კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხალხის აზრი - "მარტო ჰაერით ვერ გამოვიკვებებით"

23 აგვისტო, 2007

საქართველოში პურის ფასის გაზრდამ ცხოვრება გააძვირა. დღეს ამ ფაქტით შეწუხებულ მოქალაქეებს განსაკუთრებით სასურსათო დაწესებულებებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდები. საოჯახო კალათის გასავსებად თანხა რომ არ ყოფნით, ზოგი თავბედს იწყევლის, ზოგიც ქვეყნის მთავრობას უთვლის "ლოცვა-კურთხევას."

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ბიურომ გაძვირებული და გაძნელებული ცხოვრებით შეწუხებულ ადამიანებს მოუსმინა და მათი კომენტარები ჩაიწერა.

თამარ ჯაჯანიძე, დიასახლისი: "შეწუხებული ვართ ზოგადად იმ მოვლენებით, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოში და უშუალოდ ჩვენს ქალაქში ვითარდება. დღითიდღე იკლებს დასაქმებული ადამიანების რიცხვი და იზრდება ფასები პროდუქტებზე. მე ორი შვილის დედა ვარ. შემცირების შედეგად მეორე წელია არ ვმუშაობ. მეუღლეც უმუშევარია და ამის გამო დაავადმყოფდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვუყო ორ მოზარდს. სანამ რამეს მოვიფიქრებ, ალბათ, გავგიჟდები."

ოთარ ჭიღლაძე, ინჟინერი: "დავუკრათ ახლა ტაში და ვაფრიალოთ დროშები. რა არის აქ მოულოდნელი? ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, პურიც გაძვირდებოდა და სხვა დანარჩენიც. სამაგიეროდ, სკვერები გვაქვს და მოცეკვავე ფანტანები. თუმცა, ქუთაისისთვის ვერც ეგ გაიმეტეს. ამ ქვეყნის მთავრობას ურჩევნია დროზე მოიხედოს ხალხისკენ, თორემ მალე გამწარებული ადამიანები ქვებს დაუშენენ და მერე გასაქცევიც არსად ექნებათ."

ნანა ჯიქიძე, გამყიდველი: "ყველაზე მეტად მე ვარ შეწუხებული, შვილო. შემოდის ადამიანი, უნდა სურსათ-სანოვაგე იყიდოს და ვერ ახერხებს. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ცრემლები ვერ შევიკავე. ქალი შემოვიდა, ერთი პური და სარეცხის ფხვნილი იყიდა და საკუთარი შვილი ტირილ-ტირილით, ძლივს გაიყვანა აქედან. ბავშვი ნაყინის ყიდვას ეხვეწებოდა. დედამ კი, როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხა. ეს ცხოვრებაა?"

ლალი ლალიაშვილი, პედაგოგი: "რომ შემეძლოს, სათითაოდ შევკრებდი ყველა ქუთაისელს და ქუჩაში გამოვიდოდით. ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს ეს ხელისუფლება, რომ თავისთავის კი არა, ხალხის, ამ ქვეყნის საზოგადოების ხელისუფლებაა და დროა, პასუხისმგებლობა იგრძნოს. იცით, როგორი შთაბეჭდილება მრჩება? ჩვენი მთავრობა დაგვცინის და ამის ღირსი ნამდვილად ვართ, რადგან არ გვყოფნის გამბედაობა, შევახსენოთ მათ, რომ სულიერები ვართ და მარტო ჰაერით არ გამოვიკვებებით."

თენგიზ ახვლედიანი, პენსიონერი: "ცხოვრება გაძვირდა და გაძნელდა. ჩვენ უკვე ვეღარაფერს შევცვლით. ხალხს საკუთარი სახლებიდან ქუჩაში ყრიან, დევნილებს საშველს არ აძლევენ,.. მეტი რაღა გინდათ? ასე თუ გაგრძელდა, მალე ამ ქვეყნიდან, ამ ერიდან მხოლოდ ნარჩენები დარჩება".

ლანა იოსელიანი, სტუდენტი: "პური გაძვირდა და ხალხი უკვე პანიკაშია. ცუდი მდგომარეობაა. ქუთაისი ისედაც არაა `შეძლებული~ ქალაქი და ეს პრობლემა უცებ გამოიკვეთა. არცერთი საწარმო არ მუშაობს, უამრავი უმუშევარი ადამიანია... აქ ხალხს გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე დედაქალაქში და თუნდაც, საქართველოს სხვა ქალაქებში. ზოგჯერ მეჩვენება, რომ აქ ცხოვრება საერთოდ გაჩერებულია."

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები