19:58, Friday, 06.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოსახლეობა რეზერვისტების მიერ გასროლილ ტყვიებს საცხოვრებელ სახლებში პოულობს

19.09.2007
  
ყვარლის რაიონის სოფლების -  გრძელიჭალის, ენისელისა და გრემის მოსახლეობა, სოფელ შაქრიანში განთავსებული თელავის რეზერვისტთა ბატალიონის სამხედრო პოლიგონის სხვაგან გადატანას ითხოვს. ამ და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოთხოვნით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოსახლეობის განცხადებით, სროლების შედეგად, ხშირად ხანძარიც ჩნდება, ვაზნებს კი ისინი საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც პოულობენ. არის მსხვერპლიც.

სამხედრო პოლიგონი, სადაც რეზერვისტებს სროლაში ავარჯიშებენ და სხვა საბრძოლო მოქმედებებს ასწავლიან, სოფლებიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული, რაც სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ. მათი თქმით, საცხოვრებელი ადგილიდან სამხედრო პოლიგონის ასე ახლოს არსებობა არ შეიძლება, რადგან სამხედრო წვრთნის დროს გასროლილმა შემთხვევითმა ტყვიამ შესაძლოა ადგილობრივი მკვიდრის სიცოცხლე შეიწიროს.

სოფელ გრძელიჭალის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ, მათი თანასოფლელი, 80 წლის ალექსი ხუცურაული სწორედ რეზერვისტის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მოხუცი საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ნაკვეთში მუშაობდა, როცა მოულოდნელად წაიქცა. სამედიცინო დახმარების გასაწევად ადგილზე მისულ ექიმებს ხუცურაული გარდაცვლილი დახვდათ. მას ტყვია მუცლის არედან ამოუღეს.

ინციდენტის შემდეგ ადგილობრივებმა სამხედრო პოლიგონის სხვაგან გადატანის თხოვნით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს, საიდანაც მათ არავინ გამოხმაურებია.

"ყვარლის გამგეობაში განცხადების დატოვება გვინდოდა, მაგრამ კანცელარიაში უარი გვითხრეს. ასეთი საკითხები ჩვენ არ გვეხება, თავდაცვის სამინისტროს მიმართეთო. სამინისტროსთვის წერილობით არ მიგვიმართავს. მედიით ვრცლად გაშუქდა ამ პრობლემის შესახებ, თუმცა სიტუაცია უცვლელია"- ამბობს დარეჯან დავითაშვილი.

გრძელჭალაში სულ 17 ოჯახიღა ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ პოლიგონის ახლოს არსებობის გამო, მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. "აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება. სახლიდან გამოსვლის გვეშინია, არ ვიცით ცოცხლები თუ შევბრუნდებით. იძულებულები ვართ ავიყაროთ და სხვაგან გადავსახლდეთ, მაგრამ წასასვლელიც არსად გვაქვს" - აღნიშნავს ნათელა თვალიაშვილი.

"თუ ვინმე არ დაგვეხმარა, ან დავიხოცებით, ან სოფელი მთლიანად დაიცლება. ასე უპატრონოდ მიყრილები როდემდე უნდა ვიყოთ. ჯერ ჩემი სიმამრი მოკლეს და არავინ გამოიძია, ახლა ჩემი სიდედრი გადარჩა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა?" - კითხულობს ხუცურაულების სიძე ისან მამულაშვილი.

თავდაცვის სამინისტრო ალექსი ხუცურაულის გარდაცვალების ფაქტთან რეზერვისტების კავშირს უარყოფს. სამინისტროში არ უარყოფენ, რომ ხუცურაულის გარდაცვალების დღეს  შაქრიანის საწვრთნელ ბაზაზე წვრთნები ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე არჩილ მამაგეიშვილი მიიჩნევს, რომ საკუთარ ნაკვეთში მომუშავე მოხუცი, არ შეიძლება რეზერვისტების მიერ გასროლილი ტყვიით იყოს გარდაცვლილი.

"იმ დღეს პოლიგონზე წვრთნები მართლაც მიმდინარეობდა. შესაბამისად, სროლებიც იყო, მაგრამ მანძილი ბაზიდან სოფლამდე 2 კილომეტრამდეა. შუაში დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლის მთაა. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ხუცურაული რეზერვისტების მიერ გასროლილი ტყვიის შედეგად გარდაცვლილიყო"- განაცხადა მამაგეიშვილმა.

თუ თელავის რეზერვისტთა ბატალიონის საწვრთნელი პოლიგონი ხუცურაულის მკვლელობის ფაქტთან კავშირში არ არის, გარდაცვლილის შვილს ასმათ ხუცურაულს ვერაფრით აუხსნია, რატომ გაიღო მაშინ თავდაცვის სამინისტრომ ალექსი ხუცურაულის დაკრძალვის ხარჯები.

"სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიგონი მამაჩემის მკვლელობასთან არაფერ შუაშია. ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა. რატომ გაიღეს გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები, თუ არაფერ შუაში იყვნენ? რატომ გვთხოვდნენ და გვაფრთხილებდნენ, რომ ჟურნალისტებისთვის არაფერი გვეთქვა, მით უფრო, ფულად დახმარებაზე?" - კითხულობს ასმათ ხუცურაული.

სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მოსახლეობისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით მარეგულირებელი ნორმების შექმნა, რომელიც დაადგენს რამდენი კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული პოლიგონი დასახლებული პუნქტისგან, რა მიმართულებით შეიძლება იარაღის გამოყენება და ა.შ.

"დღეს, ქართულ სამართლებრივ სივრცეში მარეგულირებელი ნორმები არ არსებობს. ის ფაქტი, რაც ყვარელში მოხდა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავონ კონკრეტული ნორმები, რომლებიც სასურველია ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს", - აცხადებს სესიაშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ლია ხუროშვილის განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, თუ წვრთნა საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიმდინარეობს, მოსახლეობას შეუძლია ეს გაასაჩივროს და საკუთარი უფლებები დაიცვას. "პრობლემის შესახებ ადგილობრივმა გამგეობამ თავდაცვის სამინისტროს უნდა აცნობოს, ხოლო ეს უწყება თავის მხრივ ვალდებულია ყოველგვარი ჩივილის გარეშე მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს. თუ მოსახლე კომპენსაციას ვერ მიიღებს, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს", - ამბობს იურისტი.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, ტერიტორია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო წვრთნებისთვის იყენებს, იჯარით ფერმერებს აქვთ აღებული.

"ეს ადგილები იჯარით გვაქვს აღებული და პოლიგონის განთავსებამდე მას საძოვრად და სახნავად ვიყენებდით. მას შემდეგ კი რაც წვრთნები მიდის, ტერიტორია გადამწვარია და ვეღარ ვსარგებლობთ. ამის თაობაზე შესაბამისმა უწყებებმაც იციან, მაგრამ იჯარის გადასახადს მაინც გვთხოვენ. ამის გარდა სხვა თავისუფალი ადგილი აქ ახლოს არ არის. თუ რაღაც არ შეიცვალა, საქონელი საძოვრის გარეშეა დარჩენილი და იძულებულები გავხდებით რომ მესაქონლეობას აღარ მივდიოთ, არადა მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამით ირჩენს თავს", - გვითხრა სპარტაკ კამაშვილმა.

დიდი მცდელობის შემდეგ, მოიჯარეები, რამდენიმე დღის წინ, ყვარელში მყოფ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სარდალს ნიკა ჯანჯღავას შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა.

მოსახლეობა დახმარებას სახალხო დამცველისგან ითხოვს.

გელა მთივლიშვილი კახეთი

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC