კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რთველი კახეთში - ლხინის ნაცვლად, სპეცრაზმის ტერორის ქვეშ

24 სექტემბერი, 2007

ძალოვნებმა ველისციხელ ახალგაზრდებს ავტომატის კონდახებით თავები გაუხეთქეს

რამდენიმე დღეში ათობით გურჯაანელი გლეხი პროტესტის ნიშნად ვაზს ამოძირკვავს. გლეხების ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ხელს ვერც სპეცრაზმი შეუშლის, რომელიც ბოლო ათი დღეა, თელავიდან გურჯაანში, პოლიციის რაიონული სამმართველოს ეზოშია მობილიზებული. ნიღბიანები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლას უკრძალავენ და იარაღით აშინებენ. გლეხების თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რთველის პერიოდში კახეთში კომენდატის საათი დააწესა. მათივე ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგეების ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანებაა გაცემული.

ორასამდე ადგილობრივი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლები და ჟურნალისტები რომ არა, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მაცხოვრებლები ლიკვიდაციას თუ არა, დაინვალიდებას მაინც, ალბათ ვერ გადაურჩებოდნენ. "სოფელს ელექტროენერგია არ ჰქონდა, რის გამოც დაღლილი ხალხი საკუთარი სახლების წინ, ქუჩაში ვიყავით გამოსული და ვსაუბრობდით. რამდენიმე დღეა სოფელს სპეცრაზმი აკონტროლებს. გვკითხეს, რატომ ვიყავით ქუჩაში, რაზედაც ვუპასუხეთ, რომ არაფერს ვაშავებდით. ვერ გეტყვით რა იფიქრეს, მაგრამ ოთხივე მანქანიდან გადმოხტნენ და დაგვაცხრნენ. იარაღი გვირტყეს და თუ არ დავიშლებოდით, გვემუქრებოდნენ, დაგხოცავთო. აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა ქალებსაც მოგვაყენეს" - აღნიშნა ველისციხის მკვიდრმა მანანა სამნიაშვილმა.

"ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში ვისვენებდი. გარეთ ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე გამოვედი. ნიღბიანები ბიჭებს იარაღის კონდახებით სცემდნენ. ხალხი ყვიროდა, არაფერი დაგვიშავებია, მოშორდით აქედანო, მაგრამ ამაოდ.
საპატრულო პოლიციაშიც დავრეკეთ რამდენჯერმე... თითქოს არ ესმოდათ რას ვეუბნებოდით. სპეცრაზმელებმა მანამდე არ დაგვტოვეს, სანამ შემთხვევის ადგილზე უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები არ მოვიდნენ.

წასვლისას დაგვიბარეს, იცოდეთ, ყველას სახე დავიმახსოვრეთ და თუ რამეს იტყვით, კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეგიქმნითო, მაგრამ როდემდე უნდა ვითმინოთ?..
საკუთარი სახლის წინ ვეღარ უნდა გამოვიდეთ? მინც და მაინც უნდა გვაიძულონ, რომ ჩვენც შევიარაღდეთ და წინაღმდეგობა გავუწიოთ? თოხი და ნაჯახი ავიღოთ ხელში, თავი რომ დავიცვათ სპეცრაზმის თავდასხმისაგან?"- კითხულობს აღშფოთებული ხალხი.

ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს ველისციხელმა ახალგაზრდებმა მიხეილ ბერელიძემ, ბექა გურგენიშვილმა, ცეზარ სამნიაშვილმა და სხვებმა. "მეგობრებს ვესაუბრებოდი, სპეცრაზმი რომ თავს დაგვესხა. არცერთ ჩვენგანს არასოდეს არაფერი დაგვიშავებია. უდანაშაულო ადამიანებს დაგვერივნენ. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ რთველთან დაკავშირებით აქციის გამართვას ვაპირებდით. იარაღით გვაშინებენ. რომ დაგვატერორონ, რათა ხმა ვერ ამოვიღოთ, ნიღბიანები სოფლებში პატრულირებენ და გვემუქრებიან. ქუჩაში გამოსვლას გვიკრძალავენ. ოღონდ აქციები არ იყოს და სისხლის დაღვრასაც არ ერიდებიან. ავტომატის კონდახებით თავები გაგვიტეხეს"- ამბობს დაზარალებული მიხეილ ბერელიძე.

მოსახლეობის დარბევის ფაქტზე გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ წინასწარი გამოძიება მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილის ზურაბ ბიკაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის მუქარით) აღიძრა. დანაშაული 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარის მიუხედავად კახელები ხელისუფლების მიმართ საყვედურებს ხმამაღლა გამოთქვამენ.

"ცხოვრება დღითიდღე ძვირდება და ძნელდება. ყველაფერთან ერთად ძვირდება სურსათი, ხილი, ბოსტნეული. დღევანდელი ბაზრის ფასებით, 20 თეთრად ანუ ერთი კილოგრამი მაღალხარისხიანი ყურძნის ფასად შევიძენთ – 1 კონა ქინძს, 1 ცალ პომიდორს, 1 კიტრს, 7 ცალ ძირნაყარ ტყემალს, ნახევარ ვაშლს, გოგრის ყუნწს, 1 ცალ კაკალს ან 3 თხილს. ტუალეტის ქაღალდი არ მოდის – 30 თეთრი უნდა. ზამთარი კარსაა მომდგარი და ორ იღლია შეშას, ახალი ფასებით, ნახევარი ტონა ყურძენი მაინც უნდა. ხალხი არ არიან? რჯული არა აქვთ? რა ნიშანთვისებებით საზღვრავენ შესასყიდ ფასს? ყურძენი იქით იყოს, იცით, მომყვანის შრომის ფასი? რა დროს, ჯანსა და ენერგიას ხარჯავს? ფასის დამდგენელს კი არ ვამუშავებდი, მხოლოდ ვაყურებინებდი ყურძნის მოსაყვანი შრომის პროცესისთვის. მერე დავადგენინებდი ფასს და ვნახავდით რა ნამუსის და კაცობის მატარებელიც იქნებოდა და რა ფასსაც დაადებდა.
თავიანთი ფასი კარგად იციან. ნეტავ რომელმა ბაზარმა დაურეგულირათ მაღალი ხელფასები?

კაცი რომ იტყვის - ნეტავი დამსეტყვოდაო! ბუნება მბრძანებელია და ეგუება ადამიანი მის სიმკაცრეს. აი, ხელისუფლება რომ გაგიმეტებს, ისაა ძნელი" - გულდაწყვეტილია ცირა ასანიშვილი.

ყურძნის რეალიზაციის მიზნით გლეხები დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გურჯაანში საგანგებოდ გახსნილ საკოორდინაციო შტაბსაც აკითხავენ, მაგრამ დამაიმედებლ პასუხს ვერც იქ იღებენ. "რეგიონში ყურძენს არაერთი ღვინის ქარხანა იბარებს, მაგრამ მყიდველი ხარისხიან პროდუქციას ითხოვს. ყურძნის შესყიდვა ხდება ასევე მიკროზონების მიხედვით, მაგალითად ვაჩნაძეანის ღვინის ქარხანა იბარებს ვაჩნაძეანის ტერიტორიაზე მოწეულ ყურძენს და ა.შ. ჩვენ არც ფასის განსაზღვრაში ვერევით და არც ვინმეს ვაძალებთ ყურძნის შესყიდვას"- აღნიშნეს შტაბში.

დაბალი ფასის, რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების და სახელისუფლებო ტერორის გამო, კახელ გლეხებს გადაწყვეტილი აქვთ ვენახები გაკაფონ. მოსახლეობა უკმაყოფილებას განსაკუთრებით საფერავის მიმართ გამოთქვამს, რადგან ყველაზე მეტად ყურძნის ამ სახეობის რეალიზაციაა წელს პრობლემა, არადა საფერავის მოსავალი გასულ წლებთან შედარებით გაორმაგებულია.

როგორც გურჯაანელმა გლეხმა ავთო ყალაბეგაშვილმა გვითხრა, ის 0,5 ჰექტარზე გაშენებულ საფერავს ოთხშაბათს გაკაფავს. მის მსგავსად ამ დღეებში ვაზის ამოძირკვას სხვა გლეხებიც აპირებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთი

 

ახალი ამბები