კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ არ ინიშნებიან რწმუნებულები და ვის ინტერესებს ეწირება ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა?!

25 სექტემბერი, 2007

ზუგდიდის რაიონის 30 სოფელს რწმუნებული დღემდე არ ჰყავს. მოსახლეობა 8 თვის განმავლობაში მათ გამოჩენას უშედეგოდ ელოდა. ხალხი ლოდინით ზუგდიდის არქივში გრძელ რიგშიც იღლება, როცა იმ ცნობების მიღებას ცდილობს, რომლის გაცემას ადრე სოფლის გამგებელი ახდენდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის ინტერესი შიდაპარტიულ და სახელისუფლებო ინტერესებს ეწირება. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე ქობალიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვახტანგ ცხადაიას შორის არსებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს.

ზუგდიდში, ჯერჯერობით, არავინ იცის, თუ როდის ეყოლება რაიონის სოფლებს რწმუნებული. თუმცა საკრებულოს ფრაქცია "კონსერვატორების" ერთ-ერთი წევრი, რომან გაბისონია მოსალოდნელ შედეგებზე ღიად საუბრობს და საბჭოურ პერიოდს იხსენებს: "კომუნისტურ საქართველოში გარდაცვლილი თანამდებობის პირის ხსოვნას პატივს იმით მიაგებდნენ, რომ მის სამუშაო ადგილას 1 წლის განმავლობაში არავის ნიშნავდნენ და ჭირისუფალს ხელფასს უხდიდნენ. 5 ოქტომბერს წლისთავი ხდება, რაც სოფლებს თავი არ ჰყავს და ალბათ შემდეგ დანიშნავენ. ტრადიცია დღესაც უცვლელია".

ცოტა ხნის წინ ზუგდიდის რაიონში რწმუნებულების ოფიციალური არა, მაგრამ არაოფიციალური დანიშვნები კრახით დასრულდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ მისთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნა 16 სოფელში მოითხოვა, მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი შედარებით მეტი სიხარბე გამოიჩინა და 25 სოფელი ისურვა. არაოფიციალურად დანიშნულმა რამდენიმე რწმუნებულმა საკუთარ სოფელში თანამდებობის დაკავება სუფრაზე ღვინითაც კი აღნიშნა, რამდენიმე ასეთმა რწმუნებულმა გამგეობის წინ თავი მოიყარა და სამომავლო გეგმები კედრის ხის ქვეშ დასახა, მაგრამ აქ უკვე, როგორც ამბობენ, მათ შ.ს.ს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დაადგნენ და `კუდის~ შენობაში გაშლილ სუფრაზე რიგრიგობით "დაპატიჟეს". წვეულების შედეგებზე, ბუნებრივია, არავინ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ რწმუნებულის კანდიდატებმა მუქარა და შანტაჟი დიდი დოზით მიიღეს. ცნობილია ისიც, რომ "კუდში" მათ ვერც გამგებლის და ვერც საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ მხარდაჭერა ვერ გამოათქმევინეს. ისინი, თურმე, ერთხმად გაიძახოდნენ, რომ მხარს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს უჭერდნენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ზოგიერთ კანდიდატს წარსულში მისი საქმიანობის შესახებაც შეახსენეს და უკანონოდ გასხვისებული მიწის ფართობების ნუსხაც წინ დაუდეს. ბუნებრივია, შიშნაჭამმა მომავალმა რწმუნებულებმა ყველანაირ თანამდებობებზე უარი განაცხადეს და ალბათ, სამუდამოდაც დადუმდნენ.

რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ცხადაია რაიონის გამგებელთან, ალექსანდრე ქობალიასთან არსებულ ფარულ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ რწმუნებულების დანიშვნის შეჩერება მხოლოდ შესაფერისი კანდიდატების შერჩევას უკავშირდება. "არჩევენ და ვერ შეურჩევიათ ვისი კადრი დანიშნონ სოფელში ნაციონალური მოძრაობის საყრდენად. ვერ გამიგია, რატომ ცეკვავს საკრებულო გამგეობის დაკრულზე? რატომ ეთანხმება საკრებულო რაიონის გამგეობის ყველა წინადადებას და რატომ არაფერს ამბობს ის ხალხი, ვინც ისინი აირჩია? – აცხადებს კონსერვატორი რომან გაბისონია.

ზუგდიდის არქივში ცნობის მოსაპოვებლად მისული ხალხი კი იმას ამბობს, რომ მათთვის რწმუნებულების დანიშვნას უკვე მნიშვნელობა არა აქვს, დარწმუნებული არიან, რომ ისინი სოფლის პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ და მხოლოდ ინფორმატორის ფუნქციას შეასრულებენ. მათთვის მთავარი გასაჭირი ახლა მხოლოდ ის არის, რომ ფარატინა ქაღალდის მისაღებად სოფლიდან ქალაქში რამდენჯერმე ჩასვლა და სოლიდური თანხის დახარჯვა უწევთ. როგორც ირკვევა, კომლის შემადგენლობაზე ცნობის გაცემა 8 ლარი და 30 თეთრი ღირს. დაჩქარებული წესით კი 12 ლარი და 50 თეთრი. მიწის ფართის ჩვენებით ცნობის საფასური 41 ლარი და 30 თეთრია, ხოლო სწრაფად მისი გაცემა 62 ლარი ღირს. სოფელ ჯიხაშკარიდან ჩამოსული სერაპიონ ზარანდია შეშფოთებით აცხადებს, რომ ასეთივე ცნობის მისაღებად სოფლის გამგეობაში ადრე მხოლოდ 2 ლარს იხდიდა. პრობლემები შეექმნა ზუგდიდის არქივსაც, რომელიც სამი თანამშრომლით ყოველდღიურად 40- მდე განცხადებაზე პასუხის გაცემას ვერ ასწრებს. წამყვანი სპეციალისტი ოთარ მებონია განმარტავს, რომ სოფლებიდან დოკუმენტების გადმოტანა უსწრაფესად მოხდა: "დოკუმენტები ქაოტურ მდგომარეობაში შემოვიდა, არც ერთი მათგანი დანომრილი არ არის. საკომლო წიგნები, გამგეობის სხდომის ოქმები და საბუღალტრო დოკუმენტაცია სრულ უწესრიგობაშია, ძებნას დიდ დროს ვანდომებთ და შესვენების გარეშე ვმუშაობთ."

რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი შექმნილ ვითარებაში პრობლემას ვერ ხედავს და არც ის ადარდებს, თუ რა დაბრკოლებებს აწყდება სოფლის მოსახლეობა. "რამე პრობლემას ქმნის? დანიშვნები მალე იქნება, ეს ჩვენი გადასაწყვეტია."- ეს არის ის კომენტარი, რომელსაც ალექსანდრე ქობალია რწმუნებულის თემასთან დაკავშირებით აკეთებს. თუმცა უცნობია იგი "ჩვენში" ვის გულისხმობს და ვის განკარგულებებს ელოდება. ფაქტია, რომ "მალეს", რაიონის გამგებელი უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში ხშირად იმეორებს. როგორც ამბობენ, რწმუნებულების არდანიშვნის მიზეზებზე საუბარს ალექსანდრე ქობალია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტთან გეგმავს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი მას მართლაც ჰკითხავს.

როგორც ჩანს, ქობალია არც მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ დებულებას ცნობს, რომელიც თებერვლის თვეში მიიღეს და რომლის მიხედვითაც სოფლის რწმუნებულის სახელფასო ფონდი 56 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დღესაც ხელუხლებელი დევს და მისი გახარჯვა ამ დრომდე ვერავინ გაბედა. გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ათვისება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ წლის ბოლომდე ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები შევა. როგორც ამბობენ, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს თანხები ხელისუფლებამ მოახლოებულ არჩევნებში გამოიყენოს და კანონიც უხეშად დაარღვიოს.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები