კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მივეძალოთ ლაღიძის წყლებს

30 აგვისტო, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გაერკვია მოხვდა თუ არა შპს. „ლაღიძის წყლები“ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში.

29 აგვისტოს, მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს მ.ლაღიძის #1-ში მდებარე შპს. „ლაღიძის წყლები“ უკვე შეტანილი აქვს საპრივატიზაციო ნუსხაში. თუმცა, როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადა, ობიექტი ჯერჯერობით არ არის შესული პრივატიზაციის ნუსხაში და საერთოდ, შპს. „ლაღიძის წყლების“ ბედი, გაურკვეველია: „აღნიშნული ობიექტი თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება იყო. გუშინდელ მთავრობის სხდომაზე კი გადაწყდა, რომ ის ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცემოდა. მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში შესული არ არის. ვნახოთ, შეიძლება შევიდეს კიდეც ნუსხაში, შეიძლება არ შევიდეს. შესაძლოა იჯარითაც გაიცეს, მისი ბედი მთავრობის მომავალ სხდომაზე, ანუ შემდეგ კვირას გადაწყდება“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფი, ანტრესოლი მდებარე ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირი #24 ში მ.ლაღიძის #1 ქუჩა ნამდვილად შეტანილია.

როდესაც ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტს კომენტარის ჩასაწერად მივმართეთ, პირობა მოგვცეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებოდნენ და შესაბამის პასუხს დღის განმავლობაში გაგვცემდნენ. თუმცა, დღე ისე დასრულდა, რომ მათგან ჩამოყალიბებული პასუხი ვერ მივიღეთ (არც  დაპირებისამებრ დაგვირეკეს და მოგვიანებით უკვე აღარც ტელეფონს პასუხობდნენ). 
 
როგორც შპს. „ლაღიძის წყლების“ დირექტორი ნინო მამუკელაშვილი აცხადებს, რომ მაღაზია საპრივატიზაციო ნუსხაში ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში შევიდა. თუმცა, მოთხოვნაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია თანამშრომლებს შეესყიდათ, უარი უთხრეს. ამის მიზეზად ის ამ ფართით მაშინდელი მაღალჩინოსნების დაინტერესებას ასახელებს:
  
ნინო მამუკელაშვილი: „სამწუხაროდ, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისაგან თავს შევიკავებ. მაშინ თითქმის ყველა ინსტანციას დავუგზავნეთ წერილები, რომ თანამშრომლებისათვის შესყიდვის უფლება მიეცათ, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ამ ტერიტორიით საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო დაინტერესებული. სწორედ იმ პერიოდში ჩვენზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა. სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მოდიოდნენ, გვამოწმებდნენ. 1998 წელს ლაღიძის წყლები ჩვენ 8 წლიანი იჯარით ავიღეთ. ახლა არენდა დამთავრებულია და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ტერიტორია გაყიდოს. ამიტომ მე პრეტენზიას ვეღარ გამოვთქვამ, რადგან არენდის ვადა დასრულებულია. ეს ფართი მერიის კუთვნილება იყო, თუმცა შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით მათ საკუთრებაში გადავიდა. როგორც მე შევიტყვე, პროფილი არ შეიცვლებაო. თუმცა, დაზუსტებით არ ვიცი. ეს ტერიტორია ისეთ თანხად შეფასდება, რომ ჩვენ მას ვერასდროს ვიყიდით.

„ლაღიძის წყლების“ გაყიდვის ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ლაღიძეებისათვისაც. მათ ჯერ კიდევ 30-იან წლებში წაართვეს ყველა ის საბუთი, რაც ადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია მათი საკუთრება იყო. ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ აღნიშნული მაღაზია პირდაპირი მიყიდვის წესით შეესყიდათ:

თორნიკე ლაღიძე, მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილი: „შევარდნაძეს რამდენჯერმე მივმართეთ წერილით, მაგრამ გვითხრეს, ეს ისტორიული ნაგებობაა და მისი გაყიდვა არ შეიძლებაო. სააკაშვილსაც მივწერე წერილი, ყოფილ ეკონომიკის მინისტრსაც კახა ბენდუქიძესაც, მაგრამ მათგანაც იგივე პასუხი მივიღე. თუმცა, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია არანაირ ისტორიულ ფასეულობას არ წარმოადგენს და მისი გაყიდვა შესაძლებელია. ამის შესახებ გუშინ შევიტყვე. ამათ თუ რამე გადაწყვიტეს, აუცილებლად შეასრულებენ. ისიც კი არ ვიცით, გაყიდვის შემდეგ მაღაზიას ფუნქციას შეუნარჩუნებენ, თუ სხვა საქმიანობისათვის გამოიყენებენ.“

თუკი ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუჯერებთ, შპს. „ლაღიძის წყლების“ ბედი, წესით, ერთ კვირაში გაირკვევა. მანამდე კი შეიძლება არც ღირდეს აურ-ზაურის ატეხვად, მაგრამ მაინც - ვისაც „ლაღიძის წყლები“ გვიყვარს, მივეძალოთ, რა იცით, რა ხდება…

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები