კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარ ქალს სასჯელს უკანონოდ, დანაშაულის პროვოკაციის შედეგად უხანგრძლივებენ

13 აგვისტო, 2007
Soreb.jpgტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარს შორენა გეგელიშვილს, რომელსაც სასჯელის ვადა 8 აგვისტოს ეწურებოდა, რამდენიმე დღით ადრე ორთვიანი აღკვეთის ღონისძიება ისე შეუფარდეს, რომ ის არავის დაუკითხავს. იმის გამო, რომ მოსამართლე და მისი თანაშემწე შვებულებაში იმყოფებიან მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საქმის დეტალურად გაცნობას ვერ ახერხებს. ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს ის იძულებული გახდა, შიმშილობა შეეწყვიტა.

„იმის გამო, რომ შორენამ შიმშილობა დაიწყო, 10 გვისტოს მას პროკურორი ნათია სონღულაშვილი შეხვდა, რათა მის კონკრეტულ მოთხოვნებს გასცნობოდა. პროკურორმა შორენა „დაამშვიდა“ და ურჩია, სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობები დაეყენებინა და შეატყობინა, რომ პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში დაინიშნება“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

პროკურორი ნათია სონღულაშვილი: „დღეს პირადად შევხვდი შორენა გეგელიშვილს და შეხვედრამ ის შედეგი გამოიღო, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა და მას გამოძიებასთან აღარანაირი პრეტენზია არ გააჩნია.“

თუმცა, როგორც შორენა გეგელიშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატთან საუბრისას აცხადებს, შიმშილობა იმის გამო შეწყვიტა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

დაახლოებით 11 თვის წინ, გამოკვლევის ჩასატარებლად, საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი 50 ლარი შორენა გეგელიშვილს ძვირად დაუჯდა. აღნიშნული თანხა მას მამიდამ ოფიციალურად, განცხადების საფუძველზე, პლასტიკურ ბარათზე ჩაურიცხა და შემდეგ, კვლავ განცხადების საფუძველზე, შორენამ ეს თანხა საკუთარი ანგარიშიდან რენტგენისა და სხვა გამოკვლევების ჩასატარებლად გამოიტანა. ექიმისა და ბადრაგის თანხლებით, შორენამ რენტგენი გადაიღო, რაშიც 20 ლარი გადაიხადა, დანარჩენი 30 ლარი კი ხელზე დარჩა. გამოკვლევა შაბათს ჩატარდა, შაბათს კი კოლონიის ბუღალტერი არ მუშაობდა და შორენამ თანხის უკან დაბრუნება ვერ მოახერხა. მისი თქმით, ამის შესახებ ადმინისტრაციაც, კოლონიის დირექტორიცა და მთავარი ექიმიც ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა, მეორე დღეს, კვირას, ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც შორენას საფულეში 30 ლარი „აღმოუჩინეს“.

3 აგვისტოს შორენა გეგელიშვილმა საბრალდებო დასკვნა ფოსტით მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელმა პირმა, მას 30 ლარი გადასცა.

კოლონიის დირექტორის მედიკო ალანიას განცახადებით, ის ინფორმირებული იყო, რომ შორენას საკუთარი ანგარიშიდან თანხა უნდა გაეტანა, თუმცა, იმის შესახებ, რომ მას თანხის ნაწილი ხელზე დარჩა, არაფერი იცოდა: „მე როგორ უნდა მცოდნოდა ამის შესახებ? ეს აკრძალული ნივთი იყო.“

როგორც გამომძიებელი შოთა დარჩია აცხადებს, მას ზუსტად არ ახსოვს აღნიშნულ საქმეში ვინ არის დაკითხული, რადგან მისი თქმით, მან ეს საქმე წინამორბედი გამომძიებლისგან (ამჟამად ბრალდებული) ჩაიბარა: „84 საქმეზე ვმუშაობ, როგორ ფიქრობთ, ყველა დაკითხულის სახელი და გვარი უნდა მახსოვდეს?“

ჟურნალისტი: თავად ბრალდებული თუ დაკითხეთ?
შოთა დარჩია: არა, არ დამიკითხავს, როდესაც მასთან შევედი ცუდად გახდა და რამდენ ხანს უნდა დავლოდებოდი?
ჟ: ე.ი. საქმე ისე გადაეცა სასამართლოს, რომ ბრალდებული არ დაგიკითხავთ?
შ.თ.: ასე გამოდის.
ჟ: კანონმდებლობა გაძლევთ ამის უფლებას?
შ.თ.: რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება, საქმე ბრალდებულის დაკითხვის გარეშე გადავცეთ სასამართლოს.
ჟ: იქნებ უფრო დააკონკრეტოთ?
შ.თ.: იცით ამ კანონის შესახებ, მე ერთმა ჭკვიანმა კაცმა შემატყობინა და ამის მიხედვით ვიმოქმედე.
ჟ: და ზუსტად როგორ გითხრათ იმ ჭკვიანმა კაცმა?
შ.თ.: იცით რა, ერთი ლამაზი წითელი წიგნია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ჰოდა, ის წაიკითხეთ და იქ გაიგებთ ამ კითხვაზე პასუხს (სტილი დაცულია).

გამომძიებლის რჩევით, იმ „ლამაზ წითელ წიგნს“ გავეცანი, სადაც არსებობს მუხლი #311 - ბრალდებულის დაკითხვა, სადაც არსად არის აღნიშნული, რომ გამომძიებელს აქვს უფლება საქმე სასასამართლოს ბრალდებულის დაკითხვის გარეშე გადასცეს.

თუმცა, როგორც ნესტან ლონდარიძე აცხადებს, შორენას თქმით, მას ჩვენებაზე უარი არ უთქვამს:

„სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ გვიან, თითქმის 11 თვის შემდეგ მოგვმართა შორენა გეგელიშვილმა, რის გამოც ვერ შევძელით დროულად ჩავრეულიყავით საქმის მსვლელობაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეში არც ბრალდებულის და არც მოწმეთა ჩვენებები არ დევს. დაკითხულია მხოლოდ კოლონიის ერთ-ერთი პატიმარი ქალი, სოფიო კობახიძე. გამომძიებელი შოთა დარჩია აღნიშნავს, რომ რადგან შორენა გეგელიშვილი ცუდად გახდა, მისი დაკითხვა ვერ შეძლო. თუმცა, ის არც მის გამოკეთებას დაელოდა. როგორც შორენამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს, შორენამ მხოლოდ  მას შემდეგ შეწყვიტა საუბარი, რაც გამომძიებელმა ის უხეშად გააჩერა და უთხრა, რომ მის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ამის გამო, შორენა ცუდად გახდა და საუბარი ვეღარ განაგრძო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემდეგ შორენა თავად ითხოვდა გამომძიებელთან საუბარს, თუმცა, შეხვედრა ჯერჯერობით არ შემდგარა“, - აღნიშნავს ნესტან ლონდარიძე.

მისივე თქმით, მოსამართლე ნინო სანდოძე და მისი თანაშემწე შალვა კაკაურიძე შვებულებაში იმყოფებიან, სწორედ ამიტომ, მან ვერ შეძლო საქმის მასალების გაცნობა და ამის გამო, მეტ ინფორმაციას არ ფლობს: „როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი შვებულებიდან 3 სექტემბერს ბრუნდებიან. ასე რომ მათ გარეშე საქმის გაცნობას ამ დრომდე ვერ მოვახერხებ. სამწუხარო ისაა, რომ შორენა ტუბერკულოზითაა დაავადებული და განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, რის გამოც შორენამ შიმშილობა დაიწყო. ეს რა შედეგებამდე მიიყვანს მის ჯანმრთელობას, ალბათ ბევრი კითხვა არ სჭირდება“, - ამბნობს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ „სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნისას შორენა გეგელიშვილმა განიზრახა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან გამოძიების დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ფულადი თანხა 30 ლარის ოდენობით“.

როგორც ნესტან ლონდარიძე ამბობს, აღნიშნული არ შეეფერება სიმართლეს, რადგან შორენა გეგელიშვილს თანხის გამოტანის შესახებ თავიდანვე ჰყავდა გაფრთხილებული კოლონიის დირექტორი მედიკო ალანია: „ხოლო რაც შეეხება გამოკვლევებიდან დარჩენილ 30 ლარს, ეს თანხა განსასჯელს პირადად კოლონიის ექიმმა მარინა პიკაშვილმა დაუბრუნა, კვლავ ბუღალტერიაში წარსადგენად, თუმცა, იმის გამო, რომ შაბათი იყო და ბუღალტერია არ მუშაობდა, მან ამ თანხის დროულად შეტანა ვერ მოახერხა, რის შესახებაც ადმინისტრაცია გაფრთხილებული იყო. გარდა ამისა, შორენა გეგელიშვილი აცხადებს, რომ მის საკანში გასაჩხრეკად შესული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელიცა და კოლონიის რეჟიმის ინსპექტორი რამაზ გაბისონიაც (ამჟამად პატიმარი) წინასწარ გააფრთხილა, რომ საფულეში 30 ლარი ჰქონდა, მაგრამ როგორც ხედავთ, საქმეზე არც ამან იმოქმედა.“

იურისტების განმარტებით, საქმე უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი და ის, სავარაუდოდ, მოსამართლის დაბრუნების შემდეგ განიხილება. შორენა გეგელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად გაუარესებულია. მან შიმშილობა დროებით შეწყვიტა.

ნინო თარხნიშვილი

 

 

 

 

 

ახალი ამბები