კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორი ქვახვრელელ ბავშვებს სამაგიეროს უხდის?

20 აგვისტო, 2007

,,თითქმის 2 წელია სტადიონის აშენებას გვპირდებიან, მაგრამ გვატყუებენ. ვიცით, რომ გუბერნატორი სამაგიეროს გვიხდის, შარშან რომ მისი ნაქები ტყვიავის გუნდი დავამარცხეთ ფინალში... მოედნის, ბუცების, ბურთების გარეშე მაინც ვივარჯიშებთ და კიდევ გავიმარვებთ. 23 აგვისტოს გუბერნატორის მშობლიური სოფლის გუნდის დამარცხების ერთი წლისთავს ავღნიშნავთ." - ამბობენ გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ახალგაზრდები.

2007 წლის 12 აგვისტოს მხარის რწმუნებულ მიხეილ ქარელთან დაბარებულ სოფლის დეპუტატებსა და რწმუნებულებს სათხოვარი ბევრი ჰქონდათ, მაგრამ ერთადერთი, ვინც თხოვნა  გაბედა, სოფელ ქვახვრელის დეპუტატი აღმოჩნდა. მან გუბერნატორს  სოფლის ბავშვებისთვის სტადიონი სთხოვა. „სტადიონი შენ და წიწიკაშვილმა („ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის კოორდინატორი) გააკეთეთო“, ასეთი იყო გუბერნატორის პასუხი.

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ახალგაზრდობა 23 აგვისტოს „ზეიმის დღედ“ აცხადებს. შარშან, 2006 წლის 23 აგვისტოს, ქვახვრელის ფეხბურთის ნაკრებმა რაიონული ჩემპიონატის ფინალში ტყვიავის გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით სძლია და 3:2 დაამარცხა. ეს დღე ქვახვრელის სპორტის ისტორიაში „ოქროს ასოებით“ ჩაიწერა, რადგან იმ გუნდმა, რომლის ფეხბურთელებსაც არც სტადიონი აქვთ, არც ბურთები, არც ფორმები, ფინალში საკმაოდ პრესტიჟული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ ქარელის მშობლიური სოფლის გუნდი - `ტყვიავი~ დაამარცხეს.

ქარელმა ქვახვრელელებს დაპირებული სტადიონი აღარ აუშენა. ვიდრე ქვახვრელის საფეხბურთო გუნდი გუბერნატორის გუნდს დაამარცხებდა, მანამდე ქარელი ფეხბურთელებს სტადიონის აშენებას დაპირდა. მაგალითად, ასე – „თუ არჩევნებს მოგვაგებინებთ, პირობას გაძლევთ – ერთ თვეში სტადიონი გექნებათო...“
თუმცა არჩევნებიც ჩატარდა და მას შემდეგ  თითქმის 9 თვე გავიდა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე გორის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეხვედრა ,,ტონთიოს” ოფისში მოაწყო. შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორი,  ქარელის ყოფილი მოადგილე გელა ნასყიდაშვილი მოვიდა.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების თქმით, გორში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გორელი მოსახლეობის 80% ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო იყო. საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება პრიორიტეტს ისეთ დარგების განვითარებას ანიჭებს, რომელიც საზოგადოებისთვის უსარგებლოა – შადრევნები, მომრავლებული სტადიონები და ა.შ.

ამ განცხადებას გელა ნასყიდაშვილის პროტესტი მოჰყვა:

"ჩვენს რის საშუალებაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. მაგალითად 10 000 ლარის ფარგლებში ჩვენ არ შეგვიძლია მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემა მოვუწესრიგოთ. შეგვიძლია სტადიონი გავუკეთოთ” , – თქვა სტალინის სახლმ-მუზეუმის დირექტორმა გელა ნასყიდაშვილმა.

გელა ნასყიდაშვილის განცხადებას ჩვენი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენთვის გაუგებარი დარჩა ის ფაქტი, თუ საიდან იცის გელა ნასყიდაშვილმა, რომ სტადიონს 10 000 ლარად აშენებენ.

_ ბატონო გელა, სტადიონს მართლა 10 000 ლარად აშენებთ?

გ.ნ _ რა თქმა უნდა. სტადიონს განათება, ასფალტი და სხვადასხვა მასალები სჭირდება, რაც ძვირია და 10 000 ლარი ამიტომ ჯდება.

_ მე მაქვს თქვენს მიერ ხელმოწერილი ცნობა გუბერნატორის ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ, სადაც წერთ, რომ ასეთი ტიპის სპორტულ მოედნებს 2004 წელს 24 000 ლარი დაახარჯეთ. გამოდის, რომ რეალურად იცით, რომ 10 000 ლარი ჯდება მინისტადიონის აშენება, რაც ამჯერად წამოგცდათ, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში ამ თანხას აორმაგებთ?

გ.ნ _ ვერ დაგეთანხმებით. ეს 24 000 ლარიანი სტადიონი ალბათ ის სტადიონია, რომელსაც გასახდელები და საშხაპეები აქვს.

_ საშხაპე მხოლოდ გორში, ჭალაში მდებარე 24 000 ლარიან მინისტადიონს აქვს მიშენებული. ისიც არ მუშაობს. გარდა ამისა,  ქ. ქარელში მდებარე სტადიონსაც 24 000 ლარი დასჭირდა, სადაც საშხაპე არ არის. ესე იგი მართლა 24 000 ლარი დახარჯეთ?

გ.ნ _ რაკი ეგრე წერია, ალბათ, ეგრე იქნება.

_ რას იტყვით იმაზე, რომ ჩვენს გვაქვს კიდევ ერთი ოფიციალური მონაცემი, სადაც წერთ, რომ მინისტადიონის აშენება 2005 წელს 64 000 ლარი დაგიჯდათ. ეს როგორ გავიგოთ?

გ.ნ _ სად წერია ეგეთი რამე? სად პოულობ? საიდან იგონებ?

_ სად ვიპოვე და თქვენს მიერ შედგენილ საიტზე – “გუბერნატორის ფონდიდან 2005 წელს გახარჯული თანხები.”

გ.ნ _ ააა, ჰო... ეგ ალბათ იმიტომ, რომ სამშენებლო მასალები გაძვირდა და სტადიონის აშენებაც იმიტომ დაჯდა ძვირი.

_ ერთ უბანში, რომ სამ ასეთ 64 000 ლარიან სტადიონს აშენებთ, (მაგალითად სოფელ ტინისხიდში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ცხოვრობს)თუ  შეეკითხეთ იმ უბნის მაცხოვრებლებს –სამი სტადიონი უნდათ თუ ერთიც საკმარისია? ან კიდევ,  ორი სასმელი წყლის რეზერვუარი ან მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა ხომ არ ურჩევნიათ?"

სტადიონის თემის განხილვამ, ჩვენი ინფორმაციით, მალე მიხეილ ქარელის კაბინეტში გადაინაცვლა.

იმ დღესვე მიხეილ ქარელმა რაიონის მაშინდელი გამგებელი ნუკრი პაპუნაშვილი დაიბარა და `სტადიონის საქმეც~ მოაგვარეს. პაპუნაშვილმა ქვახვრელის გამგებელს დავით ალექსიძეს დაურეკა და უთხრა - გუბერნატორმა თქვა, ქვახვრელში სტადიონს აღარ ვაშენებთ, ხოლო 24 000 ლარად მაგ წიწიკაშვილმა აგიშენოთ სტადიონიო.

მეორე დილით ქვახვრელის გამგებელი დავით ალექსიძე „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაუკავშირდა და სთხოვა, `სტადიონის საქმე" „დაგვევიწყებინა და არაფერი დაგვეწერა“.

ქვახვრელის გამგებელმა ალექსიძემ და დეპუტატმა თემურ აფხაზაშვილმაც დაგვიდასტურეს, რომ მიხეილ ქარელმა მართლა ასე თქვა - „სტადიონი წიწიკაშვილმა აუშენოს თავის თანასოფლელებსო, ოღონდ ეგ ხუმრობა იყოო...“

მართლაც სტალინის სახლმ-მუზუემის დირექტორმა გელა ნასყიდაშვილმა სოფელ ქვახვრელში თავისი ნათესავების მეშვეობით ხმა დაყარა, რომ ვითომ სოფელში სტადიონს იმიტომ აღარ აშენებენ, რომ მათი თანასოფლელი საბა წიწიკაშვილი კრიტიკულ სტატიას ამზადებს და რაღაცებს ქექავს.

ერთი სიტყვით, ქვახვრელელ ბავშვებს სტადიონი არ აქვთ. ერთ-ერთი ვერსიით, პროცესის შეჩერებას ხელს ისიც უშლის, რომ შესაფერისი ადგილი ვერ გამოძებნეს. გუბერნატორს სტადიონის გამოსაჩენ ადგილას აშენება სურს, მაგალითად, გზის პირას, რათა უფლისციხისკენ მიმავალმა ტურისტებმა ის ადვილად შეამჩნიონ-ხოლმე. 
 

საბა წიწიკაშვილი გორი

ახალი ამბები