კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯოჯოხეთური შრომა ჟურნალისტური ობიექტურობის მისაღწევად

28 სექტემბერი, 2007

„შსს პრესცენტრი მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ საკუთარი ფუნქცია არ შეასრულოს“

„თქვენი განცხადებების თაობაზე განგიმარტავთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი განსაზღვრავს ინფორმაციის სახეებს და ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ვალდებულებას. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტისა და კანონმდებლობის სხვა მოქმედი ნორმების შესაბამისად, თქვენი წერილებით მოთხოვნილი ქმედებების განხორციელება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემას“, - აი ასეთი პასუხი მიიღო დაახლოებით ათდღიანი ლოდინის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისაგან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისაგან არასრულწლოვანთა კოლონიაში შესვლის, რეპორტაჟის მომზადების, ფოტო-გადაღებისა და ადმინისტრაციული პირებისაგან კომენტარების ჩაწერას მოითხოვდა. უარის მიზეზი კი ზემოთმოყვანილი წერილითა და კოდექსის განმარტებით „გაამყარეს“.

წერილის მიღების შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს სალომე მახარაძეს დაუკავშირდა და უარის მიზეზისა და წერილის შინაარსის განმარტება ითხოვა. სალომე მახარაძე მხოლოდ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლა: „ჩვენ განვიხილეთ თქვენი წერილი და არ ჩავთვალეთ საჭიროდ თქვენი კოლონიაში შესვლა. კოლონიის დირექტორს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ხოლო რაც შეეხება ჩვენს მიერ გამოგზავნილი პასუხის შინაარსს, უბრალოდ იურისტებმა სიტყვების თამაშით მოიგეს“, - ასეთი ორაზროვანი პასუხი გასცა სალომე მახარაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს და თუ რა იგულისხმებოდა „სიტყვებით თამაშში“ ეს კვლავ „გამოცანად“ დარჩა.

დღესდღეობით, პრესის ჟურნალისტთა დიდი ნაწილი სწორედ იმას ჩივის, რომ ნებისმიერი მარტივი კომენტარის მისაღებადაც კი, ოფიციალურ სტრუქტურებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით წერილის მომზადება, ადგილზე მიტანა, რეგისტრაციაში გატარება, ნომრის მინიჭება და შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ათდღიანი (ან უსასრულო) ლოდინი უწევს:

ეკა სეხნიაშვილი გაზეთი „ალია“: „საკმაოდ ხშირად მექმნება მსგავსი პრობელმა. იქიდან გამომდინარე, რომ „ალია“ ყოველდღიური გაზეთია და ოპერატიულობა მოეთხოვება, აუცილებელია, რომ მასალა უმოკლეს ვადებში მომზადდეს, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში, სულ უმნიშვნელო საკითხზეც კი წერილობითი მიმართვის მომზადება მიწევს. ეს კი სერიოზულ ბარიერებს მიქმნის. ყველაზე მეტი პრობლემა მაინც სახელმწიფო კანცელარიასთან გვაქვს. საკონტაქტო პირთან დაკავშირებაც კი შეუძლებალია. ასევე დიდ პრობლემას ქმნიან ძალოვანი სტრუქტურები, თუ შიგნით ვინმე ნაცნობი არ გყავს, ფაქტიურად ღირებული და დროული ინფორმაციის მიღება წარმოუდგენელია. თუმცა, არსებობს გამონაკლისი სტრუქტურებიც, რომლებიც ჟურნალისტებთან აქტიურად თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევენ, მაგალითად, კონტროლის პალატა, საჯარო რეესტრი, სტატისტიკის დეპარტამენტი. საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან პარლამენტის პრეს-სამსახურსაც.“  

ლალი როზომაშვილი, გაზეთი „რეზონანსი“: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საერთოდ ძალოვან სტრუქტურებთან აპირებ საქმის დაჭერას, აჯობებს, ამაზე უარი თავიდანვე თქვა. მათგან საჭირო ინფორმაციას ვერასდროს მიიღებ. დღევანდელ პირობებში დაბალანსებული სტატიის მომზადება ჟურნალისტებს ჯოჯოხეთურ შრომად უჯდებათ. უკვე ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა ხელიც კი ჩაიქნია ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობაზე. არადა, საბოლოოდ, როდესაც სტატია იბეჭდება და ოფიციალური სტრუქტურის კომენტარი არ ერთვის მასალას, ამის გამო, ხშირად ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ. სასაცილოა, ნეტავ როგორ უნდა დავაბალანსოთ სტატია, როდესაც მათგან ერთი სიტყვის მიღებაც კი შეუძლებელია. მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსი ჯერ კიდევ გურამ დონაძე იყო, ინფორმაცია გამოვითხოვე საკმაოდ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. ორკვირიანი ლოდინის შემდეგ, ისეთი პასუხი მივიღე, რომ მის გამოყენებას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, ის ფურცლები ახლაც სადღაც მიყრია. პასუხები დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: „კი, არა, არ ვიცი“. დღესდღეობით სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა. წინასწარვე შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ შენს წერილზე ნორმალურ პასუხს ვერ მიიღებ. ამ მხრივ გაცილებით მოწესრიგებული სიტუაციაა იუსტიციის სამინისტროში.“

რეზო გეთიაშვილი, „აღმოაჩინე საქართველო“ - ჟურნალისტური ცენტრი: „ეს ამბავი 2006 წლის ზამთარში დაიწყო, თუმცა დღემდე გრძელდება, უფრო სწორად, იმის გამო, რომ პასუხს ვერ ვეღირსე, დასრულდა კიდეც. კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ყველანაირი წესის დაცვით, წერილობით მივმართე. წერილს თან ერთვოდა მინისტრისთვის, გიორგი გაბაშვილისათვის განკუთვნილი კითხვები. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი წელიწადნახევრის შემდეგაც ვერ მივიღე. როგორც იტყვიან, ჩემმა კითხვებმა ხელიდან-ხელში იარა, იარა და საბოლოოდ ისტორიას ჩაბარდა. სახელმწიფო უწყებები პასუხს იმ წერილებზე იძლევიან, რომელიც მათ ინტერესებში შედის, მაგრამ, როგორც კი, მათ ინტერესებს დაუპირისპირდები, ეს ინფორმაცია აუცილებლად დაიბლოკება. ასევე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი იმისათვის არსებობს, რომ თავისი ფუნქცია არ შეასრულოს. მათ ტელეფონებზე დაკავშირება თითქმის დაუჯერებელი სასწაულია. და რაც მთავარია, არსებობს ოფიციალური ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს (ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომელსაც კი), პრეს-ცენტრთან შეთანხმების გარეშე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს. პრეს-სამსახურთან დაკავშირება კი ისეთ გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს, რომ აჯობებს, წამოწყებულ საქმეს, დაანებო თავი. რამდენიმე ხნის წინ ბოლნისში კიდევ ერთ საინტერესო პრობლემას გადავაწყდი. იქ გარემოს დაცვის საკითხებზე მასალას ვამზადებდი. ურთიერთობა მქონდა, როგორც გამგეობასთან ასევე რიგით კომერციულ მაღაზიებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და ა.შ. წარმოიდგინეთ, კომერციულ მაღაზიებსაც კი წერილობითი ბრძანება ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, ბოლნისის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმების გარეშე, მათ კომენტარის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.“

საბა წიწიკაშვილი, „ადამიანის უფლბათა ცენტრი“ - გორის ოფისი: „საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული სიტუაცია შიდა ქართლშია. გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში არ გვიშვებენ, განცხადებებს საერთოდ არ იტოვებენ. რისი დატოვებაც მოვახერხეთ, ის განცხადებებიც კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს ეხება არა მარტო გუბერნიასა და გამგეობას, არამედ პოლიციასა და პროკურატურასაც. ელემენტალური სტატისტიკის გამოთხოვის დროსაც კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურთან გვგზავნიან, სადაც როგორც წესი, არც ტელეფონს პასუხობენ და არც წერილებს. რამდენიმე ხნის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სისხლის კიბოთი დაავადებულ პატიმართან დაკავშირებით წერილი გავგზავნეთ, სადაც აღნიშნულ პატიმართან დაკავშირებული, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვითხოვდით, თუმცა, ამაოდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.“

„ადამიანის უფლებთა ცენტრმა“ 14 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა, სადაც ალტერნატიულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებსა და იმ ალტერნატიული სამსახურების ჩამონათვალს ითხოვდა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს სთავაზობს. ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა თავდაცვის სამინისტროდან პასუხს, სადაც ორი სიტყვით იყო განმარტებული, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აღნიშნული ინფორმაციის გამოსათხოვად ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის უნდა მიემართა. 

როგორც პრესის ჟურნალისტთა დიდი ნაწილი აცხადებს, სამწუხაროდ, დღევანდელ, დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე მდგარ საქართველოში მწვავედ დგას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი. აღნიშნულ პრობლემას კი სათავეში ძალოვანი სტრუქტურები და სახელმწიფო კანცელარია უდგას.

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები