კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლეხების დასარბევად სპეცრაზმია მობილიზებული

17 სექტემბერი, 2007

პეტრე ცისკარიშვილი: "აქციების მოწყობას არავის ვურჩევ. იცოდეთ, ინანებთ!"

კახეთში რთველი უკვე ერთი კვირაა დაიწყო, თუმცა გლეხები ყურძენს ამ დრომდე ვერ კრეფენ. რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი კომპანიები "ჯი-ვი-ესი" და "თელავის ღვინის მარანი" წელს მოსახლეობისგან ყურძენს არ შეისყიდიან, რადგან აღნიშნულმა კომპანიებმა შარშანდელი ღვინის რეალიზაცია სრულად ვერ მოახერხეს. ამავე მიზეზით ყურძნის შესყიდვაზე უარს ამბობს ბევრი სხვა ქარხანაც. ხელისუფლების დაპირება, რომ გლეხებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებოდათ, დაპირებადვე დარჩა. მოსახლეობას დახმარებას ვერც გურჯაანში გახსნილი რთველი – 2007 – ის საკოორდინაციო შტაბი უწევს. ამასობაში ალაზნისპირა სოფლებში ყურძენმა ლპობა დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში 180 ათას ტონა ყურძენს ელიან. უხვმოსავლიანობამ ყურძნის ფასის დაბლა დაწევა გამოიწვია. 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი გასულ წელთან შედარებით 15 თეთრით იაფია და საშუალოდ 18 თეთრიდან 22 თეთრამდე ღირს. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მასზე წელს ყველაზე დაბალი მოთხოვნაა. ღვინის ქარხნები საერთოდ არ იღებენ დაზიანებულ ყურძენს. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მოსულმა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა საგარეჯოს რაიონის სოფლები, გურჯაანის რაიონის სოფელი ველისციხე, თელავის რაიონის სოფელი წინანდალი და ყვარლის რაიონის რამდენიმე ზონა.

"ჩვენი ღვინის ქარხანა 18 თეთრად იღებს თეთრ ყურძენს. საფერავის ჯიშის ყურძნის მიღებას ამ ეტაპზე საერთოდ არ ვფიქრობთ. მევენახეები მოდიან, მაგრამ ყურძნის მისაღებ ფასს რომ იგებენ, უკან ბრუნდებიან. ისინი ამბობენ, რომ ვაზის მოვლისათვის ვალები აქვთ აღებული და ამ თანხით მის გადახდას ვერ შეძლებენ"- აცხადებს ღვინის ქარხანა შპს `ქართული პროდუქტების" დირექტორი მაგული ღვალაძე.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამბობს, რომ რთველის კარგად ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის. "კახეთში რთველი წელსაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც გასულ წელს. ყურძნის მოსავალი კარგია და მის ჩაბარებაზე გლეხებს პრობლემები არ აქვთ. საამისოდ, ჩვენ გურჯაანში საკოორდინაციო შტაბიც ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ჩემი მოადგილე ბაკურ კვეზერელი ხელმძღვანელობს. შტაბი 5 კვირის განმავლობაში რთველის მიმდინარეობას კოორდინირებას გაუწევს, ანუ მევენახეს მყიდველის მოძებნაში დაეხმარება და დააკავშირებს" - აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა და იქვე გლეხებსაც დაემუქრა: `ჩივილს ურჩევნიათ ყურძენი ჩაწურონ, გადაყრას რას გამორჩებიან. ხოლო ვისაც მიტინგები და დემონსტრაციები უნდა და ამისგან სკანდალის შექმნას შეეცდებიან, მინდა ვუთხრა, რომ აქციების მოწყობას არავის ვურჩევ. ყველა ასეთი ადამიანი გაიშიფრება და იცოდეთ, ინანებთ~.

მინისტრის მუქარის მიუხედავად, გლეხები ხელისუფლების ყურადღების მიქცევას საპროტესტო აქციებში ხედავენ. "ალაზნისპირა სოფლებში ყურძენი უკვე ვენახებში ლპება. ვერ ვკრეფთ, რადგან თუ რომელიმე ქარხანა იღებს, ძალიან იაფად. ბანკიდან 3 ათას ლარამდე პროცენტიანი ვალი მაქვს აღებული. ვფიქრობდი, რომ ყურძენს ჩავაბარებდი და იმდენს ვიშოვიდი, რომ პურის ფქვილი და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მაინც მეყიდა, მაგრამ აბა, რა გამოდის. გლეხის შრომას ფასი არ აქვს. ტყემალი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ყურძენი. რომ დავწურო, ჭურჭელიც არ მაქვს იმდენი. გამოდის, რომ ყველა ვარიანტში ვაზზე უნდა დალპეს. რამე თუ არ გვიშველეს, მთელი ჩვენი სოფელი აქციის გამართვას გეგმავს, იქნებ ყურადღება მაშინ მაინც მოგვაქციონ", - გვითხრა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მკვიდრმა ვალიკო ნანობაშვილმა.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, პარასკევს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბში კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან დახურული შეხვედრა გამართა, რომელსაც ძალოვნებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა რაიონების გამგებლებს მოუწოდა, გაეფრთხილებინათ სოფლების რწმუნებულები, რათა გლეხების ნებისმიერი აქტიურობის შემთხვევაში, ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს. საგულისხმოა, რომ ცისკარიშვილის ვიზიტის შემდეგ, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმი, გურჯაანის პოლიციის შენობაშია მობილიზებული.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ თემის ირგვლივ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. უფრო სწორედ, აგვიხსნეს, რომ შტაბის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, აკაკი სიხარულიძე დაღლილია და ისვენებს. სინამდვილეში, როგორც გლეხებმა გვითხრეს, შტაბის წარმომადგენლები სამუშაოს შესრულების ნაცვლად, დიდ დროს რესტორანში ქეიფს ანდომებენ.


გელა მთივლიშვილი კახეთი

ახალი ამბები