კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანამ დაიძინებდნენ... ანუ ამბავი მოხუცებზე

20 სექტემბერი, 2007

როდის მოეხსნება „კათარზისის“ საბანკო ანგარიშს ყადაღა

დღის 2 საათია. ისეთი ძლიერი ქარი ქრის, თუ თავზე ცეცხლი არ გიკიდია, გარეთ გასვლა არ ღირს. სადილობის დროა. შუშის მძიმე კარი რამდენიმე წამში ერთხელ იღება და იხურება. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ამ კუთხეში, იმ კუთხეში ვერცერთ ღერ მუქი ფერის თმას ვერ დაინახავ. ერთი წუთით გგონია, რომ შენც ჭაღარავდები, ინსტიქტურად ბეჭებში იხრები, ფეხების ცუცუნით იწყებ სიარულს და ტუჩების მოხუცური ცმაცუნით ესალმები თავსდამტყდარ სიბერეს. აქ ყველა ყველას იცნობს. მერე რა, რომ 100 წლამდე 15-20 წელი უკლიათ, ამ ასაკშიც შეიძლება წითელი პომადის წასმა, პლასტმასის მძივების ჩამოკონწიალება და სადილად ასე გამოცხადება.

ფოიეში წვნიანის სურნელი დგას. ამ სურნელს იმ ნაცნობი სუნამოს სურნელიც ერევა, რომელიც მარტო მოხუცებს ასდით და დღემდე ვერ მივმხვდარვარ, რა სასწაულით ახერხებენ იმ სუნამოს შოვნას, რომელიც ალბათ უკვე 30-40 წელია სანთლითაც რომ ეძებო, ვერსად მიაგნებ. სამზარეულოდან ჭურჭლის ხმაური გამოდის. გვერდით დარბაზში ტელევიზორი გუგუნებს. ოციოდე მოხუცი გაფაციცებული შესცქერის რაღაც ფილმს და აშკარად ეტყობათ, როლებში არიან შეჭრილნი. ბატონმა ნიკომ რამდენჯერმე მუშტი დაირტყა მუხლზე, ასე უნდა მაგასო, დააყოლა და სკამის საზურგეს შვებით მიეყრდნო.

ოჰო, აქ თურმე ბუნტის თავებიც ჰყოლიათ. ფოიეში უშველებელი სტენდი დგას, სადაც რა შინაარსის წერილი გინდა, რომ არ ნახო: „მივმართავთ მათ, ვინც ცუდად იქცევა და არღვევს ჩვენს სიმშვიდეს. ან ისწავლონ წესიერად მოქცევა, ან ვთხოვთ დირექციას, აუკრძალოს „კათარზისში“ მოსვლა“, - უხუცესთა საბჭო. ერთ რამედ ღირს ფერადი ფლომასტერებით გაფორმებული წერილების კითხვა.

სასადილო დარბაზი ნელ-ნელა ივსება. აქ მარტო ჩურჩული, თეფშებისა და კოვზების და კიდევ ცხელი წვნიანის სულის შებერვის ხმა ისმის... გარეთ ქარი უბერავს...

აქაური კედლები აქაური მოხუცების ნამუშევრებითაა გაფორმებული. და ერთად ამდენი მაკრამე ცხოვრებაში არ მინახავს. ერთ-ერთი თანამშრომელი, 79 წლის ქალბატონი კვანძავს ამ გრძელ-გრძელ თოკებს.

ბებიები (ასე მიმართავენ მათ „კათარზისის“ თანამშრომლები) მესამე სართულზე ცხოვრობენო. კიბეებს მივუყვები. მეორე სართულზე, გულიკო ექიმის კარი ღიაა. მგონი ბატონ დავითს მტვერი შეეყარა თვალებში. ჩაწითლებულ, ცრემლიან თვალს ცხვირსახოცით იწმენდს და გულიკო ექიმს შესჩივის...
 
ბებიების ოთახებსაც მივადექი. რატომღაც მგონია, რომ ფოტოს გადაღებას არ ისურვებენ. სულ ტყუილად, ისე გაუხარდათ ფოტო-აპატარის დანახვა, რომ სურათების გადასაღებად რიგში ჩადგნენ:
- მოიცა, ასე დავჯდები, - თმას ისწორებს ქალბატონი ელენე, რომელიც ორი წუთის წინ კროსვორდს ავსებდა.
- მეც გადამიღე რა, აი ამ მზესუმზირასთან გადამიღე, ის ფოტო რომ გადამიღე, იმაში მოღრუბლული ვიდექი, - მეუბნება 81 წლის ჟენია.
- აი, აქ, ლოგინზე ჩამოვჯდები, ისე ილაგებს მუხლებზე ხელებს 84 წლის ეთერი, როგორც მხოლოდ 40-50-იანი წლების ფოტო-სტუდიებში გადაღებულ ფოტოებზე მაქვს ნანახი.

მყუდროდ მოწყობილ დიდ ოთახში ათი-თორმეტი საწოლი დგას. ყველა საწოლი ალაგებულია, მხოლოდ ერთ საწოლში წევს სულ მთლად ჭაღარა ბებია, რომელიც უკვე ათი წელია „კათარზისში“ ცხოვრობს.

მათი ამბები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ სხვადასხვანაირი ემოციით ჰყვებიან. ქალბატონ ჟენიას შვილმა გაუყიდა სახლი, წასასვლელი აღარსად დარჩა და „კათარზისს“ მოაკითხა. ქალბატონი ეთერი დღემდე ელოდება მექსიკიდან შვილის ჩამოსვლას, 84 წლის ელენეს კი შვილისა და შვილიშვილისაგან უკვე ორი წელია აღარაფერი სმენია.

ნეტა, ვინ მოართვა თეთრი კალები ბებიებს? ისე, ამას რა მნიშვნელობა აქვს... ამბობენ, რომ აქ კარგად ცხოვრობენ, რომ საჭმელიც თავის დროზე აქვთ, რომ სითბო და ყურადღებაც არ აკლიათ, მაგრამ... ბებიები მაინც ტირიან...

ერთი სული მაქვს ამ ოთახიდან როდის გამოვიქცევი... პატარა ბავშვივით ატირებული მოხუცების ნახვას ისევ ქართან ჭიდაობა მირჩევნია...

უკვე გარეთ გამოსვლას ვაპირებ, რომ სიმღერის ხმა მესმის. კარს ვაღებ და თეატრის დარბაზში ვხვდები. ჩუმად, რეპეტიციაა. ანსამბლი „ხანდაზმული“ სიმღერაში მეცადინეობს. სულ ბოლო რიგში ვჯდები...

- ანა, ანა, იცოდე წაგართმევ მაგ ფურცელს, - ბრაზობს ბატონი ნოდარი, რომელიც პროფესიით დირიჟორია, მაგრამ უკვე ათი წელია „კათარზისში“ ყოველდღიურად დადის და „კათარზისთან“ არსებულ გუნდს ვოკალში ამეცადინებს...
... „შენგან შველას მო - ვე - ლიიიი“ - პირველ ხმას დარიკო ამბობს. მეორე ხმის აბმა ვენერას ავიწყდება:
- რამდენჯერ გითხრათ, ყურადღებით იყავით, შენიშვნას აძლევს ნოდარი გუნდის წევრებს და ყველაფერს ხელახლა იწყებენ.

დარბაზში დაგვიანებული ბანი, 88 წლის ბატონი ლევანი შემოდის. საკუთარ ადგილს იკავებს და სასწრაფოდ ებმება რეპეტიციაში. სიმღერა ნელ-ნელა ხურდება... „ვარდო შენ შლას მო-ვე-ლიიიი“... - სოფიო, „შვას“ კი არა „შლას, შლას“...

- რომელი ლაპარაკობს მანდ? ქალბატონო ზინაიდა, სიმღერის დროს ლაპარაკი შეიძლება? რამდენი ხანი იმუშავეთ პედაგოგად? 48 წელი ხომ? მერე პედაგოგმა ქალბატონმა არ უნდა იცოდეს, რომ სიმღერის დროს ლაპარაკი არ შეიძლება? - ბატონი ნოდარი ჩხუბობს, - მოეშვით მაგ ფურჩხვალს, ვერ ხედავთ, ადამიანი გვისმენს...

ნელ-ნელა რეპეტიცია კონცერტში გადაიზარდა, რომელიც მოხუცებმა მარტო ჩემთვის გამართეს და უნდა გენახათ, რა მონდომებით მღეროდნენ, რა ამბით ადიოდნენ რიგ-რიგობით სცენაზე და რა გულით კითხულობდნენ ზოგი საკუთარ, ზოგიც კი ცნობილი პოეტების ლექსებს...

- აბა სოფიო, ხომ ხარ ცეკვის ხასიათზე? - კითხულობს ბატონი ნოდარი...
81 წლის სოფიო ისეთ დავლურს უვლის, შეგშურდება...

- ერთ ლექსს ვიტყვი რა, გინდა, სიყვარულზე გეტყვი ლექსს, - მეკითხება ანა და პასუხს არც კი ელოდება ისე არბის სცენაზე. სიყვარულზე ლექსი, საქართველოზე ლექსმა შეცვალა... „საქართველო, არწივების ფრთებია“...

მხოლოდ ჩემთვის გამართულმა კონცერტმა საათნახევარს გასტანა. ვემშვიდობები გუნდის წევრებს და გარეთ გამოვდივარ... ფოიეში სიმშვიდეა. სადილი დამთავრდა. მოხუცების დიდი ნაწილი სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. კანტიკუნტად შემორჩენილები კი ერთმანეთს ვერ ელევიან და ისეთ ამბებს ყვებიან, როგორი ამბებიც მარტო მოხუცებმა იციან... და გრძელდება ასე ყოველ დღე... დაღამებამდე, დაძინებამდე...

მოუგვარებელი პრობლემა

საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისი“ თბილისის მასშტაბით 355 ბენეფიციარს ეხმარება. დახმარებაში ყოველდღიური სადილი, ტანსაცმლით უზრუნველყოფა და სურსათით დახმარება იგულისხმება. რაც შეეხება „კათარზისში“ მცხოვრებ მოხუცებს, შენობაში მხოლოდ 14-15 საცხოვრებელი ადგილია გამოყოფილი. „აქ მოხუცებს საშუალება აქვთ, ერთმანეთი გაიცნონ. მიხვდნენ, რომ მარტონი არ არიან. აქ მათ საკუთარი თეატრი და სილამაზის სალონი აქვთ, ემსახურებათ ექიმი. და თუკი ისე ხდება, რომ მათ განსასვენებელი ადგილიც კი არ აქვთ, ასეთი შემთხვევებისათვის „კათარზისს“ მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე საკუთარი ადგილი აქვს გამოყოფილი,“ - ამბობს „კათარზისის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ზაურ ალადაშვილი.

ალადაშვილის განცხადებით, „კათარზისი“ ქართული სულის ქველმოქმედებაზე დგას: „საქართველოში ძნელად მოიძებნება ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც „კათარზისს“ თუნდაც ერთხელ მაინც არ დახმარებია. ჩვენ ძირითადად შემოწირულობებით ვარსებობთ. გაქირავებული გვაქვს ორი ოთახი, რომელიც ჩვენს მუდმივ შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს და გარდა ამისა, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა გვიდგას მხარში, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ იმ რაოდენობის ფქვილს, ზეთსა და ლობიოს გვაწვდის, რა რაოდენობის ბენეფიციარიც გვყავს,“ - აღნიშნავს ალადაშვილი

2006 წლის მიწურულს „კათარზისის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია (2004 წლიდან მოყოლებული დღემდე) საგადასახადო სამსახურმა შეისწავლა:

ზაურ ალადაშვილი „კათარზისის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი: „საგადასახადო სამსახურმა დაადგინა, რომ თურმე სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი ოდენობით თანხა არ გადაგვიხდია. მათი გამოთვლებით, დანაკლისმა 65 000 ლარი შეადგინა, რომელსაც 40 000 ლარის ოდენობის საურავი დაემატა და საბოლოოდ 105 000 ლარის გადახდა დაგვეკისრა. „კათარზისმა“ ორი გზით დაიწყო ბრძოლა: გავასაჩივრეთ აღნიშნული გადაწყვეტილება და გარდა ამისა, საზოგადოებას გვერდში დგომისაკენ მოვუწოდეთ, რათა უმწეო მოხუცები ლუკმი-პურის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. ვიდეო-რგოლები გადავიღეთ, სადაც ჩვენი მოხუცები საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. იმდენი მოვახერხეთ, რომ რამდენიმე თვეში 65 000 ლარი შევაგროვეთ და ეს თანხა ბანკში შევიტანეთ, ანუ ძირითადი „ვალი“ გავისტუმრეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. საქალაქო სასამართლომ კი სარჩელის მიღებაზე უარი იმ მოტივით განგვიცხადა, რომ სახელმწიფო ბაჟი, 3 500 ლარის ოდენობით, არ გადავიხადეთ. არსებობს კანონი, რომელიც ინვალიდთა ორგანიზაციებს ამგვარი გადასახადისაგან ათავისუფლეს და გარდა ამისა, ჩვენ ვერც გადავიხდიდით თანხას, რადგან „კათარზისის“ ანგარიშები დაყადაღებულია. ჩვენ საქალაქო სასამართლოს უარი გავასაჩივრეთ და სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისს“ უნდა მიენიჭოს ინვალიდთა საზოგადოების სტატუსი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „კათარზისის“ სარჩელის წარმოებაში მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამჟამად საქმე წარმოებაში მიღების სტადიიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განსახილველად დაუბრუნდა. სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ამგვარად „ეხმარება“ ულუკმაპუროდ და უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებს.“

სახალხო დამცველის 2007 წლის მონიტორინგის შედეგები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა 2007 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა ხანდაზმულთა სახლსა და პანსიონატში, მათში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესასწავლად, მონიტორინგი ჩაატარა. დაწესებულებებს შორის იყო „კათარზისიც“.

როგორც მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული, იმის გამო, რომ „კათარზისის“ საბანკო ანგარიში დაყადაღებულია, შენობის სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია. „კათარზისში“ მცხოვრები ყველა გამოკითხული კმაყოფილია კვების პირობებით. სანიტარული ნორმები დაცულია. გამოკითხული მობინადრეები პერსონალის მოპყრობით კმაყოფილნი არიან. მათივე თქმით, მობინადრეთა დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით ადგილი არ აქვს.

გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები აცხადებენ, გამოკითხული მობინადრეების თქმით, მათთვის პირველადი სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია, თუმცა, გამოკითხულთა ნაწილის განცხადებით, ისინი მედიკამენტების ნაკლებობას განიცდიან.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მნახველებთან შეხვედრის დრო შეზღუდული არ არის. შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით მობინადრეებს უფლება აქვთ დატოვონ დაწესებულება. მათ აქვთ ტელევიზორით, რადიოთი, ჟურნალ-გაზეთებით სარგებლობის საშუალება. მობინადრეებს ტელეფონით სარგებლობის საშუალება აქვთ.

ყველა გამოკითხული აცხადებს, რომ პრეტენზიის შემთხვევაში საშუალება აქვს საჩივრით მიმართოს სახლის ადმინისტრაციას ან სხვა უწყებებს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაარკვია,  „კათარზისის“ საქმე მოსამართლე ზურაბ რუხაძეს დაეწერა. როდისთვის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორც ადმინისტრაციულ კოლეგიაში აცხადებენ, გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია.

ნინო თარხნიშვილი

 

ახალი ამბები