესაბამისად, წესდება შეიცვალა და ,,სავაჭრო ცენტრის” შემოსავლების გაკონტროლება საგადასახადო ინსპექციამ დაიწყო. თუმცა წინა 8 თვის  შემოსავლები ვერავინ იპოვა.
სულ გორის რაიონში სახელმწიფო ქონების ბაზაზე დაფუძნებული საწარმოთა საწესდებო კაპიტალი 25 მლნ ლარს აღემატება. მათგან კი 2004-2006 წლებში დივიდენდების სახით ბიუჯეტში არც ერთი თეთრი შესულა.
რაც შეეხება ბაზრის ხელახალ პრივატიზაციას, გორის პრივატიზაციისა და ეკონომიკის სამმართველოს უფროსი ნუკრი აბალაკი აცხადებს, რომ ბაზრის გაყიდვის აუქციონს 9 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრო ჩაატარებს. „ჩვენ მაგ საქმეში არ გვრევენო“, - თქვა აბალაკმა.


საბა წიწიკაშვილი; გორი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC