კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლიმონათ "იმედს" ანტისანიტარიაში ამზადებენ

20 სექტემბერი, 2007

მთავრობისგან წახალისებულ ინდმეწარმეებს თავს გაუვიდათ

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #138-ში მდებარე სანიტარული ზედამხედველობის შენობის ნაწილი ინდმეწარმე ოთარ კაიკაციშვილს აქვს ნაქირავები. კაიკაციშვილი ერთ ოთახსა და  სააბაზანოში, არაჰიგიენურ პირობებში ლიმონათ „იმედს“ ამზადებს.ქართული კანონმდებლობით კი, 2009 წლამდე, სამეწარმეო წარმოების შემოწმების უფლება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სამსახურს არ აქვს.

ერთსართულიან, ამორტიზებულ შენობასთან ბოთლების გროვაა. მათგან -  ნაწილი დამტვრეულია. შესასვლელი ოთახი ბალონებითაა სავსე, დაახლოებით ოც ბალონამდე იქნება, თუმცა ოთახში მეტი ადგილიც არაა, მხოლოდ ერთი პატარა მაგიდა დგას ფანჯარასთან. იქ მომუშავე ქალბატონის თქმით, ეს ლიმონათისთვის საჭირო გაზის ბალონებია. დანარჩენ კითხვებს ქალბატონი მხოლოდ `არ ვიცით` პასუხობს.

უფროსის, ოთარ კაიკაციშვილის მობილურის ნომერს უპრობლემოდ გასცემს. ალბათ იმიტომაც, რომ მობილურის ნომერი ოთახის ფანჯრის მინაზეცაა მიკრული.
ამ ოთახიდან, სააბაზანოში მიმდინარე მოვლენები იპყრობს ყურადღებას. აბაზანის კარი ღიაა და  ვანაში ჩაყრილი ბოთლები ჩანს.

სააბაზანოს ვანა წყლითა და გასარეცხი ბოთლებითაა სავსე. წყალი ბინძურია. იქვე სარეცხი ფხვნილი „ბინგო“ დევს, სავარაუდოდ, იმ ბოთლების გასარეცხად, რომლებიც აბაზანაში ყრია. თვით აბაზანა, გაურემონტებელი და ნესტიანია.
აქ `იბადება` ლიმონათი  „იმედი“.

ობიექტის მეპატრონე ქობულეთელი ოთარ კაიკაციშვილია. დაქირავებულ ფართში ყოველტვიურად 30 ლარს იხდის. მისი თქმით, ლიმონათი „იმედი“ ერთი წლისაა, ამ პერიოდში შემოწმებულა კიდეც, თუმცა დარღვევები არავის აღმოუჩენია. ფოტოები კი, რომლებიც ჩვენ გადავიღეთ, საპირისპიროს ამტკიცებენ.

კაიკაციშვილის თქმით, ლიმონათს დაკვეთებისთვის ამზადებს: „400-600 ცალს, როცა ქორწილი ან ქელეხი ხოლმე. ქობულეთში სამი მაღაზია თუ იქნება, 100 ბოთლი მიაქვთ“.
ლიმონათი „იმედი“ რუსთაველის ქუჩაზე, ორი სუპერმარკეტიდან, ერთ-ერთში 30 თეთრად იყიდებოდა.
 „ყოველთვიურად 30-30 ლარი შემაქვს საგადასახადოში. სალარო აპარატიც მიდგას“, - ამბობს კაიკაციშვილი.

აჭარის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სამსახურის უფროსი რამაზ სურმანიძე აცხადებს, რომ არც ერთი სამეწარმეოს ინსპექტირების უფლება არ გააჩნიათ: „2009 წლამდე ნებისმიერი სამეწარმეოს შემოწმების კანონმდებლობით არ შეგვიძლია. ეს ხელისუფლების კეთილი ნებაა მეწარმეებისთვის, თორემ 90% საწარმოებისა პრობლემატურია და დასახურია არაჰიგიენური მდგომარეობის გამო“.

ლიმონათ „იმედის“ შენობაში არსებული არაჰიგიენური სიტუაციის გამო, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიურო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ამ სიტუაციაში დამზადებული ლიმონათი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს.. ჩვენი კანონმდებლობით, კი ისეთი პროდუქციის მომზადება რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დასჯადია. ამიტომ, შესაბამის სტრუქტურებს ღონისძიებების გატარებისკენ მოვუწოდებთ“, - აცხადებს ბიუროს კოორდინატორი, ლადო მგალობლიშვილი

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები