კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორიდან ქურთამდე...

14 აგვისტო, 2007

xeobab.jpg

გორიდან ხეობაში ჩასასვლელად მიკროავტობუსით ტირძნისმდე უნდა იმგზავრო, შემდეგ ჩაჯდე ავტობუსში, რომელიც დიდი ლიახვის ხეობისკენ შეუდგება დამღლელ გზას.

 

 

 

 

მართალია, ავტობუსში რამდენიმე ადგილასაა გაკრული, რომ "ფეხზე დგომა არ შეიძლება", მაგრამ მძღოლი მანამდე არ მიდის, სანამ 2  საათი არ გახდება. ამასობაში კი, ავტობუსი მგზავრებით ისე ივსება, შიგ ნემსი არ ჩავარდება. არავის ახსოვს, რომ ფეხზე დგომა აკრძალულია. მძღოლი ცდილობს მშვიდად იაროს. საშინელი გზაა... მტვერი, ხვატი..მოკლედ დიდი გმირობაა ამ გზაზე დღეში ორჯერ გავლა..

ავტობუსს პატარა ლიახვის ხეობის მაცხოვრებლებიც გამოჰყვნენ, აქ კი მძღოლის სიმშვიდე სადღაც გაქრა..."ხეობელები იქ დავტოვე, ხალხო, თქვენ იმდენი ავტობუსი გემსახურებათ, არ გრცხვენიათ, ის ხალხი რითი უნდა გადმოვიდეს იქით"?

არ გეგონოთ დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობას ერთმანეთი არ უყვარს, პირიქით, მათ შორის საკმაოდ თბილი დამოკიდებულება იგრძნობა, ყველა ერთმანეთს  იცნობს და უღიმის. მაგრამ დიდი ლიახვის ხეობას მხოლოდ ერთი პატარა ავტობუსი ემსახურება და ისიც, მხოლოდ  დღეში ორჯერ.

ავტობუსში დიდი სიცხის მიუხედავად, დიდ პოლიტიკაზე  საუბრობენ...გორის რაიონში ჩამოვარდნილი "ბომბის" საკითხია მნიშვნელოვანი ხეობელებისთვის..
ყველაზ მეტად ხალხს ის უკვირს, როგორ გადმოკვეთა რუსულმა ავიამფრენმა ქართული საჰაერო სივრცე ისე, რომ ის ვერავინ შეამჩნია...

„სად იყო ჩვენი სასაზღვრო დაცვა, როგორ შემოუშვეს? დომინოს თამაშობდნენ? მათაც შეგვაშინეს, მოვიდნენ, მშვიდად ჩააგდეს ბომბი მინდორში  და მშვიდად წავიდნენ, ვისი იმედი უნდა გქონდეს? "სპეციალნა" ქნეს, ოსურ სოფელში ჩააგდეს" - ასეთია ერთ-ერთი მგზავრის მოსაზრება.

„ვერც მაგას ვიგებ, რატომ ჩამოაგდეს ოსურ სოფელში. რა, ოსის დედა სხვანაირად ტირის და ქართველის სხვანაირად?" - კითხულობს მეორე.

„დიდი პოლიტიკის“ თემა ხალხის პრობლემების თემით ჩანაცვლდა.  დიდი ლიახვისკენ მიმავალ შემოვლით გზას 12 მილიონი გაწეული  ხარჯის არაფერი ეტყობა.

„ახლა კი გვაქვს ეს გზა, მაგრამ ზამთარში რა გვეშველება, წვიმის დროს შეუძლებელია გავლა და თოვლის დროს, საერთოდ ვერ გამოვალთ გორისკენ"- დარდობენ მგზავრები.

ავტობუსი ერედვის საგუშაგოსთან ჩერდება.
წინ უარესი გზაა, რომელიც მთის წვერზე გადის, ხელისგულივით ჩანს იქიდან მთელი ხეობა,. მგზავრობა საშიში რომ არ იყოს, ასეთ დამღლელ გზასაც გაუძლებდა კაცი, როცა იმ ბუნებას გადახედავდა... მაგრამ მგზავრები იმას დარდობენ, გზის ერთი მხრიდან, ტყიდან, მოულოდნელად, შეიარაღებული ოსები  არ გამოჩნდნენ .

სამისაათიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსი ქურთაში შედის..

შერეული ოჯახების გასაჭირი

მიხო ძია ოსია, ქურთაში ცხოვრობს და ქართველებისგან „ერთი შეურაცხყოფაც“ არ ახსოვს.. ცოლი ქართველი ჰყავს. მიხო ძიას ყველა უკეთილშობილეს ადამიანად ახასიათებს: „მერე რა, რომ ოსია, რა მნიშვნელობა აქვს, უზადოდ კარგი ადამიანია“ - ამბობენ მასზე  მეზობლები.

ცოლ-შვილიც ჰყავს, საკუთარი კარ-მიდამოც აქვს და არც არავინ ავიწროებს, მაგრამ „თავისიანები“ მოღალატედ მიიჩნევენ.  ზოგი ნათესავი წლების მანძილზე არ უნახავს.
 
მოხუცი მწყემსად მუშაობდა, მაგრამ ოსებმა არც ამ მხრივ მისცეს გასაქანი.

„სამჯერ მიეჭრნენ და წაართვეს პირუტყვი, თან უთქვამთ, პირველი შენ ხარ მოსაკლავი, ქართველებთან რომ ცხოვრობო"- ამბობს მიხო ძიას მეუღლე.

„ადრე ვერ ვიტყოდით, რომ ოსმა ქართველი სცემა, ან ქართველმა ოსი სცემა, არ ხდებოდა ასეთი რამე, ახლა რა უბედურებაა...რა არის ოსი და რა არის ქართველი. კარგი კარგია ყველა, ვიყოთ მშვიდად და მშვიდად ვიცხოვროთ.ჩემი გოგო ოსის ხელშია, ოსზეა ცხინვალში გათხოვილი.  სოფელიც აქვთ, მაგრამ ისიც ოსური სოფელია და ვერ მივდივართ, ვერც ისინი გამოდიან ჩვენთან. თავიანთი ხალხისა ეშინიათ. დაძაბული რომ არის სიტუაცია, ერიდებიან ქართველებთან კონტაქტს. ეშინიათ, შეიძლება ვინმემ დააბეზღოს, რომ ქართველებთან ჩადიან“, - ამბობს ლეილა დეიდა.

კონფლიქტით შევიწროებული ხალხისთვის, მხოლოდ ნათესავების ნახვა არ არის პრობლემა, იქ ხალხი მესაქონლეობას და მეხილეობას მისდევს, ამით ირჩენენ თავს წლიდან-წლამდე ხეობელები. დღეს მათ ამ კუთხითაც პრობლემები აქვთ.

ხეობელები ჩივიან, რომ მამა-პაპისეულ საძოვარზე საქონელი ოსების შიშით ვერ წაუყვანიათ.  ოსებს ქართველებისთვის  საძოვრის საზღვარიც დაუწესებიათ, აქეთ არ გადმოხვიდეთო. ამ მონაკვეთში კი ეს მამა-პაპისეული ნაკვეთებიც მოჰყვა.
შესაბამისად, ხეობელებს მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფი მოსავალი ძლივს მოჰყავთ. მის გაყიდვაზე კი საუბარიც ზედმეტია.

„მონატრებულები  ვართ ცხინვალში გავლას. ხან  მარილი გვინდა, ხან რა და ხან რა.   შემოვლით გზაზე ვერ დავდივართ, მე ნამყოფიც არ ვარ, ვერ შევძლებ. აქ შემოაქვს ვიღაცას, მაგრამ ლარად ღირებული პამიდორი ლარი და 80 ღირს, ყველაფერი მამა-სისხლად იყიდება, არანაირი შემოსავალი არ გვაქვს პენსიის გარდა, თავის რჩენაც ხომ გვინდა. მოსავალი მოგვყავდა, რომელსაც  სულ ოსები ყიდულობდნენ. გლეხიც კმაყოფილი იყო და ვაჭარიც, აქვე, ეზოდან  ვყიდდით. ახლა რა მოხდება არ ვიცი, აღარავინ შემოდის. ვაშლია ჩვენი რჩენის წყარო,  მაგრამ გასაყიდად გატანის პრობლემა გვაქვს. საზაფხულო ხილი რაც გვქონდა, ვერსად გავყიდეთ. ხან ვიტყვი ხოლმე ერთი წვენების ქარხანა ან რამე მაინც გააკეთონ, რომ მოყვანილი მოსავალი იქ მაინც ჩავაბარო ხოლმე"- ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ლიახვის ხეობაში მცხოვრები ოჯახები  ჟურნალისტებთან საკუთარი გვარ-სახელის აფიშირებასაც ერიდებიან. დარწმუნებულები არიან, რომ ყველა მათი სიტყვა ოსების ყურამდე მაინც მიაღწევს და სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

თეა თედლიაშვილი, ლიახვის ხეობა.

 

ახალი ამბები