კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხელები ცოფის საწინააღმდეგო აცრაში 21 ლარს ვერ იხდიან

16 აგვისტო, 2007

zaglib.jpg"პოლიკლინიკაში აცრა 21 ლარი ღირს. სულ მცირე - სამი ვაქცინაციაა საჭირო დაკბენის შემთხვევაში. მე ამის საშუალება არ მქონდა და გავრისკე. ძაღლს ყოველ დილით ვამოწმებდი -  ცოცხალი იყო თუ არა. საბედნიეროდ, ცხოველს ცოფი არ აღმოაჩნდა", - ამბობს ოთარ აწყურელი, რომელიც მაწანწალა ძაღლმა დაკბინა.

ასე, იღბლის იმედად, ახალციხეში არაერთი ადამიანია, ვისთვისაც ქუჩის ძაღლს ერთხელ მაინც უკბენია. მაგალითად, ბოლო დროს, თამარაშვილის ქუჩაზე, მაწანწალა ძაღლებმა ერთ ეზოში მცხოვრები სამი ადამიანი დაკბინეს. უსახსრობის გამო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ვერც ერთმა ვერ შეძლო.

სამი წლის აკაკი გოგნაძე დედასთან ერთად ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქუჩაზე მოდიოდა, როცა ქუჩის ძაღლმა დაკბინა.

,,თეთრი, დიდი ძაღლი იყო და დიდი ბეწვი ჰქონდა", - ყვება პატარა აკაკი და დაკბენილ ფეხს წინ სწევს.

პატარას დედა მაია ბალასანიანი ამბობს, რომ მან ბავშვი დაკბენისთანავე აცრა.

,,ვითომ ქალაქის ცენტრია და სანაგვესთან ათობით მაწანწალა ძაღლი დაძრწის. მე კი ავცერი ბავშვი, მაგრამ როგორია პატარა ორგანიზმისთვის ამდენი ნემსების ჩხვლეტა", - ამბობს ის.

საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ცოფით გარდაცვალების 22 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალციხეში, სტატისტიკური მონაცემებით, 2006 წელს ცხოველებისაგან ადამიანების დაკბენის 616, 2007 წლიდან დღემდე კი  - 351 შემთხვევა მოხდა. თუმცა ამაზე არც ერთი შესაბამისი სამსახური არ რეაგირებს.

ცოფი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანს ცხოველთან კონტაქტის შედეგად გადაედება (დაკბენა, დადორბვლა, დაკაწვრა). ცოფით შესაძლოა დაავადდეს როგორც შინაური, ისე გარეული ძუძუმწოვრები. ნებისმიერი დაზიანების შემდეგ, რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა, მაგრამ ის ეფექტური მხოლოდ სათანადო ვადებში ჩატარების შემთხვევაშია.

"ცხოველების, განსაკუთრებით კატებისა და ძაღლების მიერ დაკბენის შემთხვევები ხშირია. ამ ავადმყოფებს ანტირაბიული სამსახურის დახმარება სჭირდებათ, რათა ცოფით დაავადების შემთხვევა თავიდან ავიცილოთ.. დაავადების შემთხვევაში, განკურნების არანაირი საშუალება არ არსებობს", - აცხადებს სააქციო საზოგადოება ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მიმღები პოლიკლინიკის განყოფილების გამგე, ქირურგი როლანდ მაისურაძე.

ვაქცინაციისას არსებობს პირობითი კურსი, რომელიც სამ ინექციას ითვალისწინებს, სრული კურსი კი ექვს ინექციას. სამი აცრა კეთდება, როცა დამკბენ ცხოველზე დაკვირვება შესაძლებელია და ცხოველი ათ დღეში არ იღუპება. თუ დამკბენი ცხოველი უცნობი ან მაწანწალაა და მასზე შესაბამის სამსახურებს დაკვირვების წარმოება არ შეუძლიათ, სრული კურსია საჭირო.

ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში 2007 წლის 20 აპრილიდან რაბიოლოგიური მომსახურება ფასიანი გახდა. ერთი ინექცია თავდაპირველად 41 ღირდა, ამჟამად კი 21 ლარი ღირს. როლანდ მაისურაძის განმარტებით, ინექციის ღირებულებას შემოტანილი წამლის ფასი განსაზღვრავს.

ანტირაბიული ვაქცინაციის გარდა, რიგ შემთხვევებში ავადმყოფებს ესაჭიროებათ ანტირაბიული იმუნოგლობულინი, რომელიც 39 ლარი და 20 თეთრი ღირს.

დაკბენის შემთხვევაში, ყოველგვარი მომსახურება 15 წლამდე მოზარდებისა და სამედიცინო დახმარების პოლისის მფლობელთათვის უფასოა.

83 წლის ასია ბარიშნიკოვი მაწანწალა ძაღლმა თავისსავე ეზოში დაკბინა.

"ძაღლი უკნიდან მომეპარა და ფეხზე ხორცი ამომაგლიჯა. ჭრილობა ღრმა იყო და დიდი რაოდენობით სისხლი დავღვარე", - გვიამბობს ასია ბარიშნიკოვი.

მოხუცი, პოლისის მფლობელობის მიუხედავად, ვაქცინაციის გარეშე დარჩა, რადგან სიღატაკის ზღვარს დაბლა მყოფმა ოჯახმა ტრანსპორტის ფულიც ვერ გამონახა.

ვაქცინაცია, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, არც 75 წლის ოთარ აწყურელსა და 80 წლის ლილი ფენაშვილს გაუკეთებია.

"პოლიკლინიკაში აცრა 21 ლარი ღირს. სულ მცირე - სამი ვაქცინაციაა საჭირო. ამის საშუალება არ მქონდა და გავრისკე. ძაღლს ყოველ დილით ვამოწმებდით -  ცოცხალი იყო თუ არა. საბედნიეროდ, ცხოველს ცოფი არ აღმოაჩნდა", - ამბობს ოთარ აწყურელი.

"ვაქცინაციას ფული უნდა. პენსია პურის ფულად არ მყოფნის", - წუხს ლილი ფენაშვილი, რომელმაც დასახმარებლად ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკას მიმართა.
 
"ჩვენთან რაბიოლოგიური მომსახურება პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ყველასათვის ფასიანია. ერთი ვაქცინაცია 21 ლარია", - აცხადებს შპს "რაიპოლიკლინიკის" დირექტორის მოადგილე ლილი კაკოშვილი.

დაზარალებული პენსიონერები ამბობენ, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა მათ უკვე არაერთი წელია, აწუხებთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უპატრონო ცხოველების პრობლემა რა ფორმით მოაგვარონ, არ იციან. ძაღლების დახოცვა არაჰუმანურია და კანონით იკრძალება. იზოლაციის შემთხვევაში, მათი გამოკვების პრობლემა დგება.

"სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალციხის სამმართველო მაწანწალა ძაღლების შესახებ პროექტს ამზადებს და შემოთავაზებული ფორმის მიხედვით განვსაზღვრავთ, როგორ მოვიქცეთ", - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა დალალიშვილი.

აღნიშნულ სამსახურს ძაღლების იზოლაციის შესახებ პროექტი მუნიციპალიტეტში წარსადგენად მზად რამდენიმე თვის წინ უნდა ჰქონდა,  მაგრამ იგი დღემდე დაუსრულებელია.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები