კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაგვის ბუნკერად გადაქცეული სურსათის ბაზარი

29 აგვისტო, 2007

ახალციხის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული, ცოტა ხანში კი უყურადღებობის გამო, ის შესაძლოა ტუბერკულოზის გავრცელების კერადაც იქცეს.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს, ნაგვით არის გადავსებული. მუყაოს ყუთების გროვა, დამპალი ხილი და ძაღლის გახრწნილი ლეში სასურსათო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე აღარავის უკვირს.

„ბაზრის ტერიტორიაზე ნაგავი კვირაობით რჩება. აქაურობას ძაღლები ესევიან. საღამოობით ამ ტერიტორიაზე ერთბაშად იმდენი ძაღლი იყრის თავს, რომ აქ გავლა სახიფათო ხდება. ამ ბოლო დროს ძაღლების დახოცვა დაიწყეს თუმცა, მერე მკვდარს აქვე ტოვებენ”, -  აღშფოთებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

,,მკვდარი ძაღლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა”, - აცხადებს ახალციხის მკვიდრი ნელი გოგოლაძე.
 
რძის პროდუქტებით ვაჭრობა ახალციხის მედ-გაერთიანების ტუბსაწინააღმდეგო კაბინეტთან ხდება, სადაც ყოველდღე რამდენიმე პაციენტი მიდის. ექთანი ზაირა თაბუნიძე მიიჩნევს, რომ იქ საკვები პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს: „ტუბერკულოზის ჩხირი ჰაერწვეთოვანი გზით ძალიან ადვილად ვრცელდება. ვჩხუბობთ, აქ ნუ დააყენებთ მანქანას, ნუ გაყიდით ყველს, არ შეიძლება, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მეტი რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცით”. 

დამპალი და გზაზე დაყრილი გაფუჭებული პროდუქტისაგან საშინელი სუნი დგება.
 
„ავადმყოფის წასვლის შემდეგ ფანჯრების გაღებაა საჭირო, რომ მზის სხივი შემოვიდეს და ბაცილა მოკლას. მაგრამ გარედან ისეთი სუნი შემოდის, ფანჯრის გაღებას აზრი არ აქვს“, - ამბობენ ექიმები. 

შპს „ბაზრის“ დირექტორის ომარ ჟუჟუნაძის თქმით კი ბაზარი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან ყოველ საღამოს სუფთავდება: „ბაზრის სისუფთავე იზომება დილით სამუშაო საათების დაწყების პერიოდში, შუადღით რომ დავგავოთ ამის უფლება არ გვაქვს, ხალხი მოძრაობს. ბაზრის გარეთ მანქანების გაჩერება მოუგვარებელ პრობლემადაა ქცეული. რამდენჯერ აიკრძალა, მაგრამ მაინც მოდიან. მოვაჭრეებს იქ ურჩევნიათ დგომა, სადაც ბევრი მყიდველი დადის“.

ბაზრის დირექტორი ასეთი ფრაზით გვემშვიდობება: - „ვეცდებით თქვენი პრეტენზიები გავითვალისწინოთ“.

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი ამირან ნოზაძე ამტკიცებს, რომ ნაგავმზიდი მანქანა ყველა ქუჩაზე მიდის. 

„არ არსებობს, რომ სადმე მანქანა არ მიდიოდეს. ბაზრის ტერიტორიიდან ნაგავი ყოველ დილას იკრიფება, მაგრამ სამი-ოთხი საათისთვის ისევ იგივე მდგომარეობაა. პრობლემა ის არის, რომ მოვაჭრე იქ ყრის ნაგავს, სადაც მოესურვება“. 

 გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები