კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაძვირებული ცხოვრება

10 აგვისტო, 2007

purib.jpgფქვილის ფასი დღითიდღე იზრდება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ხორბალს ვერ თესავს, ამიტომაც ადგილობრივების უმეტეს ნაწილს ფქვილის ყიდვა უწევს. გაძვირებული ცხოვრება გლეხსა და ქალაქელს ამ შემთხვევაში ერთნაირად აწუხებს. მეწარმეები პურის ღირებულების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.  
მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე ფასის მომატებამ გავლენა ახალციხის ბაზარზეც მოახდინა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ტომარა ფქვილის შეძენა, რომელიც ახლა 43 ლარი ღირს, 40 ლარად იყო შესაძლებელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში პურის ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე პურის დეფიციტითა და გლობალური სტიქიური უბედურებებით ხსნიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ფასების დარეგულირება აუცილებლად მოხდება.

„ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოს პრობლემაა. მართალია, გაზრდილია ხორბლის წარმოება, მაგრამ ასევე იზრდება მისი მოხმარებაც“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ.

ინდმეწარმეები, რომლებიც ფქვილით ვაჭრობენ, ამბობენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია უკვე ორი თვეა, რაც შეინიშნება. 

„წელიწადის ამ სეზონზე ფქვილის ფასი ყოველთვის იკლებს, რადგან მოსავლის აღების სეზონია. თუმცა წელს ფასები დაკლების ნაცვლად იზრდება“, - ამბობს ინდმეწარმე თამაზ ზედგინიძე.

ახალციხეში ფქვილის ფასის ზრდის მიუხედავად, პურის ღირებულება აქამდე სტაბილური იყო, თუმცა როგორც ბევრ საწარმოში გვითხრეს,  მოსახლეობა არც თუ ისე სასიხარულო ცვლილებას უნდა ელოდეს.

„თეთრი პურის ღირებულება 55 თეთრი, რუხის კი  - 45 თეთრი გახდება. ფასების ზრდა გაძვირებულ ფქვილს უკავშირდება“, - ამბობს საწარმო „ქვის პურის“ მენეჯერი დათო ელიზბარაშვილი.
 
მეწარმეების ვარაუდით, თუ ფქვილზე ფასის მატების ტენდენცია გაგრძელდა, პურის ფასი კიდევ მოიმატებს და სექტემბრისთვის ერთ ლარამდე მიაღწევს.

„ორი თვეა, რაც ფქვილის ტარიფმა მოიმატა. ვცდილობდით, პურის ფასი შეგვენარჩუნებინა. ახლა კი ძველ ფასს ვეღარ შევინარჩუნებთ“, -  განაცხადა ინდმეწარმე გოგა სამსონიძემ.
 
პროფესიით ეკონომისტი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შალვა დალალიშვილი ფასების ამგვარ ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს: „მიუხედავად იმისა, რომ ფასებს საერთაშორისო ბაზარი განსაზღვრავს, საქართველოს მთავრობას შეუძლია მათი დარეგულირება“.

ცოლ - ქმარ ჯემალ ქარჩხაძისა და ლოლა ნატრიაშვილის ოჯახში რვა სული ცხოვრობს. მშობლები და მათი ექვსი შვილი. აქედან უფროსი 21,  უმცროსი კი 4 წლისაა. ოჯახს ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით ორი კვირა თუ ყოფნის.  ქარჩხაძეების ოჯახში არავინ მუშაობს, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მიწათმოქმედებაა.

,,მიწას ბარით და თოხით ვამუშავებთ, ხორბალი ვერ მოგვყავს, რადგან ჯერ თესლი ძვირი ღირს, მერე კომბაინით ხომ უნდა აიღო და გალეწო, ხოდა,  სადაა კომბაინი?, იძულებულები ვართ სიმინდი და ლობიო დავთესოთ, ფქვილი კი ვიყიდოთ, ახლა ამ ფქვილის ფასმაც  ისე აიწია, რა გვეშველება არ ვიცი. 43 ლარი გახდა ერთი ტომარა", - წუხს ოჯახის უფროსი ჯემალ ქარჩხაძე.

პურის გაძვირების პრობლემა ქალაქის მკვიდრებსაც არანაკლებ აწუხებს.

,,პურისა გაძვირება შიმშილს ნიშნავს. როცამომსახურე ადამიანის  ხელფასი,  საშუალოდ,  100 ლარია და პური კი 60 თეთრი ეღირება, როგორ უნდა შეძლო ცხოვრება ვერ გეტყვით", - ამბობს ლეილა მაღრაძე.

,,ვიცი ოჯახები, სადაც უსახსრობის გამო სადილი არ კეთდება და ყველა ცარიელ პურზეა გადასული. ახლა პურიც გაძვირდა და იმ ხალხსთვის ეს რას ნიშნავს განსჯა თქვენთვის მომინდვია", - აღელვებული გვესაუბრება 72 წლის ანიკო ლონდარიძე.   

პურის ფასთან ერთად, ფასების მატება ფქვილპროდუქტებზეც შეინიშნება. ბოლო კვირის განმავლობაში მაკარონისა და ვერმიშელის ფასებმა ოცი თეთრით მოიმატა.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები