კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სიცხე" ციხეში - საპირფარეშოს რიგში მოხდილი სასჯელი

10 აგვისტო, 2007

cixeb.jpgჩეჩენი ვახიდ ალბასტოვი საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით მეოთხე თვეა წინასწარი დაკავების საკანში ზის. ციხეში ყოფნის ოთხმა თვემ ის ისე შეცვალა გარეგნულად, რომ მის ადვოკატს, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტ ნინო ანდრიაშვილს მისი ცნობა გაუჭირდა.

"სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა კი ყურებზე რომ შევხედე, მიცვალებული მეგონა. გამხდარი და ფერდაკარგულია. ჩივის, რომ ციხეში უამრავი მკბენარია. ხელები სულ დასიებული აქვს. წამალს არ აძლევენ. ამბობს, რომ 70 კაციან საკანშია, სადაც მორიგეობით სძინავთ. იმდენად საშინელი კვებაა, რომ მხოლოდ პურს ვიღებო კუთვნილი ულუფიდან. აქ მას ახლობელი არავინ ჰყავს და როგორც ჩანს, ციხეში გაცნობილი პატიმრები უყოფენ საჭმელს", - ყვება ნინო ანდრიაშვილი.

ალბასტოვის მსგავსად, ციხეში გაუსაძლის პირობებზე უამრავი პატიმარი ჩივის. ბოლოს, 17 ივლისს,  სახალხო დამცველის ოფისს რუსთავის # 2 საპყრობილეში მყოფმა პატიმრების ჯგუფმა მიმართა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი არ იცნობენ საპყრობილის შინაგანაწესს, დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში იყიდება მხოლოდ ძვირადღირებული სიგარეტი, რომ მათ შეზღუდული აქვთ გასეირნების უფლება, არის აუტანელი სანიტარული მდგომარეობა, აბანოში ორ-სამ კვირაში ერთხელ დაყავთ, ამანათების მიღების მხოლოდ ერთი ფანჯარა მოქმედებს, რის გამოც  ადამიანებს რამდენიმე დღის მანძილზე უწევს რიგში დგომა. ჩიოდნენ არარსებულ სამედიცინო მომსახურებაზე. მედიკამენტების არარსებობაზე. კიდევ იმაზე, რომ  ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად  მოთავსებულნი არიან მძიმე გადამდები სენით დაავადებული პატიმრები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს შინაგანაწესი კი გადასცეს, მაგრამ ციხეში არსებული მთავარი პრობლემების მოგვარება მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის კომპეტენციაა. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ომბუდსმენს შეუძლია,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას და რუსთავის #2 საპყრობილის დირექტორის, ლაშა ბრეგვაძეს სახელზე უკვე მერამდენე რეკომენდაციის გაგზავნაა.

სახალხო დამცველის მოადგილე გიგა გიორგაძე ამბობს, რომ როგორც წესი, ამ რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი სრულდება. მაგალითად, მეშვიდე საპყრობილეში ზარის დაყენების მოთხოვნა ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა. სამაგიეროდ, ერთი კვირის წინ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის წევრებს საკანში შესვლა იმ მიზეზით გაუჭირდათ, რომ გადაჭედილი საკნის კარი ძლივს გააღეს. გიორგაძე ამბობს, რომ 14 საწოლიან საკანში 70-80 ადამიანია მოთავსებული და ზაფხულის სიცხის პირობებში მათ რამდენიმე გამაგრილებელი მოწყობილობაც რომ დაუდგა, უჰაერობას მაინც ვერ შველის.

რუსთავის დაწესებულების მონახულების შემდეგ დაწერილი სახალხო დამცველის რეკომენდაციის ტექსტი წინა რეკომენდაციებისაგან დიდად არ განსხვავდება: "მიეცეთ მსჯავრდებულებს უფლება უზრუნველყოფილნი იყვნენ სამედიცინო მომსახურებით; მოხდეს იმ მსჯავრდებულების გადაყვანა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, რომელთაც კანონით არ ეკუთვნით საპყრობილის რეჟიმი;  მსჯავრდებულებს, რომელთაც კანონით აქვთ ამის უფლება, მიეცეთ ტელევიზორით სარგებლობის უფლება; დაემატოს ამანათის მისაღები ფანჯარა..."

პატიმრების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  18 500 პატიმარი (დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა) საქართველოს ციხეებში არასოდეს ყოფილა. `ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის~ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე იხსენებს ევროსაბჭოს ექსპერტების დასკვნას, რომელიც  ჯერ კიდევ ჯონი ხეცურიანის მინისტრობის დროს, 90-იანი წლების ბოლოს გაკეთდა, რომ  საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, 5-6 ათას პატიმარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მაშინ პატიმართა რიცხვი დაახლოებით 7000-სს აღწევდა.

"საბჭოთა დროს საქართველოს ციხეები 11 000-მდე პატიმარზე იყო გათვლილი. ამ რიცხვის გაორმაგებას ისიც ემატება, რომ მათ ელემენტარული პირობები არა აქვთ შექმნილი. ციხეებში სრული ანტისანიტარიაა. რა არგუმენტია ის, რომ ციხეში ვერ  ატევენ პატიმრებს? თქვას უარი ციხის ადმინისტრაციამ მათ მიღებაზე. გადაჭედილ ავტობუსში ადგილი რომ არ არის, ხომ ვეღარ ავა ზედმეტი მგზავრი ძალიანაც რომ მოინდომოს?"

"ყველა დანაშაულზე რომ საპატიმრო სანქციებია გამოყენებული, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის სავიზიტო ბარათი. მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ წინასწარი პატიმრობა", - აცხადებს კაკაბაძე და 1983-85 წლებს იხსენებს, როდესაც თავადაც პოლიტიკური პატიმარი იყო და ამბობს, რომ ციხეში მაშინ გაცილებით ნორმალური პირობები იყო:

"დღეს საქართველოს ციხეებში 7000 საწოლია. პატიმარი კი 18 500. აქ დასკვნები მკითხველმა გააკეთოს. კოლონიებში, ქალთა იქნება ეს თუ არასრულწლოვანთა, პატიმრებს აუტანელი სიცხის გამო გარეთ სძინავთ, ზოგს ხის ძირში, ზოგს მინდორზე. ქალთა კოლონიაში საპირფარეშოს გადაუჭრელი პრობლემაა, საერთო ტუალეტებში პატიმრები დილას დგებიან რიგში და საღამოს უწევთ შესვლა. სიმწრით ხუმრობენ კიდეც, საპირფარეშოს რიგში ვიხდით სასჯელსო.
ასეთ კოლონიებს კიდევ რა უჭირს და დახურული ტიპის ციხეებში ასე გაძლება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას ემატება დაბანის პრობლემა რუსთავში. მეექვსე საპყრობილეში, ჩემი ინფორმაციით, მეორად, ტექნიკურ  წყალს მოიხმარენ, რაც კანის დაავადებებს იწვევს. დასალევი წყლის კატასტროფული დეფიციტია. პატიმართა ოჯახის წევრები იძულებულები არიან სუპერმარკეტებიდან ზიდონ წყალი, რომელიც აუცილებლად დალუქული უნდა იყოს, "გევა" და სხვა მსგავსი ჩამოსხმა, რაც არც ისე იაფია ყოველდღიურად საყიდლად. ანალოგიური პრობლემაა ქუთაისშიც, ვიხრჩობითო, შველას ითხოვდნენ ახლახანს იქაური პატიმრებიც.

ამას ახლა ისიც დაემატა, რომ ციხეებში გახსნეს ჯიხურები, სადაც გაცილებით ძვირი ღირს ყველაფერი. ლარი და ლარნახევარია ფასში განსხვავება. ცალკე თემა კვება – ის საკვები, რასაც პატიმრებს აძლებენ, უბრალოდ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აუცილებელი არ არის მხოლოდ სცემო ადამიანი და ისე აწამო. ესეც წამებაა", - ასე აფასებს ნანა კაკაბაძე ციხეში არსებულ მდგომარეობას. თუმცა მას პირადად, ისევე როგორც სხვა ადამიანის უფლებათა დამცველებს.  უკვე კარგა ხანია ციხეში შესვლის ნებართვა აღარ აქვს.

ერთ-ერთი პატიმარი ქალის თქმით, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ, ქალთა კოლონიაშიც საკმაოდ მძიმე პირობებია, თუმცა, დახურულ ციხესთან შედარებით "აქ სამოთხეაო". მისი თქმით, ქალთა კოლონიაში ახლაც მიდის მშენებლობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის, სადაც ქალებს გადაანაწილებენ: "ცოტა შეღავათი იქნება ალბათ, მაგრამ ახლა ისე ცხელა, ბარაკებში ვერც შევდივართ. ყველაზე მეტად ტუალეტის პრობლემა გვაწუხებს. სულ ოთხი ტუალეტია, პატიმარი კი ასჯერ ოთხი.."

"42-ე მუხლის" თავმჯდომარე მანანა კობახიძეც ადასტურებს, რომ ციხეებში სასუნთქი ჰაერი არ არის. განსაკუთრებით კი ორთაჭალაში, სადაც მიუსჯელი პატიმრები არიან. კობახიძე ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად ავადმყოფი პატიმრების ციხის საავადმყოფოში გადაყვანის გაძნელებულ პროცედურას ასახელებს და მაგალითად მოჰყავს პატიმარ ფრიდონ კუპრაშვილის ამბავი:

"ადამიანი მეოთხე სტადიის კიბოთია დაავადებული. (სხვათაშორის, ის ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა და იქ დაავადდა ყველასათვის ცნობილი აუტანელი პირობების შედეგად). ორი თვის განმავლობაში ვითხოვდით მის გადაყვანას ციხის საავადმყოფოში უშედეგოდ. სასამართლოსაც მივმართეთ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ მათ მხოლოდ სასჯელი გადაუვადეს.

ანდა, პატიმარი მიმინოშვილი, რომელსაც გულის გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ძლივს, წვალებით გადავიყვანეთ ციხის საავადმყოფოში. ერთი თვის ვადაში უნდა გაეკეთებინათ მისთვის ოპერაცია, მაგრამ ეს ვადა 9 ივლისს გავიდა და ჩვენ კი დღეს პასუხიც არ გვაქვს რას აპირებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

ამის შემდეგ ევროსასამართლოსაც მივმართეთ. 30 ივლისამდე ჰქონდა ვადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ მათთვის მაინც ეპასუხათ. ეს ვადაც გავიდა.

ციხეში კი არა, ციხის საავადმყოფოშო ვინც წევს, მათაც კი არ შეუძლიათ გარეთ გასვლა, მხოლოდ საღამოს საათებში გაყავთ გარკვეული დროით.
თქვენ ზუგდიდის ციხე უნდა ნახოთ. საკნებში რეცხავენ ტანსაცმელს, იქვე აშრობენ, არის ნესტის საშინელი სუნი. საპირფარეშოები წესიერად არ არის გამოყოფილი და სადაც ისაქმებენ, პრაქტიკულად იქვე ჭამენ. რა უფლებებზეა საუბარი", აცხადებს მანანა კობახიძე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახლა თითქმის ყველა შვებულებაშია. ამ მიზეზის გამოც რომელიმე პასუხისმგებელი მოხელის ჩაწერა მედიისთვის კიდევ უფრო გართულებულია.

დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე კი ამბობს, რომ სანამ ახალი ციხეების მშენებლობა, ზოგან კი რემონტი არ დასრულდება, პრობლემები ვერ გადაიჭრება:

"მეხუთე საპყრობილეში მართლაც არის სირთულეები, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. გლდანში ახლა შენდება ახალი ციხე. მშენებლობა მიდის რუსთავის მეექვსე საპყრობილეში -  ერთი დიდი კორპუსი აშენდება, რომელიც 700-1000 პატიმარს დაიტევს.  ქსნის კოლონიაში მიდის ახალი ბარაკების მშენებლობა, ქალთა კოლონიაშიც 200-300 ქალზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი შენდება. ზუგდიდში საერთოდ ახალ ციხეა ასაშენებელი, ბათუმში გარემონტდა ციხე, თუმცა, მომავალ წელს იქ ასევე ახალი კომპლექსი აშენდება. 2008 წლის ბოლოს ეს მშენებლობების პროცესი უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, ეს პრობლემა გადაიჭრება", - სალომე მახარაძე იმასაც განმარტავს, თუ რატომ აკრძალეს ფერადი თეთრეულის შეტანა ციხეში. მისი თქმით, გადაკერებული თეთრეულის გამოყენებით ციხეში რამდენჯერმე ნარკოტიკი შეიტანეს. რაც შეეხება თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების თეთრეულით მომარაგებაზე ზრუნვას, მახარაძე აცხადებს, რომ მეხუთე საპყრობილეში ეს პროცესი ბოლომდე დარეგულირებული არ არის, თუმცა, წესით, თეთრეული ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა იცვლებოდეს.

რაც შეეხება რუსთავის ციხეს, ადმინისტრაციის განმარტებით, იქ,  მართალია, მოქმედებს ამანათების მიღების ერთი ფანჯარა, მაგრამ ამანათების შემოწმება რამდენიმე მაგიდაზე ხდება. მათივე განცხადებით, დღეისათვის რუსთავის #2 დაწესებულებაში მუშაობს სამი თერაპევტი და ერთი ქირურგი. სტომატოლოგი #6 საპყრობილედან მიჰყავთ, რაც 1600 პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას ართულებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების პარალელურად, მთავრობას  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უგზავნიან მემორანდუმს. ამ დოკუმენტს ერთი კვირის წინ #5 საპყრობილესთან "საქართველოს გზის", პარტია "თავისუფლების", რესპუბლიკური პარტიის, ლეიბორისტული პარტიის, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და პოლიტიკური მოძრაობის "ჩვენ თვითონ" წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

ოპოზიციაც საპყრობილეებში ელემენტარული საარსებო, ჰიგიენური პირობების შექმნას, ავადმყოფი პატიმრების ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფას, ავადმყოფ პატიმართა კომისიური წესით შემოწმების ინსტიტუტის აღდგენას, რუსთავის #2 საერთო მკაცრი  საპყრობილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს შემოწმებას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, რუსთავის #6 საერთო მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში პატიმართა პირობების გარკვევას მოითხოვს.

ეკა ქევანიშვილი

ახალი ამბები