12:06, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაგვას სკოლის პედაგოგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

20.08.2007
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში პედაგოგთა და სამეურვეო საბჭოს წევრები ორ ბანაკად გაიყვნენ. დაპირისპირების მიზეზი სკოლაში გახსნილი კომპიუტერული სწავლების ფასიანი კურსები გახდა.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ფატი ინაიშვილი აცხადებს, რომ სკოლაში კერძო სწავლების კურსი უკანონოდ, დირექციის გვერდის ავლით შეიქმნა. ახლად არჩეული დირექტორი, ლეილა მანველიძე კი ამბობს, რომ  სკოლაში მდგომარეობა არჩევნების შედეგების გაუქმების მოტივით დაიძაბა. კომპიუტერული სწავლების ფასიან კურსებს აპროტესტებს მოსწავლეთა და მშობელთა ერთი ნაწილიც. მათი განცხადებით, მოსწავლეებს კომპიუტერი სკოლამ უფასოდ უნდა შეასწავლოს.

"ჩვენს სკოლაში ინფორმატიკას გულნარა მანელიშვილი ასწავლის. ორი კომპიუტერი კობა ხაბაზმა გვაჩუქა, სამი კი განათლების სამინისტრომ გადმოგვცა. რევაზ აბაშიძე მათემატიკის მასწავლებელია, თან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ჩემთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, 2006 წლის დეკემბერში, 2007 წლის იანვარსა და თებერვალში სკოლის მოსწავლეებისგან კომპიუტერის შემსწავლელი ჯგუფი შექმნა. მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები, რაშიც 150 ლარი გადაიხადეს", _ აცხადებს დაგვას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ფატი ინაიშვილი.

რევაზ აბაშიძის თქმით, ის კომპიუტერული კურსის სწავლებას სკოლაში ბათუმის #15-ე სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა. არჩეული დირექტორი და თავად რევაზ აბაშიძე ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყველაფერი იცოდა:

"სკოლის დირექტორს ვთხოვე კომპიუტერის სწავლება ფასიანი გამხდარიყო, რითაც სკოლაც მიიღებდა დამატებით შემოსავალს და დაკმაყოფილდებოდა სოფლის ახალგაზრდობის სურვილიც. ამ წინადადებაზე უარი მივიღე, მაგ სწავლებიდან რა შემოსავალი დარჩება, არ ღირს დოკუმენტაციის წარმოებაო. მივმართე #15-ე სკოლის ხელმძღვანელობას, რომელმაც ხელშეკრულებით ამიყვანა მასწავლებლად, ხელშეკრულებები გაუფორმდა მოსწავლეებსაც", _ ამბობს რევაზ აბაშიძე.

რევაზ აბაშიძის საქმიანობას კორუფციულს უწოდებს მერაბ კაკალაძე (სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი): `მომხდარის შესახებ როგორც კი შევიტყვე, ჯერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვაცნობე, შემდეგ სამეურვეო საბჭოს მდივანს, რომელმაც განცხადება სახეში შემომარტყა და დამემუქრა პროკურატურაში ჩივილით. დირექტორობის კანდიდატმა, ლეილა მანველიძემ გაიგო თუ არა ეს ამბავი, განცხადების დახევა მაიძულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილით და მორალურ კონპენსაციად 5000 ლარის გადახდევინებით დამემუქრა".

დაგვას საჯარო სკოლის არჩევნებში გამარჯვებული დირექტორი, ლეილა მანველიძე დაპისპირების მიზეზად დირექტორის პოსტს ასახელებს: "ინფორმატიკას ჩემი შვილიც სწავლობდა, არანაირი თანხა არ გადამიხდია და რომც გადამეხადა, ეს არავის საქმე არ არის. რამდენადაც ვიცი, რევაზ აბაშიძეს გოჩა დავითაძესთან ხელშეკრულება ჰქონდა. ეს ყველაფერი არჩევნების წინ ააგორეს. ამ საქმის განხილვაში მე არ ჩავრეულვარ, უფლებაც არ მქონდა, როგორც დირექტორობის კანდიდატს. ეს დაპირისპირება, დარწმუნებული ვარ, სკოლის დირექტორის სკამისთვის მოხდა".

დაგვას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადება თითქმის ყველა იმ მოსწავლემ დაწერა, ვინც სერთიფიკატი მიიღო. `სამი თვე ვსწავლობდი, სწავლასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მქონია, პროგრამა კარგად შევისწავლეთ, 150 ლარი გადავიხადე. ჩემს ჯგუფში შვიდნი ვიყავით. შემდეგ, როცა, ამასთან დაკავშირებით დირექტორმა დაგვიბარა, განცხადება დავწერე და იგივე აღვნიშნე, რასაც ახლა ვამბობ", - ამბობს  მეათე კლასის მოსწავლე, მირანდა ზოიძე.

"სკოლაში ფიზიკას ვასწავლი. ჩემმა შვილმა, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლეა, მითხრა, კომპიუტერს ასწავლიან და მეც მინდაო. ამის გამო მოხარული ვიყავი, თავიდან თანხაზე საუბარი არ იყო, მერე გავიგე, რომ 150 ლარი ღირდა. სერთიფიკატის გადაცემის შემდეგ, მოგვიანებით გადავიხადე 90 ლარი. მითხრა, ეს სერთიფიკატის ღირებულებაა, დანარჩენს პატივს გცემ და არ გამოგართმევო. მერე ეს სამოცი ლარიც მომთხოვა", - ამბობს აქსანა კირჩხელის დედა, მარინა ჯაყელი.

ერთ-ერთი მოსწავლე, გოგიტა კარაპუტაძე განცხადებაში აღნიშნავს: "რევაზ აბაშიძემ თავდაპირველად 100 დოლარი მომთხოვა, მეორე დღეს კი სწავლის საფასურად 150 ლარი დამისახელა, მეცადინეობები გაგრძელდა სამ თვეს (2006 წლის დეკემბერი, 2007 წლის იანვარი და თებერვალი). გამოცდის ჩაბარების გარეშე, თებერვალში, მისი მეგობრისგან მივიღე სერთიფიკატი~. აღსანიშნავია, რომ კარაპუტაძის სერთიფიკატს გაცემის თარიღად 2006 წლის 18 დეკემბერი აწერია, აქსანა კირჩხელისას  კი 2005 წლის 26 დეკემბერი.

ამასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება აქვს #15-ე სკოლის დირექტორს, გოჩა დავითაძეს: "თარიღებს რაც შეეხება, ეტყობა ტექნიკური ხარვეზია. ჩვენ დაგვას საჯარო სკოლასთან არანაირი ხელშეკრულება არ გვქონია, მოსწავლეებს #15-ე სკოლაში უნდა ევლოთ, სოფლიდან ქალაქში სიარული გაუჭირდათ, ამიტომ გამოვიყენეთ დაგვას საჯარო სკოლის ტექნიკა. სწავლის საფასური გადარიცხულია #15-ე სკოლის საბანკო ანგარიშზე, რევაზ აბაშიძეს კი ანაზღაურება ხელფასის სახით 380 ლარი გადავუხადეთ".

ინაიშვილის განცხადებით, ფასიანი სწავლების კურსით სკოლას დამატებითი შემოსავალი უნდა ჰქონოდა, რაც არ ყოფილა. `გამოიყენეს სკოლის შენობა, ტექნიკა, ელექტრო ენერგია. აბაშიძემ ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ სკოლას რაიმე სარგებელი არ ჰქონია".

აბაშიძე კი ბრალდებებს შემდეგი მოტივით უარყოფს: "აღნიშნული სწავლებით დაგვას სკოლის ბალანსზე თანხა თუ არ გადაირიცხა, სარგებელი სხვაც ბევრი იყო: #15-ე სკოლამ მომაწოდა სასწავლო პროგრამები, ლიტერატურა, უფასოდ ავიმაღლე კვალიფიკაცია, მოგვაწოდეს სხვადასხვა საინსტალაციო დისკები, უფასოდ შეგვიკეთეს კომპიუტერული ტექნიკა და ა.შ." 

დაპირისპირების თაობაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მერაბ კაკალაძემ საჩივარი შეიტანა. მხარეები გენერალურ ინსპექციაში ზეპირ მოსმენაზე დაიბარეს. როგორც ფატი ინაიშვილი აცხადებს, არჩეული დირექტორი საჩივრის გამო მოვალეობას ვერ ასრულებს. ამას კატეგორიულად უარყოფს ლეილა მანველიძე და აცხადებს, რომ, როგორც მას განათლების სამინისტროში უთხრეს, საჩივართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

"სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში უკვე შედგა დაპირისპირებული მხარეების ზეპირი მოსმენა, თუმცა საკითხი შესწავლის პროცესშია და ამ ეტაპზე დაკონკრეტებული კომენტარისგან თავს შევიკავებთ. რაც შეეხება სკოლის არჩეულ დირექტორს, რადგან მის წინააღმდეგ საჩივარია შემოსული, მინისტრმა რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შორენა მახაჭაძე.

განათლების საკითხთა ექსპერტი, იურისტი ასლან ჭანიძე კი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სურათის მიხედვით, უხეშად ირღვევა მოსწავლეთა უფლებები: "თუ კი სკოლას კომპიუტერები გადაცემული ჰქონდა განათლების სამინისტროსაგან, ანუ სახელმწიფოსაგან და ჰქონდა საკმარისი ბაზა, სკოლა ვალდებული იყო თავისი მოსწავლეებისათვის კომპიუტერული პროგრამები უფასოდ ესწავლებინა. სკოლას თავისი ქონების დამატებითი შემოსავლებისათვის, ანუ კომერციული მიზნებით გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება სასკოლო პროგრამების იდენტური პროგრამები. ამ შემთხვევაში კი, ფასიან კურსებზე შეეძლო ის ახალგაზრდები მიეწვია, რომლებიც ამ სკოლის მოსწავლეები არ არიან. სახელმწიფომ სკოლას კომპიუტერები იმ მიზნით გადასცა, რომ მოსწავლეებს კომპიუტერული პროგრამები უფასოდ შეესწავლათ".


ემზარ დიასამიძე, ბათუმი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC