კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩინელი ექსპლუატატორები და 20 მილიონად გაყიდული სამეგრელოს ტყეები

19 სექტემბერი, 2007

 15 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ქართულ-ჩინური ხისგადამამუშავებელი კომპანიის ქართველმა მუშებმა გაფიცვა მოაწყვეს. მუშახელის პროტესტის მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები, მცირე ხელფასი, შრომითი ხელშეკრულებების, უსაფრთხოების ზომებისა და სამედიცინო დაზღვევის არარსებობა გახდა. საწარმოს ყოფილი და ამჟამად დასაქმებული მუშები მონურ შრომაზე საუბრობენ და ჩინელი ხელმძღვანელობის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ექსპლუატაციად აფასებენ. 30-მდე მუშა საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ტყეები ქართულ-ჩინურმა კომპანიამ ერთი წლის წინ, 20 წლის ვადით შეისყიდა და 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. თუმცა, ჩინელები სოფელ ლიაში 2 წლის წინ გამოჩნდნენ და სააქციო საზოგადოება ,"ლიას" შენობაში დაფუძნდნენ. ყოფილი აქციონერებისათვის კი საწარმოს კარი სამუდამოდ ჩაიკეტა. ჩინელებმა შენობა გაარემონტეს და ქსინჯიანის პროვინციიდან ქალაქ ურუმჩიდან ჩამოსული მეწარმეები იქ კომფორტულად დაბინავდნენ. ინვესტორმა უ მინჩმა საკუთარი ბიზნესის წარმატებასთან ერთად ერთი შეხედევით, ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზეც იზრუნა, თუმცა 50-მდე მისივე თანამემამულე ჩამოიყვანა, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან მხოლოდ 30 ადამიანი დაასაქმა. საწარმოში არც ერთი ჩინელი ფიზიკურ სამუშაოს არ ასრულებს, ისინი მხოლოდ ტექნიკური მუშები ან საოფისე მოსამსახურეები არიან. ქართველი მუშები კი უმძიმეს სამუშაოებს სამშენებლო, სამონტაჟო-სარემონტო და პროდუქციის დამამზადებელ საამქროებში ატარებენ. ჩინელი მუშის ხელფასი 400-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს, ქართველი მუშის ყოველდღიური ანაზღაურება კი 10 ლარია.

თამაზ სამუშია, მუშა: "10 ლარი იმ მძიმე სამუშაოს საზღაურად, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დაცინვაა. ხის ნედლი მორების ხელით აწევა და სახერხ დანადგარამდე მიტანა, დახერხილი ფიცრების გადაზიდვა ფაქტობრივად ამწე-ტექნიკამ უნდა განახორციელოს, ჩვენ კი მას ხელით ვასრულებთ. ამას ექსპლუატაცია არ ჰქვია?!"

თამაზ დოჩია, მუშა: "არც ერთ ჩვენთაგანს საწარმოს ადმინისტრაციასთან შრომითი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ყოველგვარი უფლებამოვალეობები ჩვენთვის უცნობია. რამდენიმე დღეა, რაც აქ ვმუშაობ, ძალიან რთულია. სიგარეტის მოწევასაც გვიზღუდავენ და წამით შესვენებასაც აღარ გვაცლიან, მაშინვე ჩინელი ზედამხედველი თავზე წამოგვადგება".

როგორც მუშები აცხადებენ, ყველაზე მძიმე სამუშაო საქვაბეშია, სადაც ნედლი ხის მასალა იხარშება. იქ დასაქმებული ქართველი მუშების ხელფასი 300 ლარია, მაგრამ სამუშაო დრო დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე განისაზღვრება. 24 საათიან სამუშაო რეჟიმს, მაღალ ტემპერატურას, სპეციალური დანადგარებიდან გამოსხივებასა და მტვერს მუშების დიდი ნაწილი ვეღარ უძლებს. ისინი საწარმოში მხოლოდ ორი-სამი თვით რჩებიან.  მათ უმრავლესობას ჯანმრთელობა შეერყა, სასუნთქი და გულსისხლძარღვთა ორგანოები დაუზიანდა.

კომპანიაში სამედიცინო პერსონალი არ ჰყავთ. შესაბამისად, დაავადებულ მუშას პირველად დახმარებასაც კი ვერავინ გაუწევს. მუშების ჯანმრთელობა დაზღვეული არ არის და ჩინელი მეპატრონეები არც სამკურნალო ხარჯებზე ზრუნავენ. საწარმოში უსაფრთხოების ზომებიც არ არის მიღებული და ხშირია ფაქტები, როდესაც მუშის ჯანმრთელობის მოშლას სწორედ ტრავმული დაზიანებები იწვევს.

ერეკლე ბერიშვილი, რომელიც ასევე მუშად მუშაობს აღნიშნულ საწარმოში, ამბობს: ,"ფეხის ტერფზე ხის უზარმაზარი მორი დამეცა. სერიოზული დაზიანება მივიღე, თუმცა ასეთ მდგომარეობაში 5 დღის შემდეგ სამუშაოდ მაინც გავედი. კომპანიის ადმინისტრაციას არც ფინანსური და არც სამედიცინო დახმარება არ გაუწევია".

შარშან საწარმოს მუშები გაფიცვის მოწყობას შეეცადნენ. პროტესტის მიზეზი მაშინ საამქროს ჩინელ უფროსთან, ლინ ძენდუგთან დაპირისპირება გახდა, თუმცა, საბოლოოდ სამუშაოს დაკარგვის შიშით მუშებმა თავი შეიკავეს. ,,დღესასწაულთან დაკავშირებით ლინ ძენდუგს სამუშაოდან რამდენიმე საათით ადრე დათხოვნა იმ პირობით ვთხოვეთ, რომ დავალებას მაინც შევასრულებდით. 13 ე.წ. ,"პადონის" (დაწყობილი ფიცრები) ნაცვლად 14 დავამზადეთ. მიუხედავად ამისა, საამქროს უფროსმა თხოვნა არ შეასრულა და იმ დღეს სამუშაოდან არ გაგვათავისუფლა. სამაგიეროდ მეორე დღეს 16 `პადონის~ დამზადება მოგვთხოვა. ამ ყველაფერს მონური შრომა ჰქვია~!

ჩინელების მხრიდან ექსპლუატატორულ დამოკიდებულებაზე საწარმოს ყოფილი მუშა, ზურაბ გოგოხიაც საუბრობს, რომელსაც მუშაობის შეწყვეტა მისვლიდან მეშვიდე დღეს აიძულეს. ლინ ძენდუგთან შელაპარაკება მასაც მოუვიდა. ,,აბუჩად გვიგდებდნენ და დაგვცინოდნენ. უბრალო ახირების გამო გვაიძულებდნენ უკვე დასრულებული სამუშაო ხელმეორედ შეგვესრულებინა. ერთ-ერთი მუშა, გაბო გაბისონია წელამდე წყალში იდგა და საღამოს 8 საათზე ორმოს ათხრევინებდნენ, მის შემხედვარეს სიბრაზე მომერია და 20-მდე ჩინელს ლანძღვით გავეკიდე. საწარმო იმავე დღეს უკანმოუხედავად დავტოვე~.

მუშები უკმაყოფილებას არა მარტო იქ არსებული უმძიმესი შრომითი პირობების გამო გამოთქვამდნენ, არამედ იმის პირობასაც დებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ადმინისტრაცია შეეცდებოდა სამუშაოდან რომელიმე მუშის გათავისუფლებას, მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ და პროტესტის ნიშნად საწარმოს ერთიანად დატოვებდნენ. მითუმეტეს შრომითი ხელშეკრულებები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც აღმოჩნდა, საწარმოს ადმინისტრაციაში არც ერთი მუშის ხელშეკრულება არ დევს. ხის გადამამუშავებელი კომპანიის  ქართველმა იურისტმა, მალხაზ სამუშიამ მხოლოდ 2006 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგინა. საინტერესო ფაქტი ისიც იყო, რომ გასული წლის ხელშეკრულებებს საწარმოს მაშინდელი გენერალური დირექტორი  მიხეილ ქანთარია აფორმებდა, თუმცა იურისტმა მუშებთან დადებული ზეპირი ხელშეკრულებაც საკმარისად მიიჩნია.

მალხაზ სამუშია თავადვე აღიარებს, რომ კომპანიაში ბევრი რამ წესრიგში მართლაც არ არის, მაგრამ რიგი საკითხების მოგვარებაში ის უძლურია, რადგან თავადაც ჩინელების მიერ დაქირავებული იურისტია. კომპანიის გენერალური დირექტორი ლუი ჯიანგი კი აცხადებს, რომ შესაძლოა, სამუშაო დრო 8 საათამდე შემცირდეს, თუმცა ხელფასების გაზრდას იგი დღეს გამორიცხავს. ამ დრომდე მუშებსა და ადმინისტრაციას შორის ამ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის.

ლიის ხისგადამამუშავებელ კომპანიაში არსებული შრომითი პირობებისა და მუშა-მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საკითხების გარკვევით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოც დაინტერესდა. ინფორმაციის მოთხოვნით საწარმოში უკვე ორი წერილი გაიგზავნა, თუმცა ქართულ-ჩინური კომპანია პასუხს დღემდე აყოვნებს. საქმეში ლიის დეპუტატი, გიორგი ვეკუა და საკრებულოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ კალანდიაც ჩაერთო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია მებონია ირწმუნება, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა უფლებები დაცული იქნება და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამეგრელოს კოორდინატორი, ზაზა ქვაცაბაია აცხადებს, რომ ლიის ხის გადამამუშავებელ საწარმოში არსებული მდგომარეობა საქართველოს შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა. ,,მუშა-მოსამსახურეებსა და ადმინისტრაციას შორის არ არის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსის მე-6 მუხლით. არ არის განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობები. კონკრეტულად, თუ რა სამუშაო უნდა შეასრულონ, არ არის აღნიშული სამუშაო დროის ხანგრძლივობა და ანაზღაურების რაოდენობა. არ გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი ანაზღაურება". ზაზა ქვაცაბაია კომპანიაში შესაძლო   ფინანსურ დარღვევებსაც არ გამორიცხავს.

ნანა პაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები