კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასისხლიანებულმა პაციენტმა მთელი ღამე დაბმულმა გაატარა

27 სექტემბერი, 2007

34 წლის ვართან გასპარიანს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სავადმყოფოდან 8 ოქტომბერს უპირებენ გაწერას. მისი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მისი სახლში გაჩერება საშიშია – ცოტა ხნის წინ მან ინსულტით ავადმყოფი, მწოლიარე დედა იატაკზე დაანარცხა. ვართან გასპარიანის ძმები მუშაობენ. ავადმყოფს, სახლში მიმხედავი არავინ ეყოლება. საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ ახალი კანონი მათ არ აძლევს პაციენტის დაწესებულებაში 45 დღეზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას.

პაციენტის ძმა, ერნესტ გასპარიანი იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია და რაც გარედან, როგორც წესი, არ ჩანს. ბოლო ათი დღის მანძილზე მომხდარი პაციენტების უფლებების დარღვევის რამდენიმე ფაქტიც საკმარისია ამ სურათის წარმოსადგენად. ამჯერად ორ – ქუტირის და ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებზეა ყურადღება გასამახვილებელი.

ერნესტ გასპარიანი მოგვითხრობს, რომ მისი ძმა, ავადმყოფობის გამო,  საშიშია გარშემომყოფებისთვის. ის  შეზოფრენიითაა დაავადებული. არის ძალიან აგრესიული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის მანძილზე გართულდა. ამ დროის განმავლობაში ის უკვე ორჯერ იწვა საავადმყოფოში.

პირველ ჯერზე, დაწესებულებამ ის უპრობლემოდ მიიღო, მაგრამ მეორედ, ანუ გასული წლის დეკემბერში, ასათიანის საავადმყოფოში მისი ხელახალი მიღება ძალიან გაჭირდა: "გვითხრეს, ძალიან მძიმე პაციენტია და სიტუაციას რევსო", - იხსენებს ერნესტ გასპარიანი.
სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც მან ავადმყოფი დედა იატაკზე დაანარცხა და კინაღამ მოკლა, მას ისევ დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ამჯერად ასათიანის კლინიკამ ის პატრულის ჩარევის შემდეგ მიიღო.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვართან გასპარიანი ასათიანზე მოხვედრამდე ორ ფსიქიატრთან მკურნალობდა და მის ისტორიაში გარკვევით იყო მითითებული, რომ მედიკამენტ "ჰალუპელიდოლზე" მას უკურეაქცია ჰქონდა და ეპილეფსიური შეტევა ემართებოდა. ეს წამალი ავადმყოფში ეპილეპსიურ კრუნჩხვას იწვევს და თუ მაშინვე ვენაში "დიაზეპამი~"არ გაუკეთდა, ავადმყოფი ფაქტობრივად, უმართავი ხდება.

ამ ამბის მიუხედავად, როგორც ერიკ გასპარიანი აცხადებს, მის ძმას, ვენის ნაცვლად, მაინც კუნთში გაუკეთეს ნემსი, რამაც არ იმოქმედა და მას 24 საათიანი შეტევა დაემართა.
"ასეთ დროს თუ ხელები არ გაუკავე, სახეს სულ ისისხლიანებს, პირს იხევს. ერთი სიტყვით, ყურადღება სჭირდება".

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვართან გასპარიანი მთელი ღამე ჰყავდათ დაბმული და მიტოვებული. არ გაუყვანიათ ტუალეტში. ძმებს და დედას ის სრულიად მოუვლელი, ჩასვრილი და დასისხლიანებული დახვდათ.
"ხომ Aშეეძლოთ უბრალოდ სახე მაინც გაეწმინდათ, ეს მედდების მოვალეობაში არ შედის?", - კითხულობს ერიკ გასპარიანი. მისი ვარაუდოთ, შესაძლოა, პერსონალს ეგონა, რომ ასეთ ავადმყოფს პატრონი აღარ მიაკითხავდა. ოჯახმა თავად იზრუნა მის თეთრეულზე და ყველა საჭირო ნივთზე.

ერნესტ გასპარიანი ძმასთან ერთად გამოსავალს ეძებს. თუ მისი ავადმყოფი ძმა სახლში მარტო დარჩება, არავინ იცის, რას აუტეხს ან თავის თავს, ან ავადმყოდ დედას.

ასათიანის საავადმყოფოში პაციენტების უფლებების დარღვევის მსგავს ფაქტებს უარყოფენ. პაციენტის მკურნალი ექიმი, რომელსაც საკუთარი ვინაობის ღიად დასახელება არ სურს, ამბობს, რომ მას თავად არ უნახავს პაციენტი გასპარიანი, თუმცა, მედდებს გამოჰკითხა ამბავი და მათ კი ყველაფერი უარყვეს. ის იმასაც ამბობს, რომ პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს და მას 8 ოქტომბრისთვის მართლაც გაწერენ საავადმყოფოდან, რადგან ახალი კანონის თანახმად, მათ აღარ აქვთ უფლება 45 დღეზე მეტი ხნით დაიტოვონ პაციენტი, თუ ის თავს კარგად გრძნობს. გასპარიანების კითხვაზე კი, რა შეუძლია ასეთ შემთხვევაში გააკეთოს ოჯახმა, მკურნალი ექიმი პასუხობს, რომ შეუძლიათ პაციენტი ბედიანის საავადმყოფოში წაიყვანონ, სადაც ქრონიკულ პაციენტებს მკურნალობენ.

უკეთესი პირობებით არც პერიფერიებში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოები გამოირჩევა, მაგალითად, ბოლო დროს ნაქებ ქუტირის საავადმყოფოში მოხდა ორი ფაქტი, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დღემდე სწავლობენ.

ხათუნა ჯაჯანიძემ, რომელიც ქუტირის საავადმყოფოდან ახლახანს გამოწერილი ჟორა ჯაჯანიძის ქალიშვილია, სახალხო დამცველს თავად მიმართა. პაციენტის ისტორიაში წერია, რომ მან მკურნალობა ასათიანის კლინიკაში დაიწყო, შემდეგ ის ჭიათურაში დაბრუნდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმწვავდა, სახლში ფანჯრები დაამტვრია და ის სასწრაფოდ ქუტირში გადაიყვანეს.

ხათუნა ჯაჯანიძეს განყოფილების გამგის, თენგო ფანცულაიასა და მკურნალი ექიმის, ნინო კაკაბაძის ტელეფონის ნომრები მისცეს.  ორი კვირის შემდეგ ის მკურნალ ექიმს დაუკავშირდა, რომელმაც განუმარტა, რომ პაციენტს უძილობა აღენიშნებოდა და ამის გამო, მკურნალობაში ცვლილებების შეტანას აპირებდა.

ივლისში ხათუნას საავადმყოფოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მამამისს "კლინიკური სიკვდილი დაუდგა".

ხათუნა სასწრაფოდ ჩავიდა ქუტირში, სადაც, როგორც თავად აღწერს,  მამამისი დახვდა დერეფანში. "ადეალა წაფარებული. თმა გაზრდილი ჰქონდა, დაბინძურებული ტილებით, იწვა განავალში და შარდში. ეცვა დახეული და დაჭმუჭნული ტანსაცმელი".

პაციენტს საჯდომის არეში აღენიშნებოდა ნეკროზული ქსოვილი და ნაფლეთი ჭრილობა. მთელ სხეულზე ემჩნეოდა ნაკბენები. კიდურებზე და ტერფებზე სისხლმდენი ჭრილობები ჰქონდა. თავის არეში - დაჟეჟილობები. ყურზე ასევე ნაფლეთი ჭრილობა. ჯაჯანიძემ ეს ამბავი იქვე გააპროტესტა, მაგრამ დამხვედრებმა სთხოვეს, ფაქტი დირექტორთან არ გაეხმოვანებინა...

თბილისში ჩამოყვანილი ავადმყოფი მერვე საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა, გასინჯვის შემდეგ პაციენტის მკურნალობაზე უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ ის "მათი პაციენტი" არ იყო და საავადმყოფოს სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს.

ქუტირის ფსიქატრიული საავადმყოფოს დირექტორი გოჩა ბაკურაძე ამბობს, რომ ბოლო დროს მისი საავადმყოფოს წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, შესაძლოა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის მოსვლას და კადრების მოსალოდნელ ცვლილებას უკავშირდებოდეს. ის თვლის, რომ ჯაჯანიძეების ოჯახი იარაღადაა გამოყენებული მის წინააღმდეგ: "ქუტირი ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც არ უქმდება და განვითარებას და გაფართოებას განაგრძობს. შესაძლოა, ეს ვინმეს არ აწყობს. უცნაურია, რომ ბოლო დროს გახმაურებული ფაქტები სამეგრელოდან მოდის. ჩვენთან პრეპარატების პრობლემა არ არსებობს, ყველა სახის კონსულტანტი მყავს, ცხადია, იმდენი თანხა არ გვაქვს, რომ ყველას ბოლომდე ვიმკურნალოთ არაფსიქიატრიული მიმართულებით, მაგრამ პაციენტებს არაფერს ვაკლებთ, თუმცა,  კაცმა რომ მოინდომოს, რამე ისეთს მაინც იპოვის, რომ შარი მოსდოს დაწესებულებას.
არავის აწყობს ეტყობა, ბაკურაძე ამ თანამდებობაზე, თან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან აქტიური ურთიერთობები მაქვს, ხედავენ, საქმე კეთდება...
მე ვერ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტში უყურადღებობა მართლაც იყო, მაგრამ მოუვლელ, დაუბანელ და მკბენარიან პაციენტს აქ ვერ ნახავთ", - აცხადებს გოჩა ბაკურაძე.

სახალხო დამცველის ოფისის სპეციალისტები, როგორც აღვნიშნეთ, უკვე სწავლობენ ამ კონკრეტულ შემთხვევას. ერთ-ერთი მათგანი,  არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემები, კერძოდ, არაფსიქიატრიული მომსახურების სფეროში ყველა საავადმყოფოში დგას:

"საინტერესო ფაქტია, რომ ყველგან, როგორც კი დირექტორი ტოვებდა საავადმყოფოს, სიტუაცია მაშინვე იცვლებოდა. აქ საუბარია დაბალ სამედიცინო პერსონალზე -  მედდებსა და სანიტრებზე. მათ არაფერი იციან ადამიანის უფლებებზე და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თავად აკეთებენ.
ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ ეს ფაქტი გამოიძიოს".

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები